არასაეკლესიო დავა ეკლესიის შესახებ

აღდგენითი სამუშაოების დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, არის თუ არა თბილისში მდებარე მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესია სომხური ტაძარი. არც ქართულ და არც სომხურ საეკლესიო წრეებს, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გასული წლის 19 ნოემბერს თბილისში მდებარე მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესია დაინგრა. ჩამოიშალა ეკლესიის გუმბათი, საკურთხეველი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კამარები, შენარჩუნდა მხოლოდ კამარის დასავლეთ ნაწილი და სამრეკლო. ამ ფაქტმა სომხეთში მღელვარე რეაქცია გამოიწვია. ორივე ქვეყნის კულტურის სამინისტროებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად დადგინდა, რომ ეკლესია უნდა აღდგეს და მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესიის აღდგენის საქმეში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად და შემდგომში თბილისის მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესიის აღსადგენად დაახლოებით 50 ათასი ლარი გამოიყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის გამოცხადებულ ტენდერში კომპანიაარქიტექსმაგაიმარჯვა. დაახლოებით 24 მეტრის სიღრმეზე საბურღი სამუშაოები ჩატარდა. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ეკლესიის ქვეშ ხუთი მეტრის სიღრმეში გრუნტი საკმაოდ დაზიანებულია, რაც, სავარაუდოდ, ეკლესიის დანგრევის მიზეზად იქცა კიდეც. ერთი თვეა გრუნტის საკვლევი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც თანდათანობით არქეოლოგიურ გათხრებში გადაიზარდა


აღსანიშნავია, რომ 2010 წლის იანვარში ამ ტაძრის აღდგენის საკითხი სომხურ-ქართული სამთავრობათშორისო კომისიის სხდომაზე განიხილებოდა. აღნიშნული სხდომის შედეგად მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების ერთობლივად ჩატარების შესახებ ხელშეკრულებასაც კი მოეწერა ხელი.


11 ივლისს ქართული სატელევიზიო არხისმაესტროსახალ ამბებში გასული რეპორტაჟის თანახმად, ეკლესიის ნანგრევებში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროის გაირკვა, რომ ეს ტაძარი XIII-XIV საუკუნეებში დაარსებული ქართული ეკლესიაა. “მაესტრომაჩვენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელი გურამ მირცხულავა, რომელმაც განაცხადა: “ამ გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ქართული ეკლესიაა, უფრო სწორად კიბაზილიკა”.
არქეოლოგიურ-გეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს საყრდენი კოლონები, რის საფუძველზე ქართველმა სწავლულებმა ივარაუდეს, რომ ეს ნაგებობა ბაზილიკაა.


არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლის განცხადებას სომხეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სომხური ეკლესიების საკითხი კვლავ გამწვავდა.
ინტერნეტ-გამოცემამ PanArmenian.net საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელ გურამ მირცხულავასგან ინტერვიუს აღება მოახერხა.  
მუგნეცოცის ეკლესიის აგების თარიღი უცნობია და არქეოლოგიური სამუშაობიც სწორედ მისი ასაკის დასადგენად დავიწყეთ. ისტორიკოსთა, მათ შორის, მარი ბროსეს, ზაქარია კანაკერცის, ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომებში აღნიშნულია, რომ ამ ეკლესიის ადგილზე თავის დროს სხვა ეკლესია იდგა”, - განაცხადა ინტერვიუში გურამ მირცხულავამ. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ადრეა საუბარი იმაზე, არის თუ არა ახლადაღმოჩენილი უფრო ადრინდელი ნაგებობა ქართული ეკლესია, თუმცა, შემდეგ დაამატა: თუმცა დაახლოებით XIII საუკუნეში აგებული ეკლესია შეუძლებელია ქართული არ ყოფილიყო”. (www.PanArmenian.net)


ეკლესია, რომელსაც თავდაპირველად სურბ ასტვაცაცინის (წმინდა ღვთისმშობელი) სახელი ერქვა, 1356 წელს დაარსდა. ერევანში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე სომხური არქიტექტურის კვლევის სააგენტოს ხელმძღვანელმა სამველ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ არსებობის მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკლესია არაერთხელ გახდა რეკონტრუქციის ობიექტი.


მუგნის ქვეშ აღმოჩენილია სწორედ იმ ეკლესიის ფუნდამენტი, რომელიც პატარა ნაგებობა იყო და შუასაუკუნეებში საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. XV-XVII საუკუნეებში აქ მრავალი სომხური ხელნაწერი შეიქმნა. ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესიის ადგილზე სრულიად ახალი ქართული ეკლესია აშენდება”, - განახცადა მან.


1751 წელს ეკლესია სამი სახელოვანი თბილისელი სომხური გვარისმუნტოიანების, ბასტამიანებისა და ბაშინჯაგოვების სახსრებით განახლდა. გადმოცემის თანახმად, განახლებულ ტაძარში სომხურ სოფელ მუგნიდან (აშტარაკ) ჩამოსვენებული წმინდა გიორგის ნაწილები დაასვენეს. ეკლესიას სურბ გევორქის სახელი დაერქვა. ტაძარმა მორწმუნეთა შორის თანდათანობით დიდი პოპულარობა მოიპოვა და თბილისის სომხური თემის ერთგვარ ცენტრადაც იქცა. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში ხალხური ხელოვნების მუზეუმი იყო განთავსებული. 1980 წელს მუზეუმის დახურვის შემდეგ ყველა ექსპონატი სხვა შენობაში გადაიტანეს.


ეკლესიაში საკვლევი სამუშაოები გრძელდება. ჯერჯერობით, გაურკვეველია, გადაინაცვლებს თუ არა დავა საპატრიარქოების და სახელმწიფოების დონეზე. დრო გვიჩვენებს, რისთვის დაიხარჯა 50 ათასი ლარი, დაიცავენ თუ არა სამთავრობათშორის ხელშეკრულებას და რაც მთავარია, აღდგება თუ არა მუგნეცოც სურბ გევორქის სახელობის ეკლესია.


აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი