ახალციხეში, ზარზმელის ქ. ¹55-ში მცხოვრები 32 ოჯახი ყოველი წვიმის მოსვლას შიშით ელოდება. მათი ავარიული კორპუსის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
1983 წელს აშენებულ კორპუსს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ სავალალო მდომარეობაშია. მოსახლეობა ამბობს, რომ თავიანთი სახსრებით სახურავი არაერთხელ გადახურეს, თუმცა წვიმისა და თოვლის დროს სახურავში წყალი მაინც ჩადის.
“გუდრონს და ტოლს ვადებთ სახურავს, მაგრამ არ შველის. რამდენჯერაც იწვიმებს, წყალი სახლში ჩამოდის. სახურავი მთლიანად უნდა შეიცვალოს, სხვა გამოსავალი არ არის”, - ამბობს აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 39 წლის მანანა გოგოლაძე.
ნინო იაძე მეოთხე სართულზე ცხოვრობს და ყოველ წვიმას შიშით ელოდება:
“ახალი გარემონტებული მქონდა ბინა, იწვიმა და წყალი ჩამოვიდა. აზრი აღარ აქვს გარემონტებას, სულერთია, იგივე განმეორდება. იქნებ მოგვხედოს ვინმემ”.
წვიმებმა მეოთხე სართულზე მდებარე ყველა ბინა დააზარალა, თუმცა იმავე მდგომარეობაშია სხვა სართულებზე მცხოვრები მოსახლეობაც. პრობლემა მხოლოდ წვიმიანი ამინდი არ არის.
“ტოლს ზემოდან ქვებს ვადებთ, რომ არ აძვრეს, ქარის დროს კი ქვები ძირს ცვივა. ამას წინათ, ბავშვს კინაღამ მოხვდა გადმოვარდნილი ქვა”, - ამბობს ¹55-ში მცხოვრები ხათუნა რიჟამაძე.
აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენჯერმე მიმართეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ვაჟა ჩიტაშვილს: ,,ხელმოწერები შევაგროვეთ, 32 ოჯახი ვითხოვდით კორპუსის გადახურვას,
მაგრამ ნორმალური პასუხი არ უთქვამთ”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი ზარზმელის ¹55-ში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემის მოსგვარების გზას “ამხანაგობის” შექმნაში ხედავს: ,,შექმნან “ამხანაგობა”, გადაწყვიტონ რის გაკეთება უნდათ, საჭირო თანხის 20 პროცენტი თავად დაფარონ, დანარჩენს კი გამგეობა დააფინანსებს”.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ¹55-ში მცხოვრები 32 ოჯახი “ამხანაგობას” შექმნის, გამგეობას წერილობით უნდა მიმართონ და ხარჯთაღრიცხვა წაუდგინოს.
“შემდგომ ჩვენ განვიხილავთ, შევამოწმებთ ხარჯთაღრიცხვას და პრობლემის მოგვარების გზაც გამოჩნდება”, - დასძენს იგი.
ნათია მარტინენკო, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი