ათი წელიწადია ახალქალაქში ქართული ენის სწავლების სხვადასხვა პროგრამა მიმდინარეობს, თუმცა, სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. “სამხრეთის კარიბჭე” შეეცადა გაერკვია, რა არის სასწავლო პროგრამების არაეფექტურობის მიზეზი და სწავლების რომელი ალტერნატიული მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი.
ახალქალაქში XXI საუკუნის დაწყებისთანავე გაიხსნა ქართული ენის სწავლების სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის იყო სახელმწიფოც, არასახელმწიფოც, ფასიანიც და უფასოც.
პროგრამების ნაწილი პროექტის დასრულებამდე დაიხურა, ნაწილი პროექტის დასრულებისას, ნაწილი კი ათწლეულების განმავლობაში მუშაობს.
ქართული ენის სხვადასხვა კურსი ჯავახეთის ბევრმა მცხოვრებმა გაიარა, თუმცა საბოლოოდ, ენის ცოდნის დონე მაინც დაბალია.
ვარდანუშ ჩარაკჩიანი ქართული ენის სასწავლებლად უფროსთა განათლების ცენტრში დადიოდა. იგი თითქმის ყველა გაკვეთილს დაესწრო, თუმცა, ქართულად ლაპარაკი მაინც ვერ ისწავლა.
“ქართული სიტყვები მესმის, მაგრამ საუბარი არ შემიძლია”, - ამბობს იგი.
ქართულის სწავლების ერთ-ერთი პირველი პროგრამა ენის სახლი იყო. ის 2003 წელს გაიხსნა. კურსი ექვსი თვე გრძელდება და სწავლება უფასოა. ენის სახლში ასწავლიან სასაუბრო ქართულს, საქმის წარმოების ენას, ასევე არის აბიტურიენტთა სწავლების პროგრამაც. ენის სახლში ამჟამად 65 მსმენელი და სამი პედაგოგია.
შორენა თეთვაძე ენის სახლში ასწავლის და ამ ორგანიზაციის კოორდინატორაა. მისი აზრით, ახალგაზრდობა ენის სახლში სხვადასხვა მიზნით მოდის.
“გვყავს მსმენელები, რომლებიც სერთიფიკატის მისაღებად მოდიან, ზოგი კი ჩვენთან დროის გასაყვანად დადის. ასეთ მსმენელებს ვუხსნით, რომ ეს დროის გასაყვანი ადგილი არ არის და მიდიან. გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც ჩვენთან მოსვლით ცდილობენ უკვე ნასწავლი არ დაავიწყდეთ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე მეორე წელიწადია, ჩვენთან დადის. მათ ვერ ვეტყვით, რომ კურსებზე აღარ იარონ, მაგრამ ჩემსავით მაინც ვერ საუბრობენ”, - ამბობს შორენა თეთვაძე.
ქართულ ენას ზრდასრულთა განათლების ცენტრშიც ასწავლიან. ორგანიზაცია ახალქალაქში 2006 წელს გაიხსნა. ერთი წელია, ამ დაწესებულებაში სწავლება ფასიანი გახდა. ამჟამად მათ 30 მსმენელი ჰყავთ. დასაწყისში სწავლის მსურველები ბევრნი იყვნენ, თუმცა თანდათანობით მსმენელთა რაოდენობა შემცირდა.
ქართულის კურსები ახალქალაქის ორ ახალგაზრდულ ცენტრშიც ტარდება. მოსახლეობა, მიუხედავად იმისა გაიარა ეს კურსები თუ არა, მიიჩნევს, რომ ისინი არაეფექტურია, პედაგოგების აზრით კი, გარკვეული შედეგი არსებობს.
დალი აღდგომელაძე ქართულ ენას ზრდასრულთა განათლების ცენტრში და ენის სახლში ასწავლის. მისი თქმით, შედეგები რომ არ იყოს, მუშაობას არ გააგრძელებდნენ, შედეგი კი თავად მსმენელზეა დამოკიდებული: “თუ ადამიანი ერთ გაკვეთილზე მოდის, შემდეგ კი სამს აცდენს, სწავლება, რასაკვირველია, უშედეგო იქნება. ყოველ მეცადინეობაზე დაახლოებით ათ სიტყვას ვაძლევ, თუ სახლშიც არ ისწავლიან, შედეგს ვერ მიაღწევენ. ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი, მაგრამ ამის შეცვლა სერიალების ყურებით, სიმღერებისა და ახალი ამბების სმენითაც შეიძლება. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს სწავლა უნდა, ამას მასწავლებლის გარეშეც მოახერხებს, ხოლო თუ არ უნდა – ეს უკვე სხვა საქმეა”.
ერანიაკ მათევოსიანი კურსების გახსნიდანვე აქტიური მსმენელია. ქართულ ენას იგი სახელმწიფო პროგრამითაც სწავლობდა, როდესაც პედაგოგები დაწესებულებებში მიდიოდნენ და თანამშრომლებს ადგილზე ასწავლიდნენ, საკუთარ თავზე სახლშიც მუშაობდა, მაგრამ ერანიაკი ქართულად თავისუფლად საუბარს მრავალი წლის მეცადინეობისა და ამდენი კურსის გავლის შემდეგაც ვერ ახერხებს.
“დოკუმენტებში, რომელთაც გაკვეთილებზე ვარჩევდით, ვერკვევი, ქართულად ბეჭდვაც შემიძლია, მაგრამ ქართულ ენაზე აბსოლუტურად სწორად და კარგად საუბარი არ გამომდის. სახლში მოცემულ დავალებებს ყოველთვის ვასრულებდი და ამ კურსების გავლის შემდეგ შემექმნა გარკვეული საფუძველი, რაც ძალიან მეხმარება”, - ამბობს ერანიაკ მათევოსიანი.
ასოციაცია “Fუტურე ჩორპს”-ის თავმჯდომარე ვაგარშაკ შახბეკიანი მიიჩნევს, რომ სწავლა შედეგიანი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც სწავლისთვის მოტივაცია იარსებებს: “თუ მოტივაცია იქნება, საკითხი ძალიან მალე დადებითად მოგვარდება. საჭიროა მსმენელთა მიზანმიმართულად მომზადება. მაგალითად, ხუთი ადამიანი ბანკში სამუშაოდ უნდა მომზადდეს, ხუთი – სკოლაში და ა.შ. თუ მათ ეცოდინებათ, რომ ქართულის სწავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებენ, მეტად ეცდებიან და ისწავლიან”.
ახლა ბევრი თანამედროვე მეთოდი არსებობს. უკვე განხორციელებულ პროგრამებზე დახარჯული თანხებით თავისუფლად შეიძლებოდა, მაგალითად, ელექტრონული მასალების შეძენა და ისეთი პროგრამების ყიდვა, რომლებიც ძვირი, სამაგიეროდ საკმაოდ ეფექტურია.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი