“კანონის მასწავლებელი” კანონის დარღვევის ბრალდებით


26 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ვარლამ (დავით) თუთბერიძე დააკავა.

როგორც საოლქო პროკურატურაში განმარტავენ, ვარლამ თუთბერიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ყალბი დოკუმენტის დამზადება). თუთბერიძე ეჭვმიტანილია საკუთარი დოკუმენტის გაყალბებაში.

ვარლამ თუთბერიძე წარმოშობით იმერეთიდანაა. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იგი 2006 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა. სასწავლებელში თუთბერიძე მივიდა, როგორც დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნულ თანამდებობაზე თუთბერიძე სასწავლებლის მაშინდელმა დირექტორმა შოთა ზაზაშვილმა დანიშნა.

მაშინ სასწავლებელი ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალი იყო.
2007 წლის 30 ივლისს მოხდა რეორგანიზაცია - მესხეთის ფილიალი გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის თქმით, ყველა თანამშრომელი, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი, ავტომატურად გადავიდა ინსტიტუტის იურისდიქციაში და ავტომატურად აღმოჩნდა იმავე თანამდებობებზე. 

ის ჩვენთვის უცნობი პიროვნება იყო, ფაქტობრივად, მე დამხვდა. რეორგანიზაციისას, რა თქმა უნდა, გადავხედე მის მონაცემებს, გავესაუბრე და მითხრა, რომ დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაცული ჰქონდა ხარისხი და უკრაინაში დოქტურანტურაში სწავლობდა, - ამბობს თინა გელაშვილი და აქვე ამატებს, რომ, რეგიონში იურისტების დეფიციტია, მით უმეტეს ხარისხის მქონეების და ამიტომ, მისი გაშვება არც უფიქრია, -
თავისივე თხოვნა იყო, ბატონ შოთას დროს დავინიშნე და თქვენ თუ გართულება გაქვთ, წავალო. ვუთხარი, არანაირი გართულება არ მაქვს, თუ თქვენ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებით, მე შემიძლია ადამიანებზე ნდობა ავანსად გავიღო და შევხედოთ-მეთქი. იმ პერიოდში მართლა მესაჭიროებოდა კადრები და მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა”.

ვარლამ თუთბერიძე ამ დრომდე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი იყო. თინა გელაშვილის თქმით, მას არ ჰქონდა დაკავებული ადმინისტრაციული თანამდებობა და სახელშეკრულებლო პირობებით მუშაობდა როგორც პედაგოგად, ასევე დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.

აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში თუთბერიძეს მონაწილეობა არ მიუღია.

არც თვითონ გამოუთქვამს სურვილი და თანაც არც შეეძლო. ასოცირებული და სრული პროფესორის კონკურსზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას იმიტომ, რომ მას ესაჭიროებოდა ასოცირებული პროფესორის მინიმუმ სამი წლის და პროფესორად მუშაობის ხუთი წლის გამოცდილება”, - ამბობს თინა გელაშვილი.

რადგან აკადემიური ხარისხი არ ჰქონდა, ამიტომ თუთბერიძეს არც ფაკულტეტის დეკანების არჩევნებში მიუღია მონაწილეობა. რადგანაც არჩევნებზე იურისტების დეკანის ვაკანტურ თანამდეობაზე განაცხადი არ შესულა, მოვალეობის შესრულება ისევ თუთბერიძემ გააგრძელა.    

განაცხადი შესაძლოა იმიტომაც არ შემოვიდა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნაა ადგილზე იყო ხუთივე სამუშაო დღის განმავლობაში. დათო (ვარლამი) ხუთი დღის განმავლობაში ჩვენთან მუშაობდა. მართლა ერთგულად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას,  დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მე, მაგალითად, დადებით რეკომენდაციას ვაძლევ”, - ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.  

იურიდიულ ფაკულტეტს ახალი დეკანი ჰყავს. თინა გელაშვილის თქმით, ჯერ ოფიცილური ბრძანება არ დაუწერია, თუმცა არჩევანი ადგილობრივ კადრზე, ყოფილ მოსამართლე რევაზ კაჭკაჭიშვილზე შეაჩერა: რაკი დროებით, მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს, არ არის სავალდებულო ხარისხი ჰქონდეს. ამიტომ სამი თვის განმავლობაში, არჩევნებამდე იურიდიულ ფაკულტეტს რევაზ კაჭკაჭიშვილი უხელმძღვანელებს”.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს 10 მოწვეული პედაგოგი ასწავლის. ამათგან ორს აკადემიური თანამდებობა უკავია, ასოცირებული პროფესორები არიან გოჩა მამულაშვილი და გიორგი ჭილაძე. ფაკულტეტზე 200 სტუდენტი სწავლობს.

რაც შეეხება ყოფილ დეკანს, ვარლამ თუთბერიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი