საზაფხულო ბანაკი ამოქმედდა


 18 ივლისს მთა ტავშან ტაპაზე მდებარე საზაფხულო ბანაკი კვლავ ამოქმედდა. წელს იქ 9-დან 14 წლამდე ასაკის 250 ბავშვი დაისვენებს.  
ბანაკი მესამე ზაფხულია მუშაობს. წელს მისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ბავშვები ორ ნაკადად დაისვენებენ. ნაკადები უკვე დაკომპლექტებულია, თითოეული ჯგუფი ბანაკში 15 დღეს გაატარებს.

ყოველდღე, დილის 11 საათზე კულტურის სახლის ეზოდან ბავშვები სპეციალურ ავტობუსს ბანაკში მიჰყავს, 16 საათზე, კვლავ ავტობუსით, უკან ბრუნდებიან. ბანაკში ყოფნისას გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება ბუტერბროდებით, წვენებით, ნაყინით, კანფეტებითა და ხილით. ბანაკში არის მედდა, რომელიც საკვების ხარისხს ამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევაც შეუძლია. ყოველ ჯგუფს ჰყავს აღმზრდელი, რომელთაც შესაბამისი პედაგოგიური განათლება და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. ბანაკში ისვენებენ როგორც სომეხი, ისე ქართველი ეროვნების ბავშვები.

ბანაკში ყოფნისას ბავშვები სხვადასხვა თამაშებით ერთობიან, ხატავენ და ქალაქში ექსკურსიებზე დადიან.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი