ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გამართულ სახალხო ზეიმს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ინგლისის ერთ-ერთი ქალაქის, ნიუკასლის დელეგაცია. გაფორმდა მეგობრობის ხელშეკრულება ახალციხესა და ნიუკასლს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს ახალციხის მინიციპალიტეტის გამგებელმა დავით ათუნაშვილმა და ნიუკასლის ქალაქის საბჭოს თავჯდომარის, დევიდ ფოლკნერის მეუღლემ ბრიგიტა ფოლკნერმა.
“ბედნიერები ვართ, რომ ჩამოვედით ახალციხეში და ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ, გავიზიაროთ და შევიძინოთ ერთმანეთისგან” , - განაცხადა დევიდ ფოლკნერმა.
ახალციხისა და ნიუკასლის დამეგობრებას საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა. ინიციატივა ბრიტანულ ქართულ სავაჭრო პალატას ეკუთვნის, რომელიც დაფუძნებულია და საქმიანობს ინგლისში.
“დამეგობრების იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ინგლისში ბიზნეს ფორუმზე დევიდ ფოლკნერი გავიცანით. ინიციატივა ჩვენმა პალატამ აიღო და მოხარულები ვართ, რომ პროექტი რეალობად იქცა, რადგან ამას მოჰყვება რეალური ბიზნეს განვითარება”, - ამბობს ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატის დირექტორი ლონდონში მაკო აბაშიძე.
ღონისძიებას საქართველოს ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“ეს არის კარგი მიმართულება ტურიზმის განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს კონტაქტი გაღრმავდება, მრავალფეროვანი გახდება და სულ მალე შედეგს გამოიღებს”, - განაცხადა საქართველოს ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტის თავჯდომარემ ზაალ აბაზაძემ.
მეხუთე წელია “ახალციხელობა” 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღინიშნება და ტრადიციულად, ყოველთვის საზეიმო წირვა-ლოცვით იწყება, რომელსაც წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე აღავლენს.
ღონისძიებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებიც მონაწილეობენ. მუზეუმის ეზოში დადგმულ ფაცხებში, ისევე როგორც გასულ წლებში, მათ წელსაც წარმოადგინეს ხალხური რეწვის ნიმუშები და მესხური კერძები.
ვიდრე უცხოელი სტუმრები მუზეუმში მეგობრობის ხელშეკრულებას აწერდნენ ხელს, მუზეუმის ტერიტორიაზე ახალგაზრდები პირველობისთვის ერთმანეთს ჭიდაობაში, მკლავჭიდში, კრივსა და ბაგირის გადაწევაში ეჯიბრებოდნენ. შემდეგ კი სტუმრებმა მესხური კერძები დააგემოვნეს. აქვე მოწყობილ სცენაზე ახალციხეში მოქმედმა ყველა შემოქმედებითმა კოლექტივმა ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულა.
ახალციხელობა 2010 მეუფე თეოდორემ დალოცა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი