ახალი გზის ორი მხარე

 ახალმა გზამ სოფლის სიღატაკე უფრო თვალსაჩინო გახადა.
თურქეთის საზღვრამდე მიმავალი გზის მშენებლობის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაერთი მოსახლე იძულებული გახდა, მიწის ნაკვეთები, ზოგს კი სახლი გაეყიდა. მოსახლეობამ კომპენსაცია მიიღო, მაგრამ კარწახში ჩასულებმა კომპენსაციით კმაყოფილი ვერავინ ვიპოვეთ.

ახაქალაქი-კარწახის ავტომაგისტრალის მშენებლობისას სახელმწიფომ მოსახლეობის ის მიწები შეიძინა, რომლებზეც მაგისტრალს უნდა გაევლო. გზის მშენებლობის დროს სახელმწიფომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების  - ვაჩიანის, სულდას, ბოზალუს, დადეშისა და კარწახის მცხოვრებთა მიწები და სახლები შეიძინა.


ახალქალაქი-სულდას მონაკვეთს ქართული სამშენებლო კომპანია ,,ბი სი გრუპი'' აშენებდა, სულდადან თურქეთის საზღვრამდე კი აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია სს  ,,აზერინშაათსერვისი''.

კარწახის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, გადახდილი კომპენსაციით უკმაყოფილოა. სახელმწიფომ მისი კუთვნილი 1,5 ჰექტარი მიწიდან რამდენიმე არი შეიძინა.

,,უკმაყოფილო ვარ. თუმცა თუ მათ უკვე გადაწყვიტეს, ჩივილს აზრი აღარ აქვს. ერთ კვადრატულ მეტრში ორი ლარი გადამიხადეს. ჩემი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე კომბოსტო რომ დამეთესა ყველაზე მცირე 10 კილოგრამ მოსავალს ავიღებდი, კილო კომბოსტო კი 50 თეთრი ღირს. რასაკვირველია, ზარალში ვარ, რადგან ძალიან ნაყოფიერი მიწა მქონდა'', - ჩივის კარწახელი ფერმერი.

დირექტორი, გარემოს დაცვისა და სოციალური ზემოქმედების საკითხებში ირაკლი ანთელიძის თქმით, ერთ კვადრატულ მეტრზე ორი ლარი ფიქსირებული ფასია, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არის შეთანხმებული.

,,ჩვენ კერძო პირებისგან დაახლოებით 3-4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწა ვიყიდეთ. ერთ მეტრში ორ ლარს ვთავაზობდით, როდესაც პროექტზე ვმუშაობდით, ეს ფასი ეკონომიკის სამინისტროსთან შევათანხმეთ. სახლების კომპენსაციის თანხებთან დაკავშირებით კი არაფერი ვიცი. ეს საკითხი მთავრობამ გადაწყვიტა'', - ამბობს ირაკლი ანთელიძე.

გზის მშენებლობის პერიოდში, მოსახლეობამ, რომელიც  მშენებლობის უბნიდან 25 მეტრის რადიუსში ცხოვრობდა, საცხოვრებელი სახლები დროებით, ექვსი თვით დატოვა, რის სანაცვლოდაც სახელმწიფოსგან 3600 ლარის ოდენობით კომპენსაცია მიიღო. ამ ღონისძიების მიზეზი მშენებლობის დროს შენობების დაბზარვის საფრთხის არსებობა გახდა. თუმცა სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბევრი სახლი, რომლებიც კომპენსაციის პროგრამაში არ მოყვა, დაიბზარა, ზოგ ადგილას ნაწილობრივ ჩამოინგრა კიდეც.

სოფელ კარწახში სახელმწიფომ სამი სახლი შეიძინა. ერთ-ერთი მათგანის მფლობელი 53 წლის გალუსტ დოხოიანია. მართალია, გალუსტის ოჯახმა, სახლის, გომურისა და კარ-მიდამოს სანაცვლოდ 50 ათასი ლარი მიიღო, მოცემული მომენტისთვის მათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ.

,,სოფელში არ არის სახლი, რომ ვიყიდო, ახლა აშენება კი შეუძლებელია. სახლის გაყიდვა არ მინდოდა, მაგრამ მაიძულეს. ახლა ნაცნობებთან ვცხოვრობ.  საქონლის შენახვაც მიჭირს. კომპენსაციის ნაცვლად სოფელში ჩემთვის სახლი შეეძინათ. თივა სხვა ადგილზე მაქვს, ძროხები სხვაგან, ცხვრები კიდევ მესამე ადგილას. ტრანსპორტი მჭირდება, რომ საქონელს თივა ყოველდღე სხვადასხვა ადგილში მივუტანო'', - ჩივის გალუსტ დოხოიანი.

გალუსტ დოხოიანმა გვითხრა, რომ ზაფხულში სახლს ააშენებს მიწის ერთ-ერთ ნაკვეთზე, რომელიც ძალიან ნაყოფიერია.

გზის მშენებლობის პროექტში მოჰყვა მიწები, რომლებიც არენდითაა გაცემული და სახელმწიფოს გლეხებისთვის კომპენსაცია არ გადაუხდია.

ნიკოღოს საღათელიანსა და კარწახის კიდევ 30 მცხოვრებს 20-20 არი მიწა ჰქონდა სოფლის დასაწყისში. მათ ეს მიწები სახელმწიფოსგან ჰქონდათ არენდით აღებული. ავტომაგისტრალის მშენებლობისას ამ მიწების ნაწილიც გამოიყენეს. როდესაც ადგილობრივ მკვიდრებს ამ ნაკვეთების პრივატიზება უნდოდათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ უარი განუცხადა.

,,როდესაც ეს მიწები არენდით ავიღეთ, გაფორმება არ გვიჩქარია, ახლა კი დაგვჭირდა და უარს გვეუბნებიან. მოსახლეობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ჩვენს სოფელში არ აძლევენ არენდით აღებული მიწის პრივატიზების საშუალებას'', - ამბობს ნიკოღოს საღათელიანი.

ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურში მოცემული ფაქტი შემდეგნაირად აგვიხსნეს.

,,არენდით გაცემული მიწების მესაკუთრე სახელმწიფოა. სახელმწიფოს არ სურს ამ მიწების გაყიდვა, რადგან შემდეგ კვლავ მისი გამოსყიდვა მოუხდება'', - ამბობს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ჭილაძე.

ახალი გზის აშენების შემდეგ, რომელიც თითქმის ერთი მეტრით აამაღლეს, ახლომდებარე სახლები და ნაკვეთები თითქოსდა ორმოში მოხვდა, წვიმის წყალი სახლებისა და მიწებისკენ იღვრება, შედეგად კი სახლებში სინესტე გაჩნდა, მიწამ კი ნაყოფიერება დაკარგა.


შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი