გაზრდილი ჯარიმები ამნისტიის სანაცვლოდ


სულ ცოტა ხნის წინ გადაუხდელ ადმინსიტრაციულ ჯარიმებზე გამოცხადებული ამნისტია, ჯარიმების გაზრდით შეიცვალა. მაშინ სახელმწიფომ უარი დაახლოებით 12 მილიონზე თქვა. სამაგიეროდ, ახალი საჯარიმო სისტემა ბიუჯეტს მოკლე ხანში უფრო მეტი თანხით შეავსებს.

საქართველოში ადმინსიტრაციული ჯარიმები გაიზარდა. ღვედის გამოუყენებლობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდა. ტრანსპორტის მართვა სიმთვრალეში 150-ის მაგივრად 200 ლარით დაჯარიმდება, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის კი 170-ის ნაცვლად – 250-ით.
არადა, ხელისუფლებამ სოციალური ფონის შემსუბუქების მიზნით, 2009 წლის 15 ივნისამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისთვის დაკისრებულ გადაუხდელ ჯარიმებსა და მასზე დარიცხულ საურავებზე ამნისტია გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, სახლემწიფომ უარი 12 მილიონამდე ლარზე თქვა.

იმაზე, რომ მთვრალი საჭესთან არ უნდა იჯდეს და მოძრაობის წესები არ უნდა ირღვეოდეს, არავინ დაობს. თუმცა მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზრდილი ჯარიმები მათ ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგოამრეობას, კიდევ უფრო დაამძიმებს.

ჯიპებს, მდიდრებს და ცნობად სახეებს არავინ აჩერებს. პატარა დარღვევაზეც კი ჩვენნაირი საწყალი ხალხისგან ავსებენ ბიუჯეტს. კიდევ ჯარიმების მომატება გვინდა?! ეს პრობლემას უქმნის ადამიანს, როგორც მორალურს, ასევე სოციალურს”, - ამბობს ტაქსის მძღლი რაფიკ მელკანიანი.

მელკანიანს ეთანხმება გვერდში მდგომი ტაქსის მძღოლი ოთარ ინასარიძეც და დასძენს, რომ ჯარიმების გამკაცრება, სამართალდარღევათა სტატისტიკას ვერ შეამცირებს: დისციპლინა სხვაგვარად უნდა განმტკიცდეს”.

ინასარიძის მოსაზრებას არ იზიარებს ახალციხე-თბილისის სამარშუტო ტაქსის მძღოლი ფრიდონ ძირკვაძე: კარგია, უნდა გაიზარდოს ჯარიმა. ეს შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს. ნასვამი მძღოლი თავის თავსაც უქმნის საფრთხეს და მეც”.

მძღოლი გიორგი მერაბიშვილი აქცენტს ჯარიმის არასწორ ფორმაზე აკეთებს. მისი აზრით, არ შეიძლება 200 ლარით დაჯარიმდეს ის, ვინც ერთი კათხა ლუდი დალია და ისიც, ვინცგალეწილიზის საჭესთან: ქართველი კაცი დალევას მაინც არ მოეშვება, ბიუჯეტი კი ასე თავისთავად გაიზრდება”.

ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გასული წლის ბოლო ორ თვეში 22 მოქალაქე მოხვდა, მათ შორის 10 სტაციონარში მოათავსეს. მიმდინარე წლის იანვარში ასეთი 5 შემთხვევა დაფიქსირდა, თებერვალში 4, მარტში 10, აპრილში 5, მაისში 16 და ივინისში 7. მათ შორის ერთი გარდაცვლილი იყო, 12 კი სტაციონარში გადაიყვანეს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2008 წელს 878 კაცი იყო. ასევე 878 მსჯავრდებული დაფიქსირდა 2009-შიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით კი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის 2009 წლის პირველ 5 თვეში 1421, 2010 წლის 5 თვეში კი 1166 პირი დაარეგისტრირეს.

არც თუ ისე საიმედო სტატისტიკის გვერდით, ასევე უიმედოდ გამოიყურება, დაკისრებული ჯარიმების გადახდის უუნაროთა რაოდენობაც. ზემოთ აღნიშნული ამნისტიით ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება, დაახლოებით, 30 ათასამდე საქმეს შეეხებოდა.

ჯარიმა სამართალდარღვევაზე ზემოქმედებისთვისაა. თორემ აქედან სახელმწიფომ რა შემოსავალი უნდა ნახოს?! ადრე ჯარიმაზე ძალიან მცირე გადასახდელი იყო, ამდენად მოძრაობის წესების დარღვევას არავინ ერიდებოდა. ჯარიმის გაზრდით არაერთ სამართალდარღვევას ავიცილებთ თავიდან”, - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის იურიდიული სამსახურის ბიუროს ოფისის ხელმძღვანელი დავით ზარიძე.

ფსიქოლოგის გულიკო ბექაურის თქმით, ჯარიმის გამკაცრება პრობელმას არ ასწორებს: “ღვედის გაკეთების ან სასმელზე თავის შეკავების მოტივი სიცოცხლის გაფრთხილება უნდა იყოს და არა ის, რომ ჯარიმას დაგიწერენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ქცევის მოტივია”.

მისი თქმით, თუ ადამიანი ოდნავ მაინცაა მიდრეკილი ალკოჰოლისკენ, ჯარიმის რაოდენობის გაზრდის მიუხედავად ის მაინც დალევს: იმას ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს, საქმე დაჯარიმებამდე არც აქამდე მიჰყავდა”.

რამდენად იმოქმედებს უპასუხისმგებლო ადამიანებზე გაზრდილი ჯარიმის ოდენობა, უახლოესი თვეების სტატისტიკა გვიჩვენებს. ასევე ნათლად გამოჩნდება, რა თანხა შევა ბიუჯეტში ამის შემდეგ. ერთი კი უდაოა, ტემპერატურის მატებასთან ერთად ლუდით გაგრილების ცდუნებაც იმატებს და თუ აქამდე ერთი კათხა ლუდი დაჯარიმების შემთხვევაში 150 ლარი გიჯდებოდათ, ამის შემდეგ ამ თანხას 50 ლარს კიდევ დაამატებთ. 

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი