ერთი თვეა, ნინოწმინდის არქივი ახალქალაქში გადაიტანეს, თუმცა მიღება-ჩაბარების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან გაუგებარია, რა და რამდენი დოკუმენტია გადაბარებული.
ნოტარიული საბუთების გარდა ნინოწმინდიდან არქივის ყველა დოკუმენტია გადატანილი. ახალქალაქის არქივის თანამშრომელთა თქმით, ნინოწმინდას ნოტარიული დოკუმენტები საერთოდ არ ჰქონდა.
საბუთების რამდენი ერთეულია ახალქალაქში გადატანილი, არავინ იცის. გადაიტანეს ისეთი დოკუმენტებიც, რომელთა შენახვის ვადა უკვე ამოწურულია.
“ეს დოკუმენტები დამუშავებული არ არის. ბევრი გამოუსადგარია, რომლებიც შეეძლოთ, არ ჩამოეტანათ. არ ვიცი, ვისი ბრალია. შეიძლება შენახვის პირობები არ ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, რომ დოკუმენტები საშინელ მდგომარეობაშია. საჭიროა მათი დამუშავება, აღწერის ჩატარება. ყველაფრის წესრიგში მოყვანამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ყველაზე რთული ამ დოკუმენტებისგან ცნობების გაცემაა”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არქივის დირექტორი ნათელა კარახანიანი.
გადატანილი დოკუმენტები მტვრითა და ობითაა დაფარული. ახალქალაქის არქივის თანამშრომლები ამბობენ, რომ განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაში განძის სოფსაბჭოს არქივია.
რამდენს ხანს გაგრძელდება დოკუმენტების დალაგება, არქივის მთავარმა სპეციალისტმა გარნუშ კარახანიანმა არ იცის: “ორგანიზაციებისგან მიღებული დოკუმენტები დამუშავებული არ არის. არ აქვს ნუმერაცია. მათ არ იციან, რა მოგვიტანეს და ჯერჯერობით დათვლას ჩვენც ვერ ვახერხებთ. გუშინ ნინოწმინდიდან კლიენტი იყო, განცხადება მივიღეთ, მაგრამ იმ დოკუმენტთან მუშაობა, რომელიც გვქონდა, შეუძლებელი იყო, არაფერი იკითხებოდა”.
ნინოწმინდის არქივის დირექტორი ხაჩატურ მარქარიანი დოკუმენტების ასეთ მდგომარეობას ცუდი პირობებით ხსნის: “ეს დოკუმენტები 16 წელიწადი სინესტეში ელაგა. ყურადღებას არავინ აქცევდა. არქივის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის სამი წლის განმავლობაში რაც შემეძლო, მოვაწესრიგე. ამ ცენტრალიზაციის გამო ახალქალაქის არქივის თანამშრომლებს მუშაობა ძალიან გაუჭირდებათ”.
არქივის დოკუმენტების გადატანით ხუთი სამუშაო ადგილი შემცირდა, რჩება ერთი თანამშრომელი – დირექტორი. ახალი წლიდან კი მხოლოდ ოპერატორის თანამდებობა იარსებებს.
ნინოწმინდის მცხოვრებლები ამ ფაქტით უკმაყოფილო არიან. “ერთი ქაღალდის მისაღებად ახალქალაქში წასვლა გვჭირდება. გარდა ამისა, რატომ გადააქვთYყველა დაწესებულება ახალქალაქში? ჩვენ რა, ქალაქი არ ვართ?”, - ამბობენ ისინი.
სამველ სტამბოლციანი დოკუმენტების გადატანას სხვაგვარად აღიქვამს:
“თუ ცნობის მიღება ნინოწმინდაშიც შემიძლია, ჩემთვის სულ ერთია. რატომ შეამცირეს ხუთი თანამშრომელი და მხოლოდ ერთი დატოვეს, მათაც ხომ უნდათ ცხოვრება. რატომ უნდა მიიღოს ერთმა ადამიანმა 1000 ლარი, ხუთმა კი არ იმუშაოს?! კარგი იქნებოდა, 100-200 ლარს ისინიც იღებდნენ”.
დოკუმენტების გადატანა ცენტრალიზაციის მიზნით ხდება. ცენტრალური ეროვნული არქივის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ყველაფერი იქით მიდის, რომ ისეთი დაწესებულებების მუშაობა, როგორიცაა სამოქალაქო, საჯარო რეესტრები და არქივი, ცენტრალიზებული იყოს.
“სამომავლოდ მუშაობა “ერთი ფანჯრის პრინციპით” იწარმოებს. არქივის, სამოქალაქო რეესტრისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ერთად მოემსახურებიან. თუ აქამდე ადამიანები ერთი ადგილიდან მეორეში დადიოდნენ, ახლა ყველაფრის მიღებას ერთად შეძლებენ”, - ამბობს ლუიზა ღლონტი და დასძენს, რომ მოსახლეობას ცნობების მიღებისას პრობლემები არ შეექმნება.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი