2002 წლის მონაცემებით ადიგენის მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო სავარგულების რაოდენობა 33 ათასი ჰექტარია. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს მონაცემები დღემდე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მიწათმოქმედებით ირჩენს.
ხევაშენი, უნწა, ქიქინეთი, ბენარა, სოფელი აბასთუმანი – ეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, სადაც მოსახლეობა სარწყავ წყალს ვერ იყენებს.
“მიწის ნაკვეთები ყველას გვაქვს. რასაც ვთესავთ, თითქმის ყველაფერს მორწყვა სჭირდება. წელს გვალვებია, სარწყავი წყალი კი არაა. ყველაფერი ჩახმება და მოსავლის გარეშე დავრჩებით”, - წუხს სოფელ ქიქინეთის მკვიდრი ბადრი ხოზრევანიძე.
“მიწის ნაკვეთები ყველას გვაქვს. რასაც ვთესავთ, თითქმის ყველაფერს მორწყვა სჭირდება. წელს გვალვებია, სარწყავი წყალი კი არაა. ყველაფერი ჩახმება და მოსავლის გარეშე დავრჩებით”, - წუხს სოფელ ქიქინეთის მკვიდრი ბადრი ხოზრევანიძე.
გასული საუკუნის სამოციან წლებში გაკეთებული სარწყავი წყლის მილები დიდი ხანია მოძველდა და გამოცვლას საჭიროებს. აბასთუმნის რწმუნებულის ანტონ მერაბიშვილის თქმით, სარწყავი წყლის არხი ოთხი წლის წინ გაიწმინდა.
“ეს არის კომუნისტების დროს გაკეთებული არხი, ეგრეთ წოდებული “აზბესტის” მილებით, რომელიც დაბეტონებულია. ზამთარში მილებიდან წყალი რომ არ დაცალეს, გაიყინა და დასკდა”, - გვიხსნის ანტონ მერაბიშვილი და დასძენს, რომ არხი უკვე წესრიგშია და რამდენიმე დღეში წყალსაც გამოუშვებენ: “ხევაშენიდან სოფელ უნწამდე უკვე გაიწმინდა”.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სარწყავი მილი რამდენიმე წლის წინ მართლაც შეკეთდა. თუმცა, მაშინ ნორმალურად არ გააკეთეს და ამიტომ მალე ისევ გაფუჭდა. მათი თქმით, მილი დაზიანებულია და არხში წყალი საერთოდ არ მოდის.
“მესამე წელია რაც სარწყავი წყლის არხი შეკეთდა. მაშინ სოფელ აბასთუმნიდან უნწამდე არხი გაიჭრა და ამ არხით მიწის ნაკვეთები უნდა მოგვერწყა”, - ამბობს სოფელ ხევაშენში მცხოვრები იამზე ენდელაძე. მისივე თქმით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ არხი მაშინვე დიდ სიღრმეზე გაიჭრა და მოსახლეობას მიწის ნაკვეთებამდე წყლის მიყვანა გაუჭირდა: “სამი დღე “კანაო” ვჭერით, რომ წყალი ყანამდე მისულიყო, მერე ის არხიც დაშრა და დაგვრჩა მოსარწყავი”.
სოფელ ბენარაში კი ამბობენ, რომ მხოლოდ იმ მიწებს რწყავენ, რომელიც მდინარის ნაპირზე აქვთ.
“ყველას გვაქვს 1 ჰექტარი და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი, ყველაფერს, რასაც ვთესავთ მორწყვა სჭირდება, ამიტომ, მდინარიდან არხები გვაქვს გაკეთებული. წელს მოსავალი არ იქნება, ისეთი სიცხეებია”, - ამბობს სოფელ ბენარის მკვიდრი ვანიკა თოფუზიანი და დასძენს, რომ იმ მიწებზე, რომლებიც მდინარესთან ახლოს არაა, მხოლოდ სიმინდსა და ლობიოს თესავენ, რადგან მორწყვა არ სჭირდება.
იმის გამო, რომ
სარწყავ არხში წყალი არ არის, ადგილობრივები მიწების მოსარწყავად სასმელ წყალსაც იყენებენ.
“სასმელი წყლის გამოყენება სარწყავად რომ არ შეიძლება ეს ამ ხალხმა ვერ გაიგო. არც მოდის დიდი “ნაპორით”, ყველა თავის ყანაში უშვებს და მერე მთელი სოფელი უწყლოდ რჩება”, - ამბობს ხევაშენში მცხოვრები ნათელა გორგოძე.
მოსახლეობა ბუნების იმედადაა დარჩენილი. თუ წვიმიანი ამინდები იქნება, შემოდგომით უკეთეს მოსავალს აიღებენ. ადგილობრივები გასულ წელს იხსენებენ და ამბობენ, რომ შარშან წვიმიანი ამინდების გამო მიწის ნაკვეთები საერთოდ არ მოურწყავთ.
“შარშან იმდენად არ გვჭირდებოდა სარწყავი წყალი, გვალვები არ იყო და სულ წვიმდა. არხში ხანდახან იყო კიდეც წყალი, მაგრამ არ გამოგვიყენებია”, - ამბობს ნათელა გორგოძე.
თამარ თოთაძე, ადიგენი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი