მზადება ავტორიზაციისთვის

ავტორიზაციის გავლა კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მომავალი სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღება ეკრძალებათ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი არლის მცხოვრები თამარ კაჭკაჭაშვილი, შპს სასწავლო უნივერსიტეტი ,,მესხეთის''  სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ფარმაცევტის სპეციალობას ეუფლება და სწავლის ქირას წელიწადში ათას ლარს იხდის. თამარი ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს გაუმართლათ, რადგან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბაკალავრის სახელმწიფო დიპლომს მიიღებენ: ,,ამბობენ, რომ მომავალი წლიდან ვინც ჩააბარებს, იმას დიპლომს აღარ მისცემენ''. 


იმავე ფაკულტეტზე სწავლობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში მცხოვრები ანა ქურდაძეც. მას ცხრა კლასის განთლება აქვს.

,,ფარმაცევტობა მინდოდა და რადგან სხვა სასწავლებელს არ აქვს ეს ფაკულტეტი, ამ უნივერსიტეტზე ამიტომ შევაჩერე არჩევანი'', - ამბობს იგი. 

სასწავლო უნივერსიტეტი ,,მესხეთი'' 2002 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად იგი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული.

,,ადრე სხვა შენობაში ვიყავით, მაგრამ ფართის პრობლემა გვქონდა და  სამი წელია ადგილსამყოფელი შევიცვალეთ'', - განმარტავს შპს სასწავლო უნივერსიტეტი ,,მესხეთის'' დირექტორი ზურაბ ბერიძე. სწორედ ფართის გამო ვერ გაიარა სასწავლებელმა აკრედიტაცია, - ,,არ გვქონდა იმ რაოდენობის ფართი, რასაც აკრედიტაციის დებულება ითვალისწინებდა''.

500 კვადრატულ მეტრი ფართი, რომელიც ამჟამად  ,,მესხეთს''  უკავია, კერძო პირის, ნუგზარ პარუნაშვილის საკუთრებაშია და სასწავლებელი ყოველწლიურად ქირას, 14 ათას ლარს იხდის.

,,არაერთხელ მივმართე გამგეობასაც, საკრებულოსაც, ვითხოვდი შენობას, ან თუნდაც მიწას, 500-600 კვადრატულ მეტრს, რომ ამეშენებინა სასწავლებელი, მაგრამ ვერ გამოინახა'', - ამბობს ზურაბ ბერიძე.  

სასწავლებელში ოთხი ფაკულტეტია: სამედიცინო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და იურიდიული. სხვადასხვა პროფესიას 9 და 12-კლასდამთავრებული 497 სტუდენტი ეუფლება. სწავლა ოთხწლიანია, გამონაკლისი მხოლოდ მედდის საქმეა, რომელიც არის უმაღლეს პროფესიული და სამი წელი გრძელდება. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ბაკალავრის სახელმწიფო დიპლომს იღებენ. თუმცა,   ამ დიპლომის აღიარებისთვის, შესაძლოა მათ დამატებითი გამოცდის ჩაბარება და თანხის გადახდა მოუხდეთ. 

,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებელში გაცემული დიპლომების აღიარების წესი'', - ამბობს ზურაბ ბერიძე და გვიხსნის, რომ მათ, ვისაც კერძო უმაღლესი სასწავლებელი აქვთ დამთავრებული და სამსახურის დაწყებისას პრობლემა შეექმნათ, დიპლომის აღიარებისთვის ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ.

,,მათ უნდა წარადგინონ დიპლომი, სასწავლო პროგრამა, გადაიხადონ 250 ლარი და ჩააბარონ გამოცდა. თუ ვერ ჩააბარებენ, მეორედაც შეუძლიათ სცადონ. თუმცა, დაახლოებით 800-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს და მსგავსი პრობლემა ჯერ არავის შექმნია'', - ამბობს ბერიძე და გვარწმუნებს, რომ მათი კურსდამთავრებულები ნამდვილად მუშაობენ სხვადასხვა სამსახურებში, - ,,ჩვენი კონკურენტების მიერ გავრცელებული ჭორებია, რომ სახელმწიფო ჩვენს დიპლომებს არ აღიარებს''.

მომავალი სასწავლო წლიდან `მესხეთი~ ახალ ნაკადს ვეღარ მიიღებს. სასწავლებელმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს. ბერიძის თქმით, ფართის სიმცირის გამო ისევ პრობლემები შეექმნებათ, ამიტომ სასწავლებელმა გადაწყვიტა, პროფილი შეიცვალოს: ,,ავტორიზაცია იგივე აკრედიტაციაა,  გააჩნია რა დონეს დააკმაყოფილებ. საუბარია შენობის ფართზე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, აკადემიურ პერსონალზე და ასე შემდეგ. თითო სტუდენტზე ოთხი კვადრატული მეტრი არ გვაქვს, ამიტომ შევთანხმდით, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი გავხდეთ''.

სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ, ბაკალავრის დიპლომებს მიიღებენ, ხოლო მომავალი წლიდან პროფილშეცვლილი სასწავლებელი უმაღლეს პროფესიული განათლების მოწმობებს გასცემს. თუმცა იქამდე სასწავლებელმა საზოგადოებრივი კოლეჯისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და ავტორიზაციისთვის საჭირო 7 ათასი ლარი გადაიხადოს.  

რა მოთხოვნები აქვს ავტორიზაციის დებულებას, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლები და რა ბედი ეწევათ მათ, რომლებიც ავტორიზაციას ვერ გაივლან, ამ თემების შესახებ  ,,სამხრეთის კარიბჭე'' მომავალ ნომრებში მოგითხრობთ.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი