პედაგოგების ნაწილი გამოცდაზე არ გამოცხადდა

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები დასრულდა. პედაგოგების დიდმა ნაწილმა წელს გამოცდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მეცადინეობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ. გამოცდაზე უარი იმ პედაგოგებმაც თქვეს, რომლებსაც რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდათ.

საქართველოს მასშტაბით, საგამოცდო სიაში 14 ათასამდე მასწავლებელი იყო რეგისტრირებული. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლის საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთში 2726 მომუშავე პედაგოგია. ახალციხის მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა დაახლოებით 1200-ს შეადგენს და წელს გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 170 მათგანს ჰქონდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში მომუშავე 562 პედაგოგიდან გამოცდისთვის რეგისტრაცია 250-მდე პედაგოგმა გაიარა. ასპინძაში 453 პედაგოგიდან 140-მა, ბორჯომში კი 511-დან 174-მა გადაწყვიტა გამოცდაზე გასვლა. 


ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის, განცხადებით 21 ივლისს საგამოცდო სიაში 141 პედაგოგი იყო, რეგისტრაცია 97-მა მასწავლებელმა გაიარა, 44 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. 22 ივლისს საგამოცდო სიაში მყოფი 90 პედაგოგიდან   გამოცდაზე 64 მათგანი გავიდა: ბოლო გამოცდაზეც იგივე მდგომარეობა იყო, საგამოცდო სიაში 51 მასწავლებელი იყო, რეგისტრაცია 33-მა გაიარა და 19 პედაგოგი ისევ არ გამოცხადდა”.

სასერთიფიკაციო გამოცდები თოთხმეტ საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა. კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ოზურგეთში, სიღნაღში, თელავში, ხულოში, ფოთში, ზუგდიდში და მათ შორის ახალციხეშიც.

წელს გამოცდები მხოლოდ ოთხ საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგიურ უნარებში, მათემატიკაში და უცხო ენაში (ინგლისური, რუსული, ფრანგული, და გერმანული).


პირველი გამოცდა პედაგოგებს პროფესიულ უნარებში ჩაუტარდათ. სასერთიფიკაციო ტესტი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა, რომელიც 2008 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა.

ეს სტანდარტი ორი ნაწილისაგან შედგება: საგნობრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ საგანში რა ცოდნას და უნარებს უნდა ფლობდეს პედაგოგი და პროფესიული სტანდარტი, სადაც აღწერილია, რა ზოგად პედაგოგიურ უნარებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი. შესაბამისად ტესტიც ორი იყო: საგნობრივი და პროფესიული. თავის მხრივ ორნაწილიანი იყო საგნობრივი ტესტიც, ერთი საგნის ცოდნას აფასებდა, ხოლო მეორე სწავლების მეთოდიკას.   

მასწავლებლების თქმით, ყველაზე რთული გამოცდა პროფესიულ უნარებში იყო. პედაგოგების 80 პროცენტს სწორედ ამ გამოცდის ჩაბარება გაუჭირდა.


“საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, როგორც პროფესიული უნარები, ასევე საგნობრივი. ორივე ტესტი ცოდნასთან ერთად, მისი გამიყენების უნარსაც ამოწმებდა, ამდენად ჩვენგან დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვდა. იმედია გავართვი თავი”, - ამბობს ფილოლოგი თიკო ლობჟანიძე და დასძენს, რომ გამოცდისთვის განკუთვნილი დროც არასაკმარისი იყო: “საწერი და სამჯელო უამრავი რამ იყო, ამისთვის კი დრო ძალიან ცოტა მოგვცეს”.


გაცილებით მარტივი იყო უცხო ენების გამოცდა. ინგლისური ენის პედაგოგს, შორენა აფრიამაშვილს გამოცდის ჩაბარება არ გასჭირვებია: “ცოტა მაინც ნამეცადინები თუ იყავი, გამოცდის ჩაბარება არ გაგიჭირდებოდა, არ იყო რთული”.   

უცხო ენის გამოცდაზე მოსმენის, საუბრის, წაკითხულის გააზრების უნარებსა და საგნის სწავლების მეთოდიკის ფლობა ფასდებოდა. მოსმენისა და საუბრის უნარებს ეროვნული გამოცდების ცენტრი წელს პირველად შეაფასებს.

პედაგოგების დიდმა ნაწილმა გამოცდების ჩაბარებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ გამოცდისთვის მოსამზადებლად არასაკმარისი დრო ჰქონდათ.
“მოსამზადებლად დრო თითქმის არ გვქონდა, რადგან პარალელურად სასკოლო პროცესში ვიყავით ჩართულები”, - ამბობენ მასწავლებლები.
გამოცდაზე უარი იმ მასწავლებლებმაც თქვეს, ვისაც რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდა.


ის მასწავლებლები, რომლებიც 60 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ და სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა 2014 წლამდე რამდენჯერმე მიეცემათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პედაგოგებს რომლებიც ბარიერს გადალახავენ, არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ-მასწავლებლებად მუშაობა შეეძლებათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი