ახალი წესები მძღოლებისთვის

საქართველოს  ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში'' შესული ცვლილებები 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. 

საქართველოს ქალაქის და სოფლის შიდა გზებზე საავტომობილო მოძრაობისას ღვედების შეკვრის ვალდებულება პარლამენტმა საბოლოოდ – მესამე მოსმენით დაამტკიცა.
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში'' შეტანილი ცვლილების თანახმად, მძღოლმა უსაფრთხოების ღვედი ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე უნდა შეიკრას. გარდა ამისა, ღვედის გამოყენება სავალდებულო იქნება მის გვერდით მჯდომი მგზავრისთვისაც. აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. 


აქამდე ღვედის ტარების ვალდებულება ავტომობილის მძღოლსა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს მხოლოდ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე ევალებოდათ. ახლა ღვედის ტარება ქუჩაზე გადაადგილებისასაც სავალდებულო ხდება. აღნიშნული წესის დარღვევა 40 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. სოფლებში კი ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებს, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმა დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება.

უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რომ არის საჭირო არავინ დაობს. თუმცა, მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ქალაქის პირობებში, დაბალი სიჩქარით მოძრაობისას ღვედის გამოყენება ზედმეტია.

,,ამ პატარა ახალციხეში სანამ მანქანა დავძრა, ორ წუთში ისევ უნდა გავჩერდე. გამოდის, რომ ცალ ხელში საჭე უნდა მეჭიროს და მეორე ხელში ღვედი'', - ამბობს მძღოლი გურამ ყურმაშვილი.

საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ 1999 წელს მიიღეს. რომელშიც უსაფრთხოების ღვედების სავალდებულო გამოყენება გათვალისწინებული არ იყო. ავტომაგისტრალზე მისი გამოყენება 2005 წლის 23 ივნისს კანონში შეტანილი დამატებით გახდა სავალდებულო. ამ მუხლით ჯარიმის სახით სანქცია ვრცელდებოდა ყველა მძღოლზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის წესს არღვევდა. მოგვიანებით, კანონში შეტანილი ახალი ცვლილებით, ეს სანქცია საავტომობილო გზებსაც შეეხო, სადაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა 80კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით იყო ნებადართული.

ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ცვლილებების აუცილებლობა გახშირებულმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა გამოიწვია, რომელთა უმეტესობა მგზავრთა სიკვდილით სრულდება.
ყოველწლიურად საქართველოში დაფიქსირებული 4 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევიდან, თითქმის ყოველი მეორე სიკვდილით მთავრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ამ მიზეზით 2 279 ადამიანი დაიღუპა და 23 496 დაშავდა. ხოლო, 10-დან 15 წლამდე ახალგაზრდების სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ავტოსაგზაო შემთხვევა პირველ ადგილიზეა.

რაც შეეხება სხვა ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ქუჩის დანაგვიანებისთვის როგორც ავტომანქანის მეპატრონეები, ასევე ფეხით მოსიარულეებიც დაჯარიმდებიან. ავტომობილიდან ნარჩენების გადმოყრისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 50 ლარია, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში სანქცია 200 ლარამდე გაიზრდება.
,,ჯარიმა რამდენია არ ვიცი, მაგრამ მძღოლი რომ ჯარიმდება და არა მგზავრი ტელევიზორში მოვისმინე. ამიტომ, წინასწარ ვაფრთხილებ მგზავრს, რომ ნაგავი ფანჯრიდან არ გადაყაროს'', - ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი თენგო შველიძე.
ტაქსის მძღოლი ავთანდილ კვიჟინაძე კი ამბობს, რომ მანქანიდან ნარჩენების გადაყრაზე მანქანის მეპატრონე არ უნდა ჯარიმდებოდეს.

,,კლიენტმა თავად უნდა იცოდეს, რომ მანქანიდან ნაგავი არ გადაყაროს. რამდენი ვინმე ჩამიჯდება მანქანაში და რამეს გადააგდებს, პასუხი მე ხომ არ უნდა მომთხოვონ?'', - კითხულობს ავთანდილ კვიჟინაძე.

საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესქში'' შესული კიდევ ერთი სიახლე გარკვეულ შეზღუდვებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დაბურვაზეც აწესებს.

ახალი სტანდარტების თანახმად, ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი მინების – დასაშვებია 40%-ით, ხოლო უკანა გვერდითი მინების 75%-ით. უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის დაწესებული. აღნიშნული წესები ძალაში 10 ნოემბრიდან შევიდა და მათი დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარით.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი