2008 წელს დაწყებული ,,100 ახალი საწარმოს'' პროექტის ფარგლებში გადამამუშავებელი საწარმოები მხოლოდ რამდენიმე რეგიონში გაიხსნა. აგროპროექტები სამცხე-ჯავახეთშიც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივად უნდა განეხორციელებინა. მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ,,100 ახალი საწარმოს'' პროექტის განხორციელება, არა მხოლოდ აგრარულ სექტორში გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას, არამედ საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტასაც შეუწყობდა ხელს.
2008 წელს ყვარლის რაიონში ჩატარებული მთავრობის სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ პროექტზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აგროპროექტების განხორციელება რეგიონებში.
,,ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი ასი ახალი საწარმო შეიქმნება. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი გათვლებით, რამდენიმე ათეული და შესაძლოა ასი ათასი ქართველი დავასაქმოთ. თითოეული საწარმო, სადაც მინიმუმ 200 ადამიანი იმუშავებს, რამდენიმე ათას ადამიანს ასაქმებს”, - ეს ამონარიდია პრეზიდენტის განცხადებიდან.
ამ პროექტის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონებში 175 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსი აგროპროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა განხორციელებულიყო. პროექტები ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა თაფლის, ყველის, ხორცისა და ბოსტნეულის (კარტოფილი, კომბოსტო, ხახვი) წარმოებას და გაყიდვას ითვალისწინებდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროექტი დღეს აღარავის ახსოვს. რადგან რეალურად, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ინფორმაციით, ,,100 ახალი საწარმოს'' პროექტის ფარგლებში მხოლოდ 7-8 საწარმო გაიხსნა. მთავრობის თქმით პროექტი 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ განხორციელდა, თუმცა 2010 წელს ისევ უნდა გაგრძელებულიყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურს კითხვებით მივმართეთ თუ რომელ რეგიონებში გაიხსნა აღნიშნული საწარმოები, რა საწარმოებია ეს და იგეგმება თუ არა მიმდინარე წელს დამატებით აგროპროექტების განხორციელება. კითხვებზე პასუხი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვერ მივიღეთ.
როგორც აღმოჩნდა, პროექტის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც არაფერი იციან. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ივანე გელაშვილი პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ამიტომ მან პრეზიდენტის რწმუნებულის სამცხე-ჯავახეთის მხარეში ლაშა ჭკადუას მოადგილესთან, მინდია დევნოსაძესთან გადაგვამისამართა.
მინდია დევნოსაძე სამსახურში არ დაგვხვდა და როგორც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - ია გოგატიშვილმა გვითხრა 2 დეკემბრამდე გუბერნატორის არცერთი მოადგილე სამსახურში არ იქნებოდა: ,,ამ საკითხს ტელეფონით ვერ შევათანხმებ”.
პროექტის შესახებ ინფორმაციას არც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფლობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ, ალექსანდრე კოსტანიშვილმა გვითხრა რომ პროექტის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად ამ საკითხში კომპეტენტური არ არის.
100 უფასო სასადილოს, 100 ახალი სკოლის, 100 საავადმყოფოს აშენება, 100 ახალი საწარმოს გახსნა - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2008-2012 წლებში უნდა განხორციელდეს. თუმცა, რეალურად პროექტები განუხორციელებელი რჩება და მიზეზებზე უკვე აღარავინ საუბრობს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
ამ სტატიის ავტორს მე პრემიას გამოუწერდი.
ReplyDelete