,,სკამეიკებს” დგამენ, ხეები კი მოჭრეს
ქალაქ ახალციხეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხეებისა და მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვა მოჰყვა.
ქალაქის ცენტრალური პარკისა და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხეებისა და გაზონების გაჩეხვით დაიწყეს. თამარაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის ადგილზე კი, შენობის ასაგებად, საძირკველი უკვე ჩაასხეს. შესაბამისად, აქ არცერთი ხე აღარ დატოვეს.
“ესაა გაკეთებული საქმე?! ჯერ ისეც მტვერს მიაქვს ქუჩები და იმის ნაცვლად რომ მეტი დარგონ, რაც გვაქვს, იმასაც ჩეხავენ! გაგონილა სკვერი ან პარკი გამწვანების გარეშე, როგორი ფანტანი და სკამებიც არ უნდა დადგა?!” - კითხულობს ახალციხის მკვიდრი მადონა გოგალაძე.
ქალაქი უფრო მწვანე ახსოვს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ 70 წლის ჯუმბერ ქებაძეს. 18 წლის იყო,
ზესტაფონიდან ახალციხეში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად: “მას შემდეგ კი მხოლოდ ჩეხავენ და სანაცვლოდ აღარაფერს რგავენ”.
“1953 წლიდან ახალციხეში ვცხოვრობ, მაშინ ხალხს ტანზე დაკერილები ეცვა, მაგრამ დიდი და პატარა ქუჩებში გამოდიოდა, სეირნობდნენ. ახლა სად უნდა გამოხვიდე, ბეტონზე?! ხის ჩრდილს თავს ვერ შეაფარებ”, - ამბობს ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები 62 წლის ვანო ფირალიშვილი.
მიუხედავად დაგებული ასფალტისა და გაკეთებული ბორდიულებისა, “მოშიშვლებული ქალაქი” არც გამრეკელის ქუჩაზე მცხოვრებ 59 წლის მალხაზ დიდიმამიშვილს მოსწონს: “მართალია, რაც კეთდება ჯერ ბოლომდე არაა მისული, მაგრამ არც ვიცით, საბოლოოდ ეს პარკი რა სახეს მიიღებს. ჯერ ისეც რამდენი წელია, პარკი პარკს აღარ ჰგავს და რაც იყო ისიც გაჩეხეს”.
ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ნაძვის, ფიჭვის, აკაციისა და ტირიფის 20 ხე მოიჭრა. ძირიანად ამოძირკვეს პარკს გარსშემოვლებული 30-ზე მეტი ტუიაც.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ ხეების მოჭრას თავს არიდებდნენ.
“პროექტის განხორციელების დაწყებამდე ეს ტერიტორიები სპეციალისტებმა შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ხეები მოძველებული იყო. ორი ან სამი წლის შემდეგ მაინც მოსაჭრელი იქნებოდა და გაკეთებულ ქვაფენილს დააზიანებდა. ტუია კი წლების განმავლობაში გაველურებული იყო” - აცხადებს წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში დავით ჩაჩანიძე. თუმცა სპეციალისტების ვინაობას არ გვიმხელს, - “ხეები ძველი მეტყევეების სიტყვიერი რეკომენდაციით მოვჭერით”.
რაც
შეეხება შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას, აქ 7 ხე ჯერ კიდევ მოსაჭრელია. ჩაჩანიძის განცხადებით, იმ ხეებს შორის რომლებიც უნდა მოიჭრას, მხოლოდ ერთი ნაძვია ნორმალური, პროექტი კი მხოლოდ ერთი ნარგავის გამო მიმართულებას ვერ შეიცვლის.
გამხმარი ხეები რომ
უნდა მოიჭრას, ამ საკითხში გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “აწყურის” თავმჯდომარე ნანა ნათენაძე ჩაჩანიძეს ეთანხმება. თუმცა, აცხადებს, რომ ძველი ნარგავების გვერდით ბევრი სიცოცხლისუნარიანი ხეც განადგურდა: “პროექტის შემდგენს ადგილობრივებთან კონსულტაციები უნდა გაევლო. შეიძლებოდა მშენებლობა ისე დაგეგმილიყო, რომ ნარგავებისთვის ხელი არ ეხლოთ”.
ჩაჩანიძის განცხადებით, მშენებარე კომპანია “ნიუ ენერჯი” ამ ტერიტორიებზე საქართველოს კლიმატზე გამოყვანილ კიპარისებსა და გარეულ წაბლს გააშენებს. ცენტრალურ პარკში 60-დე ძირი კიპარისი დაირგვება, ერთი ნერგის შეძენა ადგილობრივ ბიუჯეტს 44 ლარი დაუჯდება: “წაბლს ჯერ არ ვიცით, რამდენ ძირს შემოვიტანთ. “ნიუ ენერჯი” თბილისში სანერგე მეურნეობასთან ხელშეკრულებას გააფორმებს და ნერგებს შემოდგომით ჩამოიტანს”.
გორის საცდელი მეურნეობიდან ახალციხეში ნერგები სამი წლის წინაც ჩამოიტანეს. ბზა, იუკა, კავკასიური სოჭი და ღვია ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და სკვერების გასალამაზებლად დარგეს.
,,ეს მცენარეები ჩვენს კლიმატზეა გათვლილი. თუ გორში ძლებს, აქაც გაძლებს” - აცხადებდა ახალციხის მაშინდელი გამგებელმი თამაზ პეტრიაშვილი (‘’ს.კ’’ ¹4 (228) 23 თებერვალი, 2009 წელი), თუმცა, ძალიან მალე ყველა ნერგი გახმა. არადა, მათ შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 540 ლარი გამოყეს.
საინტერესოა, ვისი “სიტყვიერი რეკომენდაციით” გადაწყდა ახალციხეში კიპარისების, ან წაბლის ჩამოტანა და რამდენად გაიხარებს ეს ჯიშები მესხეთის კლიმატურ პირობებში. ასევე საინტერესოა, რამდენი ძირი კიპარისი და წაბლი შეიძლება დაირგოს გაჩახილი ხეების ადგილზე, რადგან ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი უკვე ქვითა და ასფალტითაა დაფარული და, ბოლოს, არ შეიძლება არ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით ისეთ მტვრიან ქალაქში მცხოვრებლები, როგორიც ახალციხეა, ჩაანაცვლებენ კი ეს ჯიშები ფიჭვისა და ნაძვის ხეებს ეკოლოგიური თავალსაზრისით.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი