16 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალციხის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ ესაუბრა. თამუნა უჩიძე, ახალციხე
შეხვედრა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გაიმართა. მინისტრის განცხადებით, მუშავდება ახალი სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც სასწავლო დისციპლინებს დაემატება ახალი საგნები – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მსოფლიო კულტურის ისტორია; ფიზკულტურა კი სპორტის გაკვეთილებით შეიცვლება.
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ტრიმესტრების მიხედვით გადანაწილდება. პირობითად, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები საგზაო უსაფრთხოებას ისწავლიან: “შემდგომ კლასებში ვასწავლით, თუ როგორ არ უნდა გაეხვნენ შარში; რა უნდა გააკეთონ წყალდიდობის ან მიწისძვრის დროს; როგორ აღმოუჩინონ პირველადი სამედიცინო დახმარება სხვას ან საკუთარ თავს. მეთორმეტე კლასში ვაჩვენებთ, რა შეიარაღება აქვს საქართველოს ჯარს”.
რაც შეეხება კულტუროლოგიას, ის სკოლებში შევა, როგორც ინტეგრირებული საგანი: “სასაწავლო ბადეს არ გავცდებით, ანუ ახალი საგნები ამა თუ იმ საგნების შეზღუდვის ხარჯზე ჩაისმება. ამაზე ექსპერტები და სპეციალისტები მუშაობენ”.
ახალი სასაწავლო გეგმის მიხედვით, ინგლისური ენის სწავლა სკოლებში პირველივე კლასიდან დაიწყება: “მეთორმეტე კლასში კვირში ერთხელ ან ორჯერ გაკვეთილები აბიტურის პრინციპით ჩატარდება, ანუ მოსწავლეები 11 წლის განმავლობაში ნასწავლ მასალას გაიმეორებენ. სასწავლო ბადე არც ამ შემთხვევაში გაიზრდება”.
მინისტრის განცხადებით, მომვალში სკოლებს მიეცემათ საშუალება, აკრედიტაცია გაიარონ. ეს პროცესი არც თუ ისე ადვილი იქნება, თუმცა აკრედიტებულ სკოლებს მეტი პრესტიჟი და სახელი ექნებათ: “სახელმწიფო აკრედიტებული სკოლების მიერ ჩატარებულ გამოცდებს ისევე აღირებს, როგორც საგამოცდო ცენტრებში ჩაბარებულს. მაგრამ მანამდე სკოლამ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ საგამოცდო ტესტები გამოცდამდე არ იქნება გაცემული”.
2010 წლის ახალი სასწავლო სემესტრიდან სკოლებში შეიცვლება შეფასების სისტემაც.
შეხვედრაზე მინისტრმა პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, მათი უმრავლესობა მასწავლებელთა სერტიფიცირებას, ასევე 2011 წელს გამოსაშვებ და უმაღლს სასწავლებლებში ჩასაბარებელი გამოცდების პროცედურებს ეხებოდა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი