ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველაზე მეტი დამსვენებელი აბასთუმანში მაისის თვეში ჩამოდის. ამ პერიოდში “დამტვერვაა” და კურორტს ის ადამიანები აკითხავენ, რომლებსაც ფილტვების ან ბრონხების პრობლემა აქვთ. თუმცა წელს სურათი რადიკალურად შეიცვალა, გასაქირავებელი ბინებისა და სასტუმროების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ცარიელია.
ამჟამად კურორტში დამსვენებლები ძირითადად ქუთაისიდან და აჭარიდან არიან. ისინი ამბობენ, რომ
ბინის დაქირავება უჭირთ, რადგან სასტუმროები ძვირია, კერძო ბინებში კი არასახარბიელო პირობებია.
“ორი წელია აბასთუმანში დავდივართ. ყოველთვის ამ დროს ჩამოვდივარ, ბავშვები ჩამომყავს. ბინის ქირაობა გაგვიჭირდა, ძლივს ვნახეთ ისეთი ბინა, სადაც ცივი და ცხელი წყალი იქნებოდა”, - ამბობს ბათუმელი მზევინარ შუშანიძე.
არიან დამსვენებლები, რომლებიც აბასთუმანში პირველად ჩამოვიდნენ და ჩამოსვლას მომავალშიც აპირებენ. მათ
იმედი აქვთ, რომ
მომავალ წელს კურორტში უკეთესი პირობები დახვდებათ.
“ძალიან მომეწონა აქაურობა. ბავშვს ბრონხების პრობლემა აქვს და მირჩიეს აქ წამომეყვანა.Mმომავალ წელსაც აუცილებლად ჩამოვალ, თუმცა კარგი იქნება უკეთესი პირობები თუ დამხვდება. საშუალება ნამდვილად არ მაქვს სასტუმროში რომ ვიცხოვრო, ამიტომ მიწევს ელემენტარული პირობების გარეშე დასვენება”, - ამბობს დამსვენებელი მაკა ფაჩიშვილი და აქვე დასძენს, რომ გარდა ამისა, კურორტში ბავშვებისთვის გასართობი საშუალებებიც არაა: “ერთი პარკია, სადაც მხოლოდ სკამები დგას, არის შადრევანიც, მაგრამ უფრო ხშირად გამორთულია”.
კურორტში ნაგვის ურნები არსად ჩანს. ნარჩენებით სავსე ცელოფნის პარკები არხების პირას ყრია. თითქმის ყველა ხეზე გამაფრთხილებელი აბრაა, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ მდინარეში ნაგვის ჩაყრა აკრძალულია და ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარამდეა, მაგრამ, როგორც ჩანს ეს მოსახლეობაზე არ მოქმედებს, - საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეშიც ყრია.
“ნაგვის მანქანა კვირაში ორი დღე დადის, ამიტომ იძულებულები ვართ ნაგავი გარეთ დავაგროვოთ. ზოგი კი მანქანას არც ელოდება და ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრის”, - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.
ისინი ვინც წლებია აბასათუმანში ისვენებენ, ამბობენ, რომ კურორტი ადრე უფრო ლამაზი იყო.
“მარტო გზების გაკეთება საკმარისი არ არის, ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, დამსვენებელს უფრო კარგი პირობები უნდა შეუქმნან, -ამბობს დამსვენებელი თბილისიდან იამზე დოლიძე.
კურორტში თითქმის ყველა სახლს აწერია, რომ
ქირავდება.
ადგილობრივი ელზა დალაქიშვილი სახლს წელს პირველად აქირავებს: “ძალიან გამიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე ბინა გავაქირავო, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა. პირობები არ მაქვს და ამიტომ იაფად მომიწევს გაქირავება, დამსვენებლები კარგ პირობებს ითხოვენ”.
კერძო ბინებში ერთი ღამის გათევა საშუალოდ 20 ლარიდან იწყება, თუმცა არის 10 ლარიანი ბინებიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უმრავლესობამ სახლი იყიდა და ბინის დაქირავება აღარ უწევს, ხოლო ვისაც კარგი პირობები უნდა, ისინი სასტუმროში ამჯობინებენ ცხოვრებას: “ყველას კარგი პირობები უნდა, ადგილობრივებს კი იმის საშუალება არ გვაქვს, სახლები ისე გავაკეთოთ, რომ დამსვენებლების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. როცა დასასვენებლად ჩამოდიხარ, საჭმლის გაკეთებაც არ გინდა, ამიტომ, სასტუმროებში უფრო მეტი დამსვენებელია”.
სასტუმრო “აბასთუმანი” 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ადმინისტრატორის თინა ნათელაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია სასტუმროზე მოთხოვნილება შემცირდა: “რამდენიმე დღის წინ გავუშვით ორი კაცი, რაც სეზონი გაიხსნა, ეს პირველი შემთხვევა იყო. ადრე სასტუმროს დამსვენებლები არ აკლდა, ახლა შენობას ვყარაულობთ”.
სასტუმრო “აბასთუმანში” ერთი ღამის გათევა 6 ლარი ღირს. კურორტში ეს ყველაზე იაფიანი სასტუმროა, თუმცა, დამსვენებლები არც მას ჰყავს.
სასტუმრო “კაპას” მფლობელის, ნატო ახალაძის თქმით, დამსვენებლები სასტუმროს გახსნის დღიდან ჰყავს. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ, საგრძნობლად იკლო უცხოელი ტურისტების რიცხვმა.
სასტუმროში რვა
ნომერია, ჩვენი ვიზიტის დროს, თავისუფალი მხოლოდ ოთხი ნომერი იყო.
ერთი ღამის გათენება აქ
60 ლარი ჯდება, ამ თანხაში შედის სამჯერადი კვებაც.
აბასთუმანი, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, ჯერ კიდევ მეფის
რუსეთის დროს და შემდეგ, უკვე საბჭოთა პერიოდში, გახდა ცნობილი. აბასთუმანი ეკოლოგიურად
სუფთა ბუნების ეტალონად განიხილება და უნიკალური ატმოსფერული პირობებით ხასიათდება.
ამის გამო ის ევრაზიის მასშტაბით, ასტრონომუირი დაკვირვებებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო
ადგილადაა მიჩნეული. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებები კი, საყოველთაოდაა
აღიარებული.
ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში დამსვენებლების რიცხვი მოიმატებს და შესაბამისად, მათი შემოსავალიც გაიზრდება.
დამსვენებლები კი პირად საუბრებში ამბობენ, რომ
თუ კურორტს მიხედავენ, დამსვენებელთა რიცხვი ერთი-ორად გაიზრდება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი