ბორჯომის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ბორჯომელ ქალ შემოქმედთა კლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ლიტერატურულ საღამოს გამართავენ. ბორჯომის ბიბლიოთეკაში საქართველოში ცნობილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრების გამართვაც იგეგმება.
კლუბის მიზანია, დაეხმაროს ისეთ შემოქმედებს, რომელთაც ნაშრომების გამოქვეყნების შესაძლებლობა არ აქვთ და შესაბამისად მათ შემოქმედებას არათუ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ბორჯომშიც არ იცნობენ. კლუბს ბორჯომელი მწერალი ხათუნა ურჩაძე უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, შეიქმნება კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამოავლენს წლის საუკეთესო ლექსს და მოთხრობას. გამარჯვებულებისთვის საჩუქრებსაც დააწესებენ.
ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის ნაირა ალხაზიშვილის განმარტებით, ბიბლიოთეკა საქართველოში არსებულ სხვადასხვა გამომცემლობებთან აქტიურად თანამშრომლობს და მათთან ერთად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსაც გეგმავს: “ვაპირებთ ჩავატაროთ წიგნის განხილვები, პრეზენტაციები, პოეზიის საღამოები... დიდი სურვილი მაქვს, მოეწყოს გამოფენებიც”.
ბორჯომის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნის სადისტრიბუციო სამსახურთან “ბესტ-სელერი” სამთვიანი ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, ბიბლიოთეკაში გამოიყოფა ადგილი, სადაც ახალი წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება “წიგნის კლუბი”.
,,ბესტ-სელერის” ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ აღნიშნული პროექტი თუ გაამართლებს, ბორჯომში გამოჩენილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს ჩამოიყვანენ და შეხვედრებს გამართავენ”, - ამბობს ნაირა ალხაზიშვილი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი