მრავალი წელია ბორჯომში “ბალნეოლოგიური ცენტრი” აღარ ფუნქციონირებს. სამედიცინო დაწესებულებისა და სანატორიუმების დახურვამ გარკვეულწილად ბორჯომს კურორტის მნიშვნელობა დაუკარგა.
ბორჯომში დამსვენებლები ძირითადად მინერალური წყლის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან. მისი უნიკალური, ჰიპოთერმიული, ჰიდროკარბონატული-ნატრიუმიანი-ნახშირომჟავა მინერალური წყალი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მოსახლეობაში.
დაახლოებით 90 წლის წინ ბორჯომში სამედიცინო დაწესებულება
,,ბალნეოლოგიური ცენტრი” ჩამოყალიბდა. სამედიცინო დაწესებულება წელიწადის ყველა დროს ფუნქციონირებდა და მოსახლეობა სამკურნალოდ არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდა.
“უამრავი პროცედურა ტარდებოდა, მინერალური წყლით ვმკურნალობდით კუჭნაწლავზე, ნაღვლისბუშტსა და თირკმელებზე; ნერვიული სისტემით დაავადებულ ადამიანებს ვუკეთებდით მინერალური წყლის აბაზანებს. ასევე, მინერალური წყლის აბაზანები სასარგებლო იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავის ტკივილი აწუხებდა; ახტალის ტალახის ტამპუნებით ვმკურნალობდით უშვილო ქალბატონებს; კალსონს ვანებით ვმკურნალობდით პროსტატით დაავადებული მამაკაცებს,” - გვიხსნის ექიმ-თერაპეტი თინა კობახიძე.
მისივე განმარტებით, ბალნეოლოგიურ ცენტრს თბილისის კუროლტოლოგიის ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა.
“ინსტიტუტიდან ყოველთვე ჩამოდიოდნენ პროფესორები, რათა დაკვირვება მოეხდინათ ჩვენს მუშაობაზე, სწორედ ვაკეთებდით თუ არა პროცედურებს და აბაზანებს, ბალნეოლოგიურ ცენტრის ხელმძღვანელი კი შალვა სურმავა გახლდათ,”- გვიხსნის თინა კობახიძე და იქვე ამატებს, რომ ბალნეოლოგიური ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდა, ყველა საჭირო ინვენტარი ჰქონდათ და ცენტრში 50-მდე მედ-პერსონალი მუშაობდა.
მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები უნიკალურია და პროცედურების ჩატარების შემდეგ მოქალაქეებს კარგი შედეგები ჰქონდათ.
“ბალნეოლოგიურმა ცენტრმა” ფუნქციონირება 1995 წლიდან შეწყვიტა. ერთი მიზეზი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთიდან მოსახლოება აღარ ჩამოდიოდა, დატვირთვა შემცირდა, მედ-პერსონალი ხელფასს ვეღარ იღებდა და იძულებული გახდნენ სამსახურიდან წასულიყვნენ. შენობა გაძარცვეს და გაპარტახეს, შემდეგ გაიყიდა და მის ადგილს სასტუმროს აშენებენ”, - ამბობს თინა კობახიძე.
,,ბალნეოლოგიური ცენტრის” დახურვის შემდეგ, კურორტზე აღარ დარჩა ისეთი მნიშვნელობის სამედიცინო დაწესებულება, როგორიც ცენტრი იყო, მხოლოდ კურორტების პოლიკლინიკამ შეინარჩუნა პატარა სამედიცინო ბაზა.
“ბალნეოლოგიურ ცენტრში” ბორჯომის მინერალური წყალი მილიდან გადმოდიოდა და მკურნალობა უფრო ეფექტური იყო, დღეს კი გამარტივებულად ხდება პროცედურების ჩატარება”, - ამბობს ექიმ-თერაპევტი და დასძენს, რომ სანატორიუმების და “ბალნეოლოგიური ცენტრის” დახურვის შემდეგ ბორჯომმა გარკვეულწილად დაკარგა კურორტის მნიშვნელობა.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი