დიპლომების დაცვას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები და პროფესორი, ხატმწერი მერაბ ბუჩუკური ესწრებოდნენ.
ახალციხეში სემინარია ორი
წლის წინ
გაიხსნა. მას
ორი
ფაკულტეტი აქვს: საღვთო სწავლების - საფარაში და ხელოვნების – ახალციხეში. სადიპლომი ნაშრომები ხელოვნების ფაკულტეტზე არსებული სპეციალობის - ხის, ქვის, ლითონის და სხვა მასალების დამუშავება – სტუდენტებმა წარმოადგინეს.
ექვსი ნამუშევრიდან ერთი ქვაში ნაკვეთი, ჩუქურთმებიანი ჯვარია. იგი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის რეზიდენციასთან მშენებარე გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში, აღმოსავლეთის ფასადზეა ჩაშენებული.
დიპლომების დაცვაზე ნანა გოგოლაურმა და ზურაბ ათოშვილმა სამების კომპოზიცია წარმოადგინეს; ირინა სუდაძემ - ჯვარცმა; ხატია გვირჯიშვილმა სადიპლომოდ ყველაზე რთული თემა – ნათლისღება დაამუშავა, მაია ხუციშვილმა კი ვედრების სცენა.
“არცერთი ნამუშევარი არაა ასლი, სტუდენტებმა სხვადასხვა დროის ჯვარცმის, ნათლისღებისა და სამების კომპოზიციები შეისწავლეს და შემდეგ შექმნეს საკუთარი”, - ამბობს გამოყენებითი ფაკულტეტის ხელმძღვანელი რამაზ კორშია.
მისი თქმით, ისტორიულად მესხეთი საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის აკვანი იყო:
“რეგიონმა ძველი იმიჯი უნდა აღიდგინოს, ის ვინც თბილისში წავა განათლების მისაღებად, დაამთვრებს სწავლას და აქ აღარ დაბრუნდება. ამიტომ ადგილობრივი კადრების აღზრდაზე უნდა ვიზრუნოთ”.
კორშიას განცხადებით, ეს არამხოლოდ დიპლომების დაცვა, არამედ საზოგადოებისათვის ერთგვარი ანგარიშის ჩაბარებაც იყო: “ჩვენი სპეციალობა საჭირო არ მარტო სასულიერო მიმართულებითაა. ქვეყანაში ტურიზმი აქტიურად ვითარდება. უცხოელი კი ყოველთვის ადგილზე შქმნილი ხლენაკეთი ნივთებით ინტერესდება”.
მიმდინარე წელს სემინარია პირველ კურსზე ათ სტუდენტს მიიღებს. მათი შერჩევისას ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტირ ხატვის ნიჭი იქნება.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი