დახმარების მოლოდინში


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრებ ბოჩიკაშვილებს სახლის ნაწილი ჩამოენგრათ. ბინაში ცხოვრება რვასულიანი ოჯახისთვის დღითიდღე სახიფათო ხდება
მისაღები ოთახის უკანა კედელი 2 მაისს, ღამის პირველ საათზე ჩამოინგრა.

საშინელმა ხმაურმა ყველა გამოგვაღვიძა. შეშინებულებმა მთელი ღამე გარეთ გავათენეთ. ავეჯი იმ ღამესვე გამოვიტანეთ, დაზიანებისგან რომ გადაგვერჩინა”, - გვიამბობს თამარ ბოჩიკაშვილი.

მისი თქმით, კედლის ნგრევა წლების წინ მოშლილმა საძირკველმა გამოიწვია: “სახლი გზის პირას, ბელეტაჟზე 1960 წელსაა აშენებული”.

კედლები ყველა ოთხში დამსკდარია, ჭერი ადგილ-ადგილ წვიმისგანაა გაყვითლებული.

,,კედლები ჭერს ვეღარ აკავებს. სახურავი რომ არ ჩამოინგრეს ხის ძელებით ვამაგრებთ, - გვიხსნის ივანე ბიჩიკაშვილირძალი მცირეწლოვანი ბავშვით ნათესავთან გვყავს შეფარებული, ახლა მეორესაც ელოდება. მასაც ნათესავთან ხომ არ მივიყვანთ?! არადა უსახლ-კაროდ ვრჩებით”.  

ავარიული სახლის კედლებს ბზარი ექვსი წლის წინ გაუჩნდა. მაშინაც და ახლაც ბოჩიკაშვილებმა დახმარების თხოვნით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს. ბოლო განცხადება 5 მაისს შეიტანეს.

,,უფრო ადრე კედელი ისე იყო დამსკდარი, რომ მეზობლის სახლს დაინახავდი. ის ჩვენი სახსრებით შევაკეთეთ. ახლა საშუალება არ გვაქვს და დახმარებას იმიტომ ვითხოვთ”, - ამბობს ივანე ბოჩიკაშვილის მეუღლე ინგა ენდელაძე-ბოჩიკაშვილი. 

მათი თქმით, გასულ წელს სახლის ნგრევა სოფელში გზის მშენებლობამ კიდევ უფრო დააჩქარა.  

,,მძიმეწონიანი ტექნიკის მუშაობისას გამოწვეულმა ვიბრაციამ როგორც სახლის კედლები, ასევე საქონლის სადგომიც დააზიანა”, - ამბობს ივანე ბოჩიკაშვილი..

ორ ძროხას ოჯახის დიასახლისი შიშით უვლის: ,,მეშინია, ისიც თუ დაინგრა და ძროხებიც შიგ მოყვნენ საარსებო წყაროც აღარ გვექნება.”

რვასულიან ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ხვიჩაა. იგი უდეში შპსტაო საკონდიტროშიმუშაობს. ყოველთვიურად მისი შემოსავალი 150 ლარია, თუმცა, როგორც თავად ამბობს ეს თანხა საკმარისი ერთი წლის შვილის გამოსაკვებადაც არაა: ,,თვის ბოლოს მეორეს ველოდები, ფული ამისთვისაც სასესხებელი მაქვს.”

ბოჩიკაშვილები სოციალურად დაუცველთა სიაში დარეგისტრირებულები არ არიან.

,,მაღალი ქულები დაგვიწერეს, არადა წლებია, ახალი არაფერი შეგვიძენია,” - ამბობს თამარ ბოჩიკაშვილი.

ბოჩიკაშვილები სამი პენსიონერის იმედად ცხოვრობენ. 37 წლის ხათუნა ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია. მეტყველება უჭირს და სმენაც დაქვეითებული აქვს. მისი ძმა 47 წლის ივანე მეორე ჯგუფის ინვალიდია. მესამე პენსიონერი კი ოჯახის მოხუცია. სამედიცინო დახმარების პოლისი მხოლოდ დედა-შვილს ხათუნას და თამარს აქვთ. ხათუნას დედა ქალიშვილის მოვლისთვის, როგორც ოჯახის მარჩენალი 40 ლარიან დახმარებას იღებდა, თუმცა ერთი წლის წინ ესეც მოუხსნეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი ბოჩიკაშვილების ავარიული სახლის შესახებ ინფორმირებულია: ,,განცხადების შემოტანის შემდეგ კომისია გავგზავნე სახლის შესამოწმებლად.”

ბალახაშვილის განცხადებით, გამგეობა ბოჩიკაშვილებს სამასალე მერქნით მომავალ კვირას დაეხმარება: ,,საფინანსო სააგენტოსგან სეკვესტრირებული სამასალე მერქანი გვაქვს გადმოცემული და მას  უსასყიდლოდ გადავცემთ”.

მისი თქმით, გამგეობა ბოჩიკაშვილებს სხვა სახის დახმარებას ვერ გაუწევს: ,,საშენი მასალით ან ფულით ვერ დავეხმარებით. ბიუჯეტში მაგისთვის თანხა არ არის გამოყოფილი. სოციალური პაკეტი მხოლოდ ოპერაციების ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს”.

ოჯახის უფორისის თქმით, მხოლოდ სამასალე მერქნით ვერფერს გახდებიან: უმუშევრები ვართ, თუ ფულით ან სხვა საშენი მასალითაც არ დაგვეხმარნენ ვერაფერს ვიზამთ. ყოვლ დილას ლოცვით ვიწყებთ, რომ არ იწვიმოს  და სახლი მთლიანად არ ჩამოგვენგრეს”.
  
ნათია პარუნაშვილი, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი