ვინ სად ატარებს ზაფხულის შვებულებას? – ამ კითხვით “სამხრეთის კარიბჭემ” ახალქალაქის ქუჩებში შემხვედრ მოქალაქეებს მიმართა. გამოკითხულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები, ბიზნესმენები და უმუშევრები.
გამოკითხულ 40 რესპონდენტს შორის, 36 შვებულების პერიოდს სათანადოდ ვერ გაატარებს. ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები დასასვენებლად ვერ მიდიან, ფინანსების უკმარისობაა. თუმცა ზოგს დროისა და თანმხლებთა ნაკლებობაც აწუხებს.
ვარდუი მანუკიანი მუშაობს, მას სამი შვილი ჰყავს, მაგრამ ზაფხულში დასვენების საშუალება არ გააჩნია.
“არსად მაქვს წასასვლელი. სამი შვილი მყავს და მთელ ოჯახთან ერთად დასვენების საშუალება არ გაგვაჩნია. ამიტომ შვებულებას შემოდგომაზე ავიღებ, რათა სახლში ვიყო, რადგან აქაც საქმეები მაქვს”, - ამბობს იგი.
ქალბატონი ჯულიეტა მაღაზიაში მუშაობს. იგი დასვენებას ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებლობად მიიჩნევს.
“ძალიან დაღლილი ვარ, დასასვენებლად ბათუმში წასვლა მინდა, მაგრამ ფული არ მაქვს. ყველა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დაისვენოს”, - ამბობს იგი.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მაღაზიაში შევხვდით, ჩვენმა კითხვამ გააკვირვა და უკმეხად გვიპასუხა: “თვეში 120 ლარად სად უნდა დავისვენო?!”
წელს ხაჩატრიანების ოჯახიც ვერ დაისვენებს. ცოლ-ქმარი ქალაქის ქუჩაში ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობს. მათ სამი შვილი ჰყავთ. დასასვენებლად მთელი ოჯახით არასდროს წასულან.
“დასასვენებლად არც სახსრები გვაქვს და არც დრო. უამრავი ვალი მაქვს. დასასვენებლად რომ წავიდე, კრედიტორები მომკლავენ. მეორე მხრივ კი, ფული რომ გვქონდეს, დროს როგორმე გამოვნახავდით”, - ამბობს გაიანე ხაჩატრიანი.
კურორტების საერთაშორისო სტანდარტებს იუგიკ ოგანესიანის ჯიბე ვერ გასწვდება. იგი მუშაობს, მაგრამ დასასვენებლად ფული მაინც არ ჰყოფნის, გარდა ამისა, არავინ ჰყავს, ვისთან ერთადაც წავიდოდა.
“ახლა შვებულება მაქვს, მაგრამ ვერსად წავალ, რადგან ფული არ მეყოფა. გარდა ამისა, არც არავინაა, ვისთან ერთადაც დავისვენებდი. სახელმწიფო ხარჯის ნახევარს რომ აფინანსებდეს და მთელი კოლექტივი ერთად მივდიოდეთ დასასვენებლად, არაჩვეულებრივი იქნებოდა. დასვენების ხარჯების ნახევარის გადახდას შევძლებდით. რასაკვირველია, სასტუმროებსა და გასართობ დაწესებულებებს ყველგან საერთაშორისო სტანდარტებით აშენებენ, მაგრამ ეს ხომ ძალიან ძვირია. ჩვენი ჯიბე ამას ვერ გაწვდება”, - ამბობს იუგიკ ოგანესიანი.
პენსიონერი ნორა პაპოიანი ჯემურკაში დასვენებაზე ოცნებობს. იგი მრავალი წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა, ამჟამად პენსიონერია: “საშუალება არ მაქვს და ამაზე არც ვფიქრობ. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის დავისვენე. აი, ტელევიზორში დასასვენებელი სახლის ჯემურკის რეკლამას აჩვენებენ, ის ზუსტად საჩემოა და ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ არ შემიძლია”.
არუსიაკ ბროიანს კი სულ სხვა მიზეზი აქვს, რის გამოც ზაფხულში დასვენებას ვერ მოახერხებს: “შვებულებას გამოცდების დროს გამოვიყენებ. თბილისში, მაგისტრატურაზე ვსწავლობ და შვებულებას გამოცდების დროს ვიღებ ხოლმე. დასასვენებლად სიამოვნებით წავიდოდი, თუმცა, რას ვიზამ. ამ მიზეზის გამო ორი წლის განმავლობაში ვერ დავისვენებ”.
რიფსიმე ტონაკანიანს ხელფასი მოუმატეს, მას შეუძლია საკუთარ თავს ზღვის სანაპიროზე დასვენების უფლება მისცეს, თუმცა, დროის სხვანაირად გატარება აირჩია: “ხელფასი დასვენების საშუალებას მაძლევს, შემეძლო ზღვაზეც წავსულიყავი, თუმცა ერევანში, დეიდასთან სტუმრობა მირჩევნია”.
გამოკითხულთა შორის ყველაზე დატვირთული შვებულება ჯენერა პეტროსიანს ელის.
“სამი-ოთხი დღით სევანის ტბაზე დავისვენებ, აგვისტოს მთელი ოჯახი ბათუმში გავატარებთ, ბოლოს კი ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, “ქალი და მისი უფლებები პოლიტიკაში”, ანტალიაში წავალ”, - გვითხრა ჯენერა პეტროსიანმა.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი