ალისმერეთიდან ნაქურდებამდე


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდებში არც გზაა, არც წყალი, არც სკოლა, არც მაღაზია და არც ბიბლიოთეკა. დაცარიელებული სახლები და ადგილობრივების გასაჭირი.

გზა ქვა-ღორღიანია; დაბლიდან მხოლოდ ხეები ჩანს, აქა-იქ თუ დაინახავ სახლის სახურავებს. მერე ძაღლის ყეფას გაიგონებ, ან მეზობლების გადაძახილს და მიხვდები, რომ სოფელში შედიხარ.
სოფელ ნაქურდებში 1944 წელს იმერეთიდან, კერძოდ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისმერეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს.

გრძელიძეები, მაჩიტაძეები, ამირხანიანები, უკლებები, გუმბერიძეები და ორჯონიკიძეები ახლა ცხოვრებისეულ სირთულეებს ნაქურდებიდან უმკლავდებიან.

,,ნოემბრის თვეში ჩამოვედით, სუსხიან ამინდში”, - იგონებენ მოხუცები.

ალისმერეთიდან ნაქურდებში ცხოვრება გაუჭირდათ, თუმცაადამიანი ყველაფერს ეჩვევეაოდა ადგილობრივებმაც ჯერ სახლები აიშენეს, მიწები დაამუშავეს, ბაღი გააშენეს, საქონელი, ცხვარი, თხა მოამრავლეს და ნელ-ნელა სოფელიც აშენდა.

66 წლის წინანდელი პრობლემებზე ახლა აღარ საუბრობენ, ახლა სხვა გასაჭირი აქვთ.

აგილობრივები ნომერ პირველ პრობლემად გზას ასახელებენ.

სოფელ ხევაშნიდან ნაქურდებამდე ორი კილომეტრია, სწორედ ამ მონაკვეთის მოხრეშვას ითხოვენ აქ მცხოვრებლები.

,,35 წლის წინ მოხრეშეს, მას შემდეგ გადაუარა ტალახმა და ახლა მანქანებს ამოსვლა უჭირს, ზამთარში ხომ საერთოდ, მხოლოდ სამხიდიანი მანქანით თუ ამოხვალ”, - ამბობს ადგილობრივი როსტომ ამირხანიანი.  

სოფელ ნაქურდების მკვიდრი ნანა ნახაპეტიანი ექთანია, ადიგენის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში  მუშაობს და ყოველ მესამე დღეს 14 კილომეტრის გავლა ფეხით უწევს.

,,ფეხით სამი სოფელი უნდა გავიარო, ნაქურდები, ხევაშენი და ბენარა, იქიდან კი ავტობუსს მივყვები. სხვა გამოსავალი არ მაქვს. გზის პრობლემის მოგვარების შემდეგ ტრანსპორტიც უნდა დანიშნონ”, - ამბობს იგი.

თავდაპირველად სოფელში 27 კომლი იყო, ახლა 22 დარჩა. ოჯახების უმეტესობა შენარჩუნდა, თუმცა სოფლიდან ახალგაზრდები მიდიან.

,,მარტო თოხით ვერ იცხოვრებ, სხვა გზა უნდა გამონახო”, - ამბობენ ადგილობრივები.

,,სხვა გზაკი ქალაქია, ამიტომაც იცლება სოფელი.

,,მალე ნაქურდები კი არა, მოხუცების სოფელი დაერქმევა აქაურობას”, - მითხრეს სოფლის ,,ბირჟაზემყოფმა ადგილობრივებმა.

როგორც აქაურები ამბობენ, სოფელი ღარიბია. თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად გამოსაკვებ პროდუქტს ძლივს ყიდულობენ.

ადგილობრივები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ. ოთხშაბათი დღე განსაკუთრებით უყვართ, ელოდებიან როდის მივა სოფელში ყველით მოვაჭრე ტასო.

,,ვყიდით ყველს, ვყიდულობთ ფქვილს”, - მითხრეს აქაურებმა. 

პროდუქტს ახალციხეში ყიდულობენ. ფეხით ჩადიან სოფელ ვარხნამდე, იქიდან კი სურსათ-სანოვაგით დატვირთულები გამვლელი მანქანის იმედად არიან დარჩენილები.

ნაქურდებში ერთ დროს სკოლა იყო, შემდეგ გააუქმეს. ბავშვებს მეზობელ სოფელში, ხევაშენში სიარული და  ყოველდღიურად ოთხი კილომეტრის გავლა უწევთ.

,,ტრანსპორტი, რომ გამოგვიყონ, კარგი იქნება”, - ამბობენ აქაურები და ამატებენ - ,,ჯერ გზა თუ არ გაკეთდა, რა ტრანსპორტზეა ლაპარაკი”.

ბავშვები ზამთარში სკოლაში თითქმის ვერ დადიან.
სოფელში სარწყავი წყალი არ აქვთ, სასმელი წყალიც დიდი წვალების შემდეგ ჩამოიყვანეს.

,,სასმელი წყალი კი გვაქვს, მაგრამ ,,ტრუბებიარ არის საკმარისი. ოთხი კილომეტრის ტრასაა გასაჭრელი. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მეზობელი სოფლიდანაა, იმედია, დაგვეხმარება და ექსკავატორს დაგვიქირავებს”,  - გვითხრა როსტომ ამირხანიანმა.

როგორც სოფელში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი აქვთ, ტყიდან ხის გამოტანა მაინც არ შეუძლიათ.

აქ ერთ დროს მაღაზიაც იყო. ახლა მოგონებად დარჩა. კლუბიც იყო, ახლა აღარც ის მოქმედებს.

სოფელში მეჩეთი დგას.

,,ისტორიული შენობაა და რემონტს საჭიროებს”, - მითხრეს აქ.

სიმწვანეში ჩაკარგული სოფელი თავისი ყოველდღიურობით ცხოვრობს, ახლა კაცები სათიბებს არიან შესეულები, დისახლისებს კი საბნების დაშლისა და მატყლის გაპენტვა - გარეცხვის პერიოდი უდგათ.

სოფელში ცელის გამოკვერვისა და მატყლის დაბერტყვისას ჯოხის დაკვრით გამოწვეული ხმა ისმის. სიცხით შეწუხებული ძაღლები ჩრდილს აფარებენ თავს და ხანდახან თუ ამოიყეფებენ.

გულო კოხოძე, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი