ჯერ მანდატური, შემდეგ ჯარიმა


ახალი მეთოდი სკოლებში წესრიგის დასამყარებლად

საქართველოს განათლების მინისტრის ინიციატივის თანახმად, ახალი სასწავლო წლიდან, ურჩი მოსწავლეების მშობლები დაჯარიმდებიან.

მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა სკოლებში წესრიგის დაამყარებს, პედაგოგები და სკოლის დირექტორები კი ვარაუდობენ, რომ ამით სკოლა მოსწავლეებს დაკარგავს.

ახალი ინიციატივა მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს მუხლი, რომელიც მშობლებისდასჯისსაშუალებას იძლევა. მშობელი, რომელიც მოზარდის უდისციპლინობის შესახებ მანდატურთა და პედაგოგთა გაფრთხილების შემდეგ რეაგირებას არ მოახდენს, პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 200 ლარით.

მინისტრის ახალი ინიციატივა საზოგადოების ნაწილს მოწონს. ისინი ამბობენ, რომ ამით სკოლებში წესრიგი დამყარდება და მოსწავლესა და პედაგოგს შორის ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

მოსწავლე მოსწავლეს აღარ ჰგავს. დაკარგეს პედაგოგების პატივისცემა, ბიჭებიკაი ბიჭობენ”, გოგონები კი გათავხედნენ. მივესალმები ინიციატივას, ვფიქრობ, რომ გაამართლებს, რადგან არცერთ მოსწავლეს არ ენდომება, რომ მშობელმა 100 და 200 ლარი გადაიხადოს”, - ამბობს მშობელი ლია კურტანიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორს მარინა ზედგინიძეს. იგი ფიქრობს, რომ საზოგადოება ახალი ინციატივისთვის ჯერ მზად არ არის და სკოლა მოსწავლეებს დააკარგავს.

მესმის, რომ რაღაც ზომები უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის. პირიქით, მშობელი, რომელსაც ჯარიმის გადახდის საშუალება არ ექნება, მოკიდებს ბავშვს ხელს და სულ წაიყვანს სკოლიდან, რაიმე ხელობას ასწავლის”, - ამბობს იგი და აქვე დასძენს, რომ სკოლებში 50 პროცენტზე მეტი მოსწავლე ყოველდღიურად რაღაცას აშავებს: გამოდის, რომ ნახევარზე მეტი მოსწავლის მშობლებმა ჯარიმები უნდა იხადონ”.  

ანალოგიურად ფიქრობენ მშობლებიც. ისინი ამბობენ, რომ სკოლებში წესრიგის დასამყარებლად სხვა ზომებს უნდა მიმართონ.

მოსწავლეები სხვანაირად უნდა გააკონტროლონ. ჯარიმების გადახდა სისულელეა, მაგალითად, არა მაქვს ფული და ვერ გადავიხადე, რა მოხდება? ბავშვს გარიცხავენ სკოლიდან, მე დამიჭერენ თუ ჩემს შვილს?”-ამბობს ლიანა გიქოშვილი.

მშობელი თინათინ მოსიძე ფიქრობს, რომ ინიციატივა ჩამოუყალიბებელია. მისი აზრით, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რა სახის დანაშაულზე უნდა გადაიხადოს მშობელმა ჯარიმა: რაღაც ჩამოუყალიბებლად მეჩვენება ეს ყველაფერი და არა მგონია, რომ გაამართლოს”.  

სექტემბრიდან ურჩი მოსწავლის მშობლებთან ერთად, თავად უდისციპლინო მოზარდიც დაისჯება. მინისტრის თქმით, თუ მოსწავლეს 14 წლის ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია, უდისციპლინობის გამო შრომითი სანქცია დაეკისრება.

შაშკინის ამ განცხადებას პედაგოგები და მშობლები უფრო ლოიალურად  განწყობილი ხვდებიან. მათი თქმით, ეს უფრო მისაღებია, ვიდრე ფულადი ჯარიმა, თუმცა შრომითი სანქცია არ უნდა დაეკისროს 7-8 წლის მოსწავლეს.

საბჭოთა პერიოდში იყო მოსწავლეების ასეთი დასჯა, შრომითი სემესტრი ერქვა. ის ბავშვი, რომელსაც გაცდენები ჰქონდა, ლაბორატორიაში ან ბიბლიოთეკაში ეხმარებოდა თანამშრომლებს. ეს უფრო მისაღებია, ვიდრე 100 და 200 ლარის გადახდა. უდისციპლინო მოსწავლეებმა დაალაგონ ეზო, დაწმინდონ ფანჯრები”, - ამბობს მარინა ზედგინიძე.

მშობლები იმედს გამოთქვამენ, რომ ინიციატივა სექტემბრიდან არ ამოქმედდება და განათლების სამინისტრო, ურჩი მოსწავლეების დასასჯელად სხვა ღონისძიებებს შეიმუშავებს.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი