საგადასახადო კოდექსი იცვლება


29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო. განხილვების დროს იყო გარკვეული სირთულეები და ექსპერტთა არაერთმნიშვნელოვანი შეფასებები.

საგადასახადო კოდექსის მეორე მოსმენა დაახლოებით ათი დღის შემდეგ გაიმართება. კოდექსი ძალაში 2011 წლიდან შევა, თუ, რასაკვირველია, საქართველოს პარლამენტი მას სამივე მოსმენით მიიღებს. 
ბევრი ექსპერტის შეფასებით საგადასახადო კოდექსმარევოლუციურიცვლილებები განიცადა და წინა ვარიანტზე გაცილებით უკეთესი გახდა. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს იგივე კოდექსია, გარკვეულ ადგილებში კი დღეს მოქმედ კოდექსთან შედარებით გაუარესდა კიდეც.

I&N Audit-ის წარმომადგენლის ირაკლი შავიშვილის თქმით, რომელმაც კოდექსის ექსპერტული ანალიზი ჩაატარა, ახალ კოდექსში 98 პროცენტით იცვლება მხოლოდ მუხლების ნუმერაცია და არა მათი კონცეფცია. მისი შეფასებით, ახალი პროექტის მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელთან შედარებით პირველხარისხოვან როლს ინარჩუნებს და ხდებამოსამართლეც, კანომდებელიც, რადგან გამოსცემს ნორმატიულ აქტებს და აგროვებს გადასახადებს, და შემსრულებელიც” (Civil Georgia)

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ახალი კოდექსი, ძველთან შედარებით, რეალობასთან გაცილებით მიახლოებული იქნება, რისი დამსახურებითაც მეწარმეებს საქმიანობა გაუიოლდებათ. ასევე, ახალმა კოდექსმა ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებასაც შეიძლება შეუწყოს ხელი.  

ამ საგადასახადო კოდექსში ყველაფერი გათვალისწინებულია, ბიზნესის დაწყებიდანვე. აქ ყველაფერი დეტალურად წერია, როგორ უნდა დავიწყოთ და მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება მის ლიკვიდაციამდე. კარგია, რომ ეს იცვლება, ადრე იყო ერთმათთან წინააღმდეგობაში მყოფი საკითხები, ასევე, ზოგიერთი საკითხი საკმაოდ გაუგებრად გახლდათ მოცემული”, - ამბობს ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი.

თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ეს ცვლილებები მეწარმეებამდე მივიდეს, რათა არ მოხდეს ისე, რომ კანონი, თავისთავად, კარგი იყოს, მაგრამ პრაქტიკაში არ ხორციელდებოდეს.

ახალი საგადასახადო კოდექსი საგადასახადო დაბეგვრის ბაზრის გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა ერთკვირიანი განხილვებისა და შესწორებების შეტანის შემდეგ, მთავრობამ უარი თქვა კოდექსში შესატან სიახლეზე სასწავლო დაწესებულებების გადასახადებით დაბეგვრის შესახებ, ასევე, გადასახადებით არ დაიბეგრება ბეჭდვითი პრესა, სამედიცინო აპარატურა და აღჭურვილობა. ამ სფეროებთან ერთად, პროექტის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრება სათამაშო ბიზნესი, ლატარიები და სხვა აზარტული თამაშები. გადასახადების ყოველთვიური გადახდის ნაცვლად, გადასახადების დეკლარირება ყოველკვარტალურად იწარმოებს. შეიქმნება საგადასახადო ომბუცმენის პოსტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო, სიტუაციის ორმაგი განმარტების შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ მიიღოს.

ახალ საგადასახადო კოდექსს საქართველოშიმიკროდამცირებიზნესის ცნებები შემოაქვს. მიკრობიზნესში დარეგისტრირება შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა 30,000 ლარს არ აღემატება და რომლებიც დაქირავებულ პირთა შრომით არ სარგებლობენისინი საშემოსავლო გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებულნი. მცირე ბიზნესად მიიჩნევა საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვა 200,000 ლარს არ აღემატება. ამ კატეგორიის ბიზნესის შემოსავლები მხოლოდ 3-დან 5 პროცენტამდე დაიბეგრება.

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, იზრდება აქციზური გადასახადი ალკოჰოლურ სასმელებზე, კერძოდ: ერთ ლიტრ ეთილის სპირტზე აქციზი 2.6 ლარი გახდება; ღვინის ან ჭაჭის (მეღვინეობის პროდუქტები) დისტილაციის შედეგად მიღებულ ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადი გახდება ერთ ლიტრზე 4,6 ლარი, ვისკიზე – 5 ლარი, არაყზე – 3 ლარი, ლუდზე – 0.4 ლარი.

შესაბამისად, ფასები ალკოჰოლზეც გაიზრდება. მახარე მაცუკატოვის აზრით, ამ ყველაფრის გამო იაფი ალკოჰოლი ძვირადღირებულ ალკოჰოლთან კონკურენციას ვერ გაუძლებს.

იაფი ალკოჰოლი კონკურენციას ვერ გაუძლებს. ძვირ ალკოჰოლურ სასმელებს აქვს მარჟაბრუნვის დამატებული ღირებულება. 0.5 ლიტრ არაყი 3.5 ლარი ღირს, 1 ლიტრი – 7 ლარი, ახლა მისი ფასი 9 ლარი იქნება და გაიყიდება 10 ლარად, ძვირი სასმელი კი 1 ლიტრი 12 ლარი ღირს, ახლა მისი ღირებულება 12.5-13 ლარი გახდება. მომხმარებლები კი, რასაკვირველია, 2 ლარიანი განსხვავების გამო იაფ არაყს აღარ იყიდიან”, - ამბობს მახარე მაცუკატოვი.

1 აგვისტოდან აქციზი ხმოვან სატელეფონო მომსახურებაზეც დაწესდება. საგადასახადო კოდექსის პროექტში ნათქვამია, რომ ამ მომსახურების განაკვეთს საქართველოს მთავრობა 10 პროცენტიანი შეზღუდვის პირობებში დაადგენს. შავი და ფერადი ლითონების ექსპორტი ერთ ტონაზე, დღევანდელი 80 ლარის ნაცვლად, 120 ლარით დაიბეგრება.

ახალ საგადასახადო კოდექსში გაერთიანებულია საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, რაც, ექსპერტთა აზრით, ბიუროკრატიულ პროცესს შეამსუბუქებს და უფრო გასაგებსა და გამჭვირვალეს გახდის.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი