ვინაიდან ტერიანი წარმოშობით სოფელ განძიდან იყო, ამიტომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შემოქმედის იუბილეს ყოველწლიურად აღნიშნავენ, ძირითადად, ივლისის უკანასკნელ კვირა დღეს.
საზეიმო ღონისძიებები ქალაქ ნინოწმინდაში დაიწყო. სტუმრებმა – სომხეთისა და საქართველოს ოფიციალურმა და არაოფიციალურმა
პირებმა, ასევე, რუსეთიდან ჩამოსულმა ჯავახეთის მცხოვრებლებმა, ყვავილებით შეამკეს კულტურის სახლის ეზოში მდგარი პოეტის ძეგლი. შემდეგ განძაში, ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრნენ.
განძის სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედის შესახებ ისაუბრეს და მისი ლექსები წაიკითხეს. პოეტზე სტუმრებმაც თქვეს რამდენიმე სიტყვა.
“პოეტის სიცოცხლე ხანმოკლე იყო, თუმცა, დროის მცირე მონაკვეთიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ იგი ცნობილი გამხდარიყო და ყოველი ჩვენგანის გულში ადგილი საუკუნოდ დაემკვიდრებინა”, - აღნიშნა საქართველოში სომხეთის ელჩმა გრაჩ სილვანიანმა.
“თუ ვაან ტერიანი ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ – იგი სომხური პოეზიის სიამაყეა. ჩვენ კიდევ უფრო ამაყები ვართ, რადგან იგი აქ დაიბადა”, - ამბობს სოფელ განძას მკვიდრი ზოგრაბ იგიტიანი.
ტერიანის საიუბილეო ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეები ერევნიდანაც ჩამოვიდნენ.
“1973 წლიდან ტერიანის ერთი დღესასწაულიც არ გამომიტოვებია. ერევანში დავიბადე და გავიზარდე, ტერიანი ძალიან მიყვარს და მის პოეზიას ვაღმერთებ”, - ამბობს ერევნელი ქალბატონი ნინა არუთიუნიანი.
ნინოწმინდაში ტერიანის დღესასწაული 1967 წლიდან აღინიშნება. ათი წლით ადრე კი განძაში ვაან ტერიანის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
დიდი სომეხი პოეტის 125 წლის საიუბილეო ღონისძიებები აღინიშნება არა მხოლოდ განძასა და ნინოწმინდაში, არამედ ყველგან, სადაც სომხური კულტურული ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობს.
არარატ თთთიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი