პარლამენტი მთავრობის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ხდება. |
პროექტის თანახმად, პარლამენტი მთავრობის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ხდება. იზრდება მისი როლი საკანონმდებლო პროცესშიც. პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად აქამდე თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობის 3/5 იყო საჭირო, ცვლილების დამტკიცების შემდეგ უბრალოდ უმრავლესობაც კი საკმარისი იქნება. მინისტრებს, მათ
შორის ძალოვან ბლოკს, წარადგენს პრემიერი და ამტკიცებს პარლამენტი. მთავრობა პასუხისმგებელია არა პრეზიდენტის, არამედ მხოლოდ პარლამენტის წინაშე. პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. პროექტით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხი. იცვლება რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნის წესიც. ცვლილებათა პროექტით, ამის უფლება უკვე არა პრეზიდენტს, არამედ მთავრობას ექნება.
სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ლაშა ჭკადუას თქმით, გუბერნატორებს მთავრობა თუ დანიშნავს უკეთესი იქნება. თუმცა, ფიქრობს, რომ
ეს რწმუნებულების საქმიანობაში არსებითად არაფერს შეცვლის: “მხოლოდ თანამდებობაზე დანიშვნის იურიდიული ფორმა შეიცვლება, სხვა არაფერი”.
სხვაგვარად ფიქრობს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუგზარ თამარაშვილი: “მთავრობა სხვადასხვა სამინისტროებისგან შედგება, ამდენად ის სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებითაა დაკომპლექტებული. კოლექტიური აზრი, სხვადასხვა სპეციფიური რეგიონისთვის, შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანებს შეარჩევს, ვიდრე ერთი პირი – პრეზიდენტი”.
თამარაშვილი პროექტს დეტალურად არ იცნობს, თუმცა ერთი შეხედვით, ფიქრობს, რომ
ეს ქვეყნის დამოუკიდებოლობის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია. საკრებულოს წევრი ცვილილებათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად, პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის საკითხს მიიჩნევს: “პარლამენტში მით უმეტეს პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად 3/5-ის შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ნახევარზე მეტი კი რეალობასთან ახლოსაა”.
ბევრ სიკეთესთან ერთად თამარაშვილი პროექტში ხარვეზებსაც ხედავს. ეს, პირველ რიგში, პარლამენტის მიერ მთავრობის მისამართით გამოცხადებულ უნდობლობას ეხება. მისი აზრით, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ პარლამენტი ნახევრად ენდობა მთავრობას. ამდენად ასეთი მთვრობის საკანონმდებლო ინიციატივა ვერ მოიპოვებს კანონმდებელთა საჭირო ხმების რაოდენობას: “მთავრობა მოითხოვს მის დათხოვნას. ეს კი უმართავ პროცესებამდე მიგვიყვანს. შესაძლოა კრიზისამდეც მივიდეს ქვეყანა”.
იურისტი ზურაბ ივანიძე აქცენტს პრემიერ მინისტრის უფლებამოსილების გაზრდაზე აკეთებს. მისი აზრით, ის, თუ რა ძალაუფლება ექნება პრეზიდენტს და რა პრემიერ-მინისტრს, დამოკიდებულია არა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორი პიროვნება იქნება ქვეყნის სათავეში: “დღეს ჩვენ პრემიერ- მინისტრს კანონით რა ძალაუფლებაც არ უნდა მიანიჭო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს, რომ ყველაფერს მაინც თავად გადაწყვეტს”.
ისტორიკოსი ვასილ მოსიაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრზე ძალაუფლების გადანაწილება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის: “ვფიქრობ, ქვეყნის მართვის არც აქამდე არსებული მოდელი იყო მიუღებელი. თუმცა, რაც უფრო ნაკლებად იქნება ძალაუფლება თავმოყრილი ერთი ადამიანის ხელში, მით უკეთესია”.
მოსიაშვილის მოსაზრებას არ იზიარებს ახალციხელი 45 წლის ნელი იაძე: “პრეზიდენტმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და მას მეტი ძალაულფება უნდა ჰქონდეს, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს”.
ასევე ახალციხეში მცხოვრები, რევაზ გიქოშვილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ირჩევდეს: “ხალხის ხმა პრეზიდენტამდე ასე უფრო მიაღწევს”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება ქვეყნის მთავარ კანონში ნაჩქარევად შეაქვთ: “შეიძლება პროექტზე კომისია, ექსპერტები და არასამთვრობო სექტორი მუშაობდა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი საქმის კურსში ჯერ კიდევ არაა”.
საზოგადოების მზაობაზე საუბრობს ყოფილი დეპუტატი გოჩა ნათენაძეც: “ჩვენი პრობლემა ისაა, რომ გვგონია კონსტიტუციაშია საშველი. როცა ამისთვის არც საზოგადოებაა მზად და არც სახელმწიფო, კონსტიტუცია ვერაფერს გვიშველის. ჩვენ ახლა ვართ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, არ შეიძლება მანამდე კონსტიტუცია ცვალო. ამდენად, ახლა ნაადრევად მეჩვენება ამაზე ლაპარაკი”.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უკვე გადასცა. საკანონმდებლო ორგანოში მისი წარდგენის თარიღზე გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი