სკოლები თანხებს ელოდებიან, მოსწავლეები გათბობას

ახალციხის მუნიციპალიტეტის 33 საჯარო სკოლა საწვავი შეშის შესაძენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან თანხის ჩარიცხვას ელოდება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 38 საჯარო სკოლიდან, ზამთრისთვის საჭირო საწვავი შეშის მარაგი მხოლოდ რამდენიმე სკოლამ შეიძინა. ეს ის ხუთი სკოლაა, რომელთაც დეფიციტიური ბიუჯეტი არ აქვთ.

მუნიციპალიტეტის სკოლების უმრავლესობა დეფიციტურია და ყოველთვიურად დანაკლისის შევსებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ელოდება. სამინისტროსგან უნდა მიიღონ თანხა საწვავი შეშის შესაძენადაც. ამ სკოლების ნაწილი ამ ეტაპზე საკლასო ოთახებს გასული წლიდან შემორჩენილი შეშით ათბობს. არის ისეთი სკოლებიც, სადაც ჯერ ღუმელები არ დაუდგამთ და გაკვეთილები ცივ საკლასო ოთახებში ტარდება.


ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლას ცენტრალური გათბობის სისტემა აქვს, რომელიც 2006 წელს დამონტაჟდა, მაგრამ შეშის არქონის გამო ჯერ არ ჩაურთავთ.

,,ვინაიდან დეფიციტური სკოლა ვართ, გათბობის ხარჯებს სამინისტრო გვინაზღაურებს. ყოველთვის დროულად გვერიცხებოდა თანხები და 1 ნოემბრიდან ვრთავდით გათბობის სისტემას. წელს რატომღაც შეფერხდა’’, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი და განმარტავს, რომ თანხების გადმორიცხვას აღარ ელოდებიან და მოლაპარაკება აქვთ ერთ-ერთ მეწარმესთან, რომელიც მათ შეშით მოამარაგებს, თანხას კი მოგვიანებით გადაუხდიან: ,,ამ ეტაპზე კი საკლასო ოთახებში არ ცივა, რადგან მზის მხარესაა მიმართული.”

მეექვსე საჯარო სკოლას, სადაც 230 მოსწავლე სწავლობს, გამოსაზამთრებლად 50 კუბური მეტრი შეშა სჭირდება. წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ერთი კუბური მეტრი შეშისთვის კონტრაქტორს 60 ლარამდე უნდა გადაუხადონ.

ასევე მოლოდინის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ახალციხის მესამე სომხურენოვანი საჯარო სკოლაც, სადაც 600 მოსწავლეა. ეს სკოლაც დეფიციტურია. დირექტორი სვეტლანა არუთუნიანი არ მალავს, რომ საკლასო ოთახებში დილით ცივა. მისი თქმით, გათბობის სისტემას, სავარაუდოდ, 15 ნოემბრიდან ჩართავენ: ,,როგორც გვითხრეს, სამინისტრო ამ დღეებში ჩარიცხავს თანხას.’’

მესამე საჯარო სკოლამ სამინისტროს 111 კუბური მეტრი შეშის შესაძენი თანხა მოსთხოვა.
,,ხელშეკრულება ჯერ არ დაგვიდია იმ მეწარმესთან, ვინც მოგვამარაგებს, მაგრამ მოლაპარაკებული ვართ, რომ ერთ კუბურ მეტრში დაახლოებით 70 ლარს გადავიხდით’’, - ამბობს სკოლის ბუღალტერი ლუდა გრიგორიანი.

გათბობის სისტემა არ აქვთ და კლასებს ღუმელებით ათბობენ, ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც ასევე დეფიციტურია და მესამე და მეექვსე სკოლის მსგავსად თანხის მიღებას ელოდება. თუმცა, ვინაიდან გასული წლიდან შეშა შემორჩათ, ჯერჯერობით საკლასო ოთახებში თბილა.

,,მშვენივრად თბებიან ბავშვები, ღუმელები ყველგან ანთია. მარაგი ჯერ გვყოფნის და მალე ახალსაც შევიძენთ’’, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე და განმარტავს, რომ მკაცრი ზამთრის შემთხვევაში სკოლას 120 კუბური მეტრი შეშა სჭირდება.

ამ სკოლებისგან განსხვავებით, ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ, სადაც 1090 მოსწავლეა, საწვავი შეშა უკვე მოიმარაგა. იმის გამო, რომ 2007 წელს გაკეთებული გათბობის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული, სკოლა შეშის ღუმელებით თბება.

,,გათბობის სეზონი ოფიციალურად 1 ნოემბრიდან იწყება, მაგრამ როგორც კი სიცივეები დაიწყო, ფაქტობრივად, 15 ოქტომბრიდან, უკვე დავანთეთ ღუმელები. შეშის პრობლემა არ გვაქვს, 130 კუბური მეტრი შევიძინეთ. დაფინანსებიდან ყოველთვე გვრჩება მცირე ნაშთი, სხვა რამეზე შეიძლება ეკონომია გავაკეთოთ, მაგრამ შეშისთვის ვაგროვებთ თანხას’’, - გვიხსნის სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

პირველმა სკოლამ ერთ კუბურ მეტრ საწვავ შეშაში 50 ლარი გადაიხადა.
,,ტენდერს ვაცხადებთ და ვინც ყველაზე მისაღებ ფასს შემოგვთავაზებს, იმისგან ვყიდულობთ”, - ამბობს დირექტორი.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლას გამოსაზამთრებლად 1781 კუბური მეტრი შეშა სჭირდება, რომლის ღირებულებაც 127 197 ლარს შეადგენს.

,,ხუთი სკოლას აქვს სახსრები და შეშას თავად ყიდულობს, ანუ, ამ თანხას აკლდება 24 325 ლარი. დეფიციტური სკოლებისთვის სამინისტროსგან მიზნობრივად ვითხოვთ 102 297 ლარს”, - განმარტავს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი, ფინანსისტი თამარ ებრალიძე და დასძენს, რომ ორშაბათს, 15 ნოემბერს, ეს საკითხი განათლების სამინისტროში სხდომაზე გადის და, სავარაუდოდ, იმავე კვირაში სამინისტრო სკოლებს საჭირო თანხებს თავიანთ ანგარიშებზე ჩაურიცხავს. შეშის შესაძენად საჭირო თანხის გარდა, იმ სკოლებს, სადაც გათბობის სისტემაა დამონტაჟებული, სამინისტრო წელს ცეცხლფარეშების თანხასაც გადაურიცხავს.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი