- რა სახის ვირუსული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ზაფხულში?
ზაფხულის სეზონზე ნაწლავური ინფექციების გავრცელების საფრთხე არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბევრი პროდუქტი, რომელიც არასათანადო პირობებში ინახება, სიცხეში ადვილად ფუჭდება, მისი მიღება კი ნაწლავური ინფექციების გაჩენას იწვევს.
- რამდენად საშიშია დაავადება და რა ასაკის ბავშვები შედიან რისკ ჯგუფში?
ნაწლავური ინფექციით ავადდება ნებისმიერი ასაკის ბავშვი. დაავადება განსაკუთრებით საშიშია ერთ წლამდე პატარასთვის, რადგან ნაწლავური ინფექციები პატარებში ტოქსიკოზითა და გაუწყლოებით მიმდინარეობს. დროულად თუ არ ჩაუტარდათ მკურნალობა, ამან შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ნაწლავურ ინფექციას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, ღებინება, რასაც თან სდევს ძლიერი საერთო სისუსტე.
- ხომ არ დაფიქსირებულა უკასნასკნელ პერიოდში ლეტალური შედეგით დასრულებული შემთხვევა?
საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ინფექციური დაავადებები ლეტალურად არ დასრულებულა. მძიმე შემთხვევები დროულად იგზავნება საავადმყოფოებში შემდგომი მკურნალობისა და გამოკვლევებისათვის.
- რატომ მიმდინარეობს ხშირად ინფექციური დაავადებები გართულებების თანხლებით?
ინფექციური დაავადებები ძირითადად ვრცელდება ისეთ პირებზე, რომლებსაც აქვთ სუსტი იმუნური (დამცველობითი) სისტემა. გართულებებიც ასეთ ადამიანებს ემართებათ.
- როგორ უნდა დავიცვათ პატარა ინფექციური დაავადებებისგან?
პირველ რიგში მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვი ცხოვრობდეს ჯანმრთელი ცხოვრების წესით. ასევე, მნიშვნელოვანია სწორი კვება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ბავშვის იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად თრგუნავს სტრესული სიტუაციები: გაციება, გამოფიტვა, კომპიუტერთან დიდი დროის გატარება და ასე შემდეგ.
ნათია მარტინენკო, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი