2010 წლის ეროვნული გამოცდებისათვის ლიდერთა გაცვლით პროგრამის (FLEX) მონაწილეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ. მოსწავლეების მიღწევები ამერიკაში, მშობელთა ვნებათაღელვა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი.
გულო კოხოძე, ახალციხე
თვრამეტი წელია უკვე, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა
(FLEX) შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.
აშშ–ში ყოფნის დროს მოსწავლეებს საშუალება აქვთ გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და პირიქით, გაეცნონ მასპინძელი ქვეყნის კულტურას.
ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX) გასულ წელს ხუთი მოსწავლე წავიდა. ისინი საქართველოში 25 მაისს დაბრუნდებიან. სწორედ ეს გახდა მათი მშობლების აღელვების მიზეზი, რადგან 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებმა რეგისტრაცია 22 მარტამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი დოკუმენტაციაც ამ დროისთვის უნდა შეავსონ.
,აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციამდე ბავშვი ამერიკიდან ჩამოსვლას ვერ ასწრებდა და ერთ წელს კარგავდა, ამის გამო ვინერვიულე. მივაკითხე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სადაც ყველაფერი გამირკვიეს”, - გვითხრა აღნიშნული პროგრამით ამერიკაში წასული მოსწავლის ქეთი ხითარიშვილის დედამ ლალი ხითარიშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის, ლოჯისტიკის ჯგუფის წევრის ანი ელიაშვილის განცხადებით მშობლების შიში უსაფუძვლოა: ,,ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია აბიტურიენტებს შეუძლიათ ინტერნეტის საშუალებითაც, შევიდნენ საიტზე http.naec.ge და იქ დაწვრილებით გაეცნობიან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ განაცხადის ფორმის შევსების დროს”.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით წასული ახალციხელი თამუნა ბერიძე ახლა ვაშინგტონის შტატში, ქალქ სიეტლის უმაღლეს სკოლაში სწავლობს. ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს სად ჩააბარებს, თუმცა ინტერნეტის საშუალებით ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო ფორმას მაინც შეავსებს.
,,თამუნამ გაიმარჯვა კონკურში სამოქალაქო განთლება, რომელიც ამ პროგრამით წასული მოსწავლეებისთვის ყოველწლიურად ტარდება. დაზუსტებით ვერ გეტყვით საქართველოდან წასული ასი ბავშვიდან რამდენმა მიიღო ამ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ თამუნამ რომ გაიმარჯვამ ეს ვიცი”, - გვითხრა თამუნა ბერიძის დედამ დიანა მიქელაძემ.
ამერიკაში სწავლებისა და ცოდნის გაღრმავების შემდეგ მოსწავლეებს უკვე თავიანთი ქვეყანა და ერთიანი ეროვნული გამოცდები ელოდებათ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამაში (FLEX) მონაწილე მოსწავლეებზე ყველა ერთხმად აცხადებს, რომ მათი სახით ქვეყანას ღირსეული მომავალი ეზრდება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი