კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. ენერგეტიკის სფეროში გატარებულმა ცვლილებამ, შესაძლოა, უახლოეს ორ თვეში პროდუქტის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდოს, ასევე, შეამციროს ეროვნული პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპიც.
პირველი ივლისიდან კომერციული აბონენტები ელექტროენერგიის საფასურს 17 პროცენტით მეტს გადაიხდიან. ცვლილება 2010 წლის 21 ივნისის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹7 დადგენილების თანახმად გატარდა. 110/35 კილოვოლტში ნაცვლად 7, 566-სა 9,7633 გადაიხდიან; 6/10 კილოვოლტში 9,565 მაგივრად 11,7622; 0,4 კილოვოლტში კი თუ აქამდე 16,008 იხდიდნენ ივლისიდან 16,0008 გადახდა მოუწევთ.
ინდივიდუალური მეწარმე რამაზ აფრიამაშვილს სურსათის მაღაზიაში 20 მაცივარი უდგას, თამაზ აფრიამაშვილს – 8. მეწარმეები აცხადებენ, რომ მით უფრო ზაფხულში, გაზრდილი ტარიფი მათ ხარჯებზე მნიშვნელოვნად აისახება.
“ცხელა, პროდუქტი მალე ფუჭდება და ყველაფერს მაცივარში შენახვა სჭირდება. ეს ძალიან მძიმე ტვირთად დაგვაწვება. თუ აქამდე თვეში 300 ლარამდე ვიხდიდი ახლა 400 აღარ მეყოფა”, - ამბობს რამაზ აფრიამაშვილ.
აბონენტებთან შეცვლილი საფასურის შესახებ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ხელშეკრულებები არ განუახლებია. არასაყოფაცხოვრებო მომხამრებელთა უმრავლესობამ ტარიფის გაზრდის შესახებ ჩვენგან შეიტყო. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერის ზურაბ მამუკაშვილის განმარტებით, მათ დავალებული აქვთ, გაზრდილი ტარიფის შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინოების დაფაზე სექტემბრამდე გამოაკრან.
“მთელი წლის განმავლობაში ზღვრული ბიუჯეტი გვაქვს. ახლა შუაწელია და ამდენად ეს ხარჯი გათვალისწინებული არაა”, - გვითხრა ახალციხის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმა შალვა ტაბატაძემ.
ზამთარში პირობების არქონის გამო, თეატრი სრული დატვირთვით სწორედ ახლა მუშაობს. რეპეტიციები ერთდროულად სამ სპექტაკლზე მიმდიანრეობს.
“სამუშაო პროცესში ხელი შეგვეშლება. იძულებული გავხდებით თანხის
დაზოგვის მიზნით 50-ის ნაცვლად 15 ნათურა ავანთოთ”, - აცხადებს ტაბატაძე.
ელექტროენერგიის დაზოგვა მოუხდებათ კოსტავას ქუჩაზე მდებარე “სილამაზის სალონშიც”, თუმცა რის ხარჯზე ჯერ არ იციან.
“გაგვიჭირდება გადახდა. დენზე ვართ დამოკიდებული”, - ამბობს სტილისტი ალბერტ მალხაზიანი.
ელექტროენერგიის დაზოგვაზე არა, მაგრამ ფასების მომატებაზე საუბრობენ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე “პიცერიაში”. აქ პიცა, ხაჭაპური და ლობიანი ელექტრო ღუმელებში ცხვება, ამდენად მმართველი ლალი სამსონიძე არ გამორიცხავს, რომ ამ პროდუქტზე ფასები იგივე რაოდენობით გაიზარდოს, რა რაოდენობითაც დენის საფასურმა მოიმატა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში “ენერგო-პრო ჯორჯიას” ყველაზე მსხვილ გადამხდელებს შორის შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა”. წყალსაქაჩების გამო, მათ თვეში საშუალოდ 10-12 ათასი ლარის გადახდა უხდებათ. გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში, მომატებული ტარიფის შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, პირად საუბარში კი აცხადებენ, რომ
ეს კომპანიისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემაა. თუმცა, იმედოვნებენ, რომ ცვლილება წყლის ტარიფზე არ აისახება და მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო, მოსახლეობა უწყლოდ არ დარჩება.
ტარიფის შეცვლის მიზეზს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ინდივიდუალური გამრიცხველიანების დროზე ადრე დასრულების მიზეზით ხსნის.
“მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა სერთო მრიცხველების მეშვეობით, მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს. ამაზე მიუთითებს კომისიაში შესული უამრავი განცხადებაც. ინდივიდუალური გამრიცხველიანების რაც შეიძლება მოკლე ვადაში განხორციელება დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ “ენერგო-პრო ჯორჯია” ითხოვს მისი გაანწილებისა და გატარების ტარიფების გადახედვასა და მათ ამოქმედებას ამაწლის პირველი ივლისიდან. ამასთან “ენერგო-პრო ჯორჯია” გამოთქვამს მზად ყოფნას, რომ 2007 წლის 5 თებერვალის “აქტივობის ნასყიდობის ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ინდივიდუალური გამრიცხველიანების ვადის - 2017 წელი – სამი-ოთხი წლით შემცირებაზე. ... ცვლილება მეტ მოქნილობას შესძენს ელექტრო ენერგიის განაწილების კომპანიების საქმიანობას” - ნათქვამია ¹7 დადგენილებაში.
ეკონომისტი გურამ მელიქიძე აღნიშნულ მიზეზს გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი თქმით, გაზი, ელექტროენერგია და ნავთობი ეს ის საშუალებებია, რომლებიც პროდუქტზე ფასების ზრდაში პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ყოველთვის მონაწელეობენ. მისი განამრტებით, ტარიფის ზრდა, განსაკუთრებით მსუბუქ მრეწველობასა და ფუნთუშეულზე აისახება. მნიშვნელოვანად შემცირდება ეროვნული პროდუქტის წარმოებაც: “17 პროცენტი ცოტა არაა. პირველ ეტაპზე შეიძლება არა, მაგრამ ორ თვეში მაინც დაიწყება ფასების მატება. ზოგს მინიმალური მოგება აქვს. შეიძლება სულ არ უნდოდეს გაზარდოს ღირებულება, მაგრამ ზარალზე ხომ არ წავა?!”
ინდივიდუალური გამრიცხველიანების დროზე ადრე დასრულებამ შესაძლოა, მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად განაწილების გამო, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული არაერთი მეზობელი შეარიგოს. თუმცა ამასთან ერთად, პროდუქტებზე ფასების ზრდა შეუქცევად პროცესად იქცევა. ყველაზე სავალალოდ კი, ამ შემთხვევაში, ეროვნული წარმოების შეფერხების საკითხი გამოიყურება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი