პედაგოგებს შემცირება ემუქრებათ


საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგოები, რომელთაც სრული სამუშაო განაკვეთი არ აქვთ, შესაძლოა სამსახურიდან გაათავისუფლონ.

აღნიშნული ინფორმაცია პირველმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა გაავრცელა.

“საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან უკვე მიღებული აქვთ ზეპირი ბრძანება, რომ 2010-2011 სასწავლო წლიდან მცირე დატვირთვის მქონე და პენსიონერი პედაგოგები სკოლებში აღარ უნდა იყვნენ. ეს კი ნიშნავს ათეულათასობით მასწავლებლის შემცირებას და ქუჩაში დარჩენას”, - ნათქვამია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტის მანანა ღურჭუმალიძის მიმართვაში.
პროფკავშირის განცხადების შემდეგ, განათლების სამინისტროს ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია, სადაც განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპმთპ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმება”, - ამბობს დიმიტრი შაშკინი და დასძენს, რომ სკოლებში ახალი საშტატო განრიგის დამტკიცება მასწავლებლების განთავისუფლებას არ ნიშნავს: “რამდენიმე წლის განმავლობაში საშტატო განრიგი საერთოდ არ მტკიცდებოდა, რაც რეალურად კანონის დარღვევაა. ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურაში საშტატო განრიგი დამტკიცებული უნდა იყოს. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და დირექტორებს ვთხოვეთ, წარმოადგინონ საშტატო განრიგი. თბილისშიც და რეგიონებშიც ეს პროცესი უკვე დაიწყო და პირველ აგვისტომდე უნდა დასრულდეს”.

მიუხედავად ამ განცხადებისა, პედაგოგების გათავისუფლების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, პედაგოგების შემცირება დაიწყეს ოზურგეთის რაიონში. ერთ-ერთ სკოლაში ამ ფაქტს შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. გარდა ამისა, მასწავლებლებს, რომელთაც სრული განაკვეთი არ აქვთ, გათავისუფლბის თხოვნით განცხადების დაწერა აიძულეს თბილისის 21-ე საჯარო სკოლაშიც, თუმცა პედაგოგები განცხადებას არ წერენ და ელოდებიან საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც დირექცია მათ გათავისუფლებას შეძლებს.

შესამცირებელ მასწავლებელთა სიაში მოხვედრილ პედაგოგთა რიცხვი, ამ დროისათვის 20 000 აღწევს. პედაგოგთა ნაწილმა დახმარებისთვის უკვე მიმართა თავისუფალ პროფკავშირს. მათ შორის არიან მცხეთის რაიონის მუხრანის ¹1, ქუთაისის 25-, 37-, თბილისის მე-4, 175- და 159- სკოლების მასწავლებლები. ანალოგიური პრობლემები აქვთ თბილისის მე-8, მე-9, მე-11, მე-15, 112-, 36-, 48-, 186- და 187- სკოლებში.

ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგებს გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ. შემდეგ ზედმეტი პრობლემები რომ არ შეექმნათ, ისინი პრესასთან ვინაობის გამხელას ერიდებიან, თუმცა   პირად საუბრებში ამბობენ, რომ რამდენიმე პედაგოგი, რომელთაც ორი და სამი საათი ჰქონდათ დატვირთვა, უკვე გაათავისუფლეს.  

“დირექციას ასეთი რამ ჯერ არ გაუხმაურებია. თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულები ვართ. ვფიქრობ, რომ ჩვენს სკოლაში ყველა პედაგოგს საკმარისი საათები აქვს. მე 18 საათი მაქვს და ალბათ სექტემბრიდან მუშაობას ჩვეულებრივად გავაგრძელებ”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი მელანო ბახტურიძე.

არასრული განაკვეთის მქონე პედაგოგების საათები, სავარაუდოდ სხვა მასწავლებლებს გადაუნაწილდებათ. შესაბამისად, შემცირებულთა ხარჯზე დარჩენილი პედაგოგების ანაზღაურბა მოიმატებს. პედაგოგები გმობენ იმ ფაქტს, რომ სკოლების დირექცია სამინისტროს ზეპირი მითითების საფუძველზე მოქმედებს და არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო დემატრაძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს: “პედაგოგებმა აღნიშნული ინფორმაცია არასწორედ გაიგეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საათობრივი ბადის და საშტატო Gგანრიგის მოწესრიგება. ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორებმა განათლების სამინისტროს უნდა წარუდგინონ, რასაც სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს. თუ დირექტორები დაასაბუთებენ, რომ პედაგოგი, რომელსაც თუნდაც ორი ან სამი საათი აქვს, საჭიროა სკოლისთვის, ის მუშაობას გააგრძელებს”.

დემეტრაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის სკოლების განხილვა მიმდინარეობს. რეგიონებს სკოლების გადახედვა კი ახლო მომავალშია დაგეგმილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 1115 პედაგოგია, აქედან 127 ადმინისტრაციის წევრია. საქართველოს მაშტაბით მცირე განაკვეთის მქონე პედაგოგების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, შესაბამისად ამდენი პედაგოგი სავარაუდოდ უმუშევარი დარჩება.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი