ხუთი წლის ბავშვები სკოლაში


ზოგადი განათლების სისტემაში კიდევ ერთი სიახლე იგეგმება. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების მინიმალურ ასაკად ხუთი წელი განისაზღვრება


,,ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები შედის.

პირველი ცვლილება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების მინიმალურ ასაკს ეხება, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მინიმალურ ასაკად ხუთი წელი განისაზღვრა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება გამორიცხავს პროტექციას და ნაცნობ-მეგობრის ჩარევას იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლებს სურვილი ექნებათ შვილს პირველადი, ზოგადი განათლება ხუთი წლის ასაკიდან მისცენ.

ელენე კაპანაძე ხუთი წლისაა. იმის გაგება რომ შესაძლოა წელს სკოლაში მივიდეს ძალიან ახარებს.

,,სკოლა მინდა! იმიტომ რომ წერაც ვიცი, კითხვაც, აბა რა დაგიწერო?”  - მეტიტინება და წერის ნაცვლად ,,ვეფხისტყაოსნიდანაფორიზმებს მეუბნება.  

ელენეს დედას მარინე ტყეშელაშვილს მიაჩნია, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვების მოსწავლეობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

,,ეს ხომ ერთგვარი მოსამზადებელი კლასი იქნება შესაბამისი მოსამზადებელი პროგრამით, თუ როგორ უნდა გადავიდნენ ბავშვები საბავშო ბაღიდან სასკოლო რეჟიმზე”, - გვითხრა მან.   

მარინე ტყეშელაშვილის აზრით  კანონპროექტში ყველაზე ნაკლებად საყურადღებო სწორედ რომ პროტექციაზე მინიშნებაა.

,,პროტექციაზე საუბარი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რამ სკოლაში ხდება, თუმცა კანონპროექტში შეტანილ ცვლილებაზე ამ კუთხით ყურადღების გამახვილება მთლად გამართლებული არ მგონია. მშობლის სურვილი შვილმა ადრევე დაიწყოს სკოლაში სიარული და განათლების მიღება, თავისთავად სასიამოვნო ფაქტია”, - განაცხადა მან

 ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ,,ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში შესატან ცვლილებას დადებითად აფასებს: ,,ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მე მაგალითად ხუთი წლის ასაკში მიმიყვანეს სკოლაში. თან ეს იქნება ერთგვარი მოსამზადებელი წელიწადი”.

ახალციხის პირველი საბავშვო ბაღის მენეჯერის ქეთევან საანიშვილისა  და ამავე ბაღის აღმზრდელ მეგი გვარამაძის განმარტებით ახლა ისეთი ნიჭიერი თაობა მოდის, რომელთა დასმა არათუ პირველ, არამედ მეორე კლასშიც უპრობლემოდ შეიძლება.

,,სახლიდან სკოლაში მისული ბავშვი შეიძლება ჭკვიანი იყოს, მაგრამ სკოლის რეჟიმს ძნელად შეეგუოს, ამიტომაც ხუთი წლის მოსწავლეებისათვის ალბათ სპეციალურ პროგრამას შეიმუშავებენ და საგანგაშოსაც კანონპროექტის ამ ცვლილებაში ვერაფერს ვხედავ”, - დასძინა მეგი გვარამაძემ.

ელენე კაპანაძე სკოლისთვის ემზადება. ,,ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ისევ გრძელდება.

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი