ბიუჯეტის განხილვამდე

მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. მოსაზრებები და პრიორიტეტები  2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ირგვლივ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ერთ თვეში დამტკიცდება. პრიორიტეტებიდან გზა და წყალი კვლავ უცვლელია. უცვლელია მოსახლეობის ინდიფერენტული დამოკიდებულება ბიუჯეტის განხილვის პროცესის მიმართ და მათი განწყობაც – ,,ჩვენ ვერაფერს შევცვლით''.


,,წყალი არ გვაქვს აბში, დაზიანებულია ,,ბასეინი'' და მილებიც. კარგი იქნება, ამას თუ გაითვალისწინებენ ბიუჯეტში. მაგრამ აქვს კი მნიშვნელობა, ჩვენ რას ვიტყვით?!'' - კითხულობს აბის მკვიდრი გოდერძი თაბუნიძე.
თუ აბში უწყლობა აწუხებთ, კეცხოველის ქუჩაზე ძლიერი ჭავლის გამო დატბორილ გზებზე ჩივიან.
,,დახეთქა მილები. უნდა გამოიყოს თანხა ამორტიზირებული ქსელის რაღაც დონეზე შეკეთებისთვის მაინც'', - ამბობს სიმონ ეღიაშვილი.

კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები გუჯა გოგიძე აქცენტს ქალაქში გადაადგილების პრობლემაზე აკეთებს: ,,მუნიციპალური ტრანსპორტი სულ უნდა მოძრაობდეს. ყველას არ აქვს დრო, ერთი საათის განმავლობაში უცადოს საქალაქოს და ან სამი ლარი გადაიხადის ტაქსიში დანიშნულ ადგილამდე მისასვლელად''.

გოგიძეს მიმდინარე წელს ქალაქში გაკეთებული ცენტრალური პარკი მოსწონს, თუმცა ფიქრობს, რომ პარკთან ახლოს აუცილებელია საპირფარეშოც გაკეთდეს: ,,დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი მოდის სათამაშოდ.  დიდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პატარებისთვის ხომ მაინც აუცილებელია ასეთი ადგილი?! ბინძურდება ქალაქი''. 

გიორგიწმინდელი ნორა სამსონიძე მიიჩნევს, რომ მის სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა რიგით პირველი პრიორიტეტი.

გზასა და სასმელ წყალს ასახელებენ უმთავრეს პრობლემად სოფელ სვირის მკვიდრებიც.
სარწყავი სისტემის გაკეთებას ითხოვენ მინაძის თემში.

მიუვალი გზის შეკეთება მიაჩნიათ პრიორიტეტად საძელის მიმართულებით. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში კვლავ გაწერილი იქნება თანხა შიდა ქუჩებზე ასფალტის დაგებისა და განათებების გაკეთებისთვის: ,,9 აპრილის ქუჩაზე მინი სტადიონი უკვე არის, ამდენად მომავალ წელს აქ სკვერის გაკეთებას ვგეგმავთ. მინი სტადიონის მოწყობას ვაპირებთ თამარაშვილის ქუჩაზეც და სკვერის გაკეთება აქაც იგეგმება. თუმცა, ერთ ქუჩაზე, ორივეს ერთად, ფინანსურად გავწვდებით თუ არა, ჯერ არ ვიცით''.

მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა გაიწერება კვლავ წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ნაგვის ურნების შეძენისათვის.

,,დავამატებთ ბუნკერებსაც. გამოყოფილია თანხა ქუჩის დამგველი და გასარეცხი სპეციალური მანქანისათვის. გაკეთდება საცალფეხო ხიდი მდინარე ფოცხოვზე. რაც შეეხება დაზიანებულ მილებს, მიწისქვეშა კომუნიკაციას, რომელ ქუჩაზეც ასფალტს ვაგებთ, მთლიანად ვცვლით'', - აცხადებს გიქოშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის''  წევრს გიორგი ანდღულაძეს მიაჩნია, რომ დღეს რაიონის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციაა: ,,ვიცი, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მარამ ქალაქში ბევრი ისეთი რაღაცა გაკეთდა, რომ ასეთ სიტუაციაში მათ პრიორიტეტულობას ეჭვის ქვეშ დავაყენებდი''. 
ანდღულაძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში ყველაზე ჩავარდნილი სამედიცინო სფეროა: ,,უნდა გაიზარდოს სოციალური პაკეტი''.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ნუგზარ თამარაშვილი ფიქრობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში არც თუ ისე მიზერული თანხა უნდა იყოს გაწერილი ქალაქში სპორტული ცხოვრების განვითარებისათვის: ,,საფეხბურთო კლუბი ,,მესხეთი'' უნდა შეგვენარჩუნებინა. მისი დაშლა ქალაქიდან ფეხბურთის ტრადიციის დაკარგვას ნიშნავს''. 

თამარაშვილი აქცენტს ქალაქის გამწვანებაზეც აკეთებს: ,,პრიორიტეტად მიმაჩნია ახალციხის გარშემო მწვანე ზოლის შექმნა, ხეები უნდა დაირგოს. მტვრიანი ქალაქია და როგორი ასფალიც არ უნდა დავაგოთ, თუ სიმწვანე არ იყო, არ გვიშველის''.

პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობა 15-დან 20-დეკემბრამდე დაამტკიცებს. ამ დროისთვის უკვე ზუსტად იქნება გაწერილი გეგმა, თუ რა გაკეთედება მომავალი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში. მანამდე კი ყველა თქვენგანს აქვს უფლება, წვლილი შეიტანოს თითოეული თეთრის განაწილებაში.  

თამუნა უჩიძე, ახალციხე




No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი