ახალციხელ ეთნიკურ სომხებს ხშირად ქართველებისგან ვერც გაარჩევ. მათი დიდი ნაწილი განსაკუთრებულ განსხვავებას არც აღიარებს.
“აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ქართველებთან არანაირი პრობლემები არ გვაქვს. მათთან საერთო ენას ყოველთვის ვპოულობთ. ქართველებთან მეგობრობა არ ნიშნავს, რომ ასიმილირებულნი ვართ. ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ გავქართველდით”, - ამბობს გოარ ვირაბიანი.
ფილოსოფოსი ზაზა შატელიშვილი მიიჩნევს, რომ სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია საზოგადოებრივ დონეზე არ ხდება.
ფილოსოფოსი ზაზა შატელიშვილი მიიჩნევს, რომ სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია საზოგადოებრივ დონეზე არ ხდება.
“არანაირი ინტეგრაცია არ მიმდინარეობს. აბსოლუტურად არანაირი. სომხური მოსახლეობა თავისთვის ცხოვრობს. ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის, რასაკვირველია, გარკვეული ურთიერთობა არსებობს, თუმცა, თუ თქვენ სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ დონეზე ინტეგრირებაზე საუბრობთ, არანაირი ინტეგრაცია არ არის. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამით გრანტებს იღებენ. მაგალითად, არის არნოლდ სტეპანიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სომხური მოსახლეობა ინტეგრირებულია. ინტეგრაცია საჭიროა საზოგადოებრივ-სახელმწიფო დონეზე, რადგან პოტენციალი არსებობს”, - ამბობს იგი.
ახალციხეში მცხოვრებ სომეხი ეროვნების ანუშ გაბრიელიანს ინტეგრაციაზე სხვა მოსაზრება აქვს: “რასაკვირველია, ჩვენ ინტეგრირებულნი ვართ. ჩვენი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ენა შევინარჩუნეთ, აი, სამსახურთან დაკავშირებით კი პრობლემები გვაქვს. ბევრი ისეთი ადამიანი ვიცი, ვინც უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ შავ სამუშაოზე მუშაობს. ჩემი აზრით, ეს ცუდია. თუ ქვეყანაში ცხოვრობ და ამ ქვეყნის მოქალაქედ მიიჩნევი, სრულფასოვანი უფლებები უნდა გქონდეს”.
ბევრი ახალციხელი ახალგაზრდა სასწავლებლად სომხეთში მიდის, მაგრამ შემდეგ მშობლიურ ქალაქში სამსახურის მოძებნას ვერ ახერხებს. ამიტომ ახალციხელმა გოარ ვირაბიანმა განათლების ადგილზე მიღება ამჯობინა: “საქართველოში კარგ ადგილზე მუშაობისთვის ქართული ენის კარგად ცოდნაა საჭირო. თუ ქართული არ იცი, ქართულ სახელმწიფოში როგორ იმუშავებ?! ეს შეუძლებელია. მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ბევრი სასწავლებლად სომხეთში მიდის და უკან დაბრუნების შემდეგ, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, მასწავლებლად მუშაობაა. აქ კი უმაღლესი განათლების მიღების მეტი საშუალება არსებობს. მაგალითად, მე, აქ ვისწავლი და აქვე ვიმუშავებ”.
მადონა ვირაბიანი ახალციხეში თავს კარგად გრძნობს და უახლოეს მომავალში წასვლას არსად აპირებს: “რაც შეეხება მუშაობას, ზოგს აქვს სამსახური, ზოგს კი არა. მომუშავე ეთნიკური სომხები, ძირითადად, ქართულ ენას ბრწყინვალედ ფლობენ და სხვაობა არ იგრძნობა. ზოგმა სამსახურის დასაწყებად გვარიც კი შეიცვალა. თუმცა ბევრი ისეთი ადამიანიც მუშაობს, ვისაც გვარის შეცვლა არც უფიქრია და საკმაოდ კარგ თანამდებობებზეც. ჩემთვის აქ უკეთესია. ერევანში ჩვენ არ გვიღებენ, იქ გაქართველებულ სომხებს გვიწოდებენ”.
თუმცა ახალციხეში მცხოვრები სომხების რიცხვი თანდათანობით მცირდება. 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები სომხების რაოდენობა 23 469 ადამიანი იყო, 1997 წლის იგივე მონაცემის თანახმად კი _ 23 644. 2002 წლის აღწერამ კი აჩვენა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში
16 879 სომეხი ეროვნების ადამიანია დარჩენილი. 2002 წლის შემდეგ ახალციხიდან ეთნიკური სომხების გადინება გაიზარდა.
“ძალიან ბევრი გაემგზავრა, რუსეთში ან სომხეთში. ადრე ჩვენს ქუჩაზე მხოლოდ ორი ქართული ოჯახი ცხოვრობდა, მათ სომხური ენა მშვენივრად იცოდნენ. ახლა ხუთი ქართული ოჯახი ცხოვრობს”, - გვიამბობს ახალციხის მცხოვრები ამალია სარქისიანი და დასძენს, რომ იმ ქართველების გვერდით ცხოვრება, ვინც ყოველთვის ახალციხეში იყო, გაცილებით უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან მათ სომხური ენა იცოდნენ, - “გაცილებით რთულია სოფლებიდან ჩამოსულებთან ერთად ცხოვრება. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან ქართველები არიან, მეტის უფლება აქვთ. ჩემს ქართველ მეგობარ გოგონებს ყოველთვის სომხურად ველაპარაკებოდი და როდესაც ვთხოვდი, ქართული ესწავლებინათ, მეუბნებოდნენ, რომ არაფერში მჭირდებოდა. თუმცა საბოლოოდ ქართულის სწავლა მაინც მომიხდა, რადგან სიძვირის გამო სომხეთში სწავლა ვერ შევძელი. ქართული ენა ერთ წელიწადში ვისწავლე და უმაღლეს სასწავლებელში აქ ჩავაბარე”.
ქრისტინა მარაბიანი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი