სოფელი, რომლის ახლანდელი სახელწოდება მხოლოდ საჯარო სკოლის აბრაზე წერია; ქალები – ზურგზე წყლის კასრებით, “დამუნჯებული” ბავშვები და უვადოდ შეჩერებული მეჩეთის მშენებლობა.
გზა სოფლამდე
ორგანიზაცია “გოუ ჯგუფის” ორგანიზებით ქვემო ქართლში ორდღიანი ჟურნალისტური მისია ეწყობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მარნეულის გავლით მივდივართ. მარნეულამდე გზა ასფალტირებულია. რაც უფრო წინ მივიწევთ, ასფალტს ჯერ ადგილ-ადგილ გაჩენილი ორმოები, შემდეგ ხრეში და ბოლოს წყლით სავსე გუბეები ცვლის.
მარნეულიდან 40 წუთიანი მგზავრობის მერე წარწერა “ტალავერი” გვხვდება და ვხვდებით, რომ სოფელში ვართ. სოფელს “ტალავერი” 90-იან წლებში დაერქვა. “ეს ის პერიოდია, როცა ქვემო ქართლის 37 დასახლებული პუნქტის აზერბაიჯანული სახელწოდება ქართულით შეცვალეს”, - გვიხსნის ორგანიზაცია “ტოლერანსის” თანამშრომელი რამილა ალიევა. “ტოლერანსი” ერთადერთი ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომელიც ქვენო ქართლის მცხოვრებთა უფლებებს იცავს.
“რა მოიგეს ამ ცვლილებით? 20 წელი გავიდა და სოფელს ისევ ფახრალს ვეძახით”, - ამბობს ადგილობრივი ვალიდა ხალილოვა.
სოფლის პრობლემები
სოფელში მისულ ჟურნალისტებს ბავშვები დაგვყვებიან და ცნობისმოყვარეობით გვათვალიერებენ. ერთმანეთის ენა არ გვესმის, ხელის მოძრაობით ცდილობენ გაგვაგებინონ, რომ ჩვენთან ფოტოების გადაღება უნდათ. თანასოფლელების დახმარებით ვიგებთ, რომ წლებია სკოლაში ქართულს ლიკა მასწავლებელი ასწავლით. ოღონდ თავად ქართულად იმასაც ვერ გვეუბნებიან, რა ჰქვიათ.
სოფელში სამი საჯარო სკოლაა, სამივე აზერბაიჯანულენოვანი. საბავშვო ბაღი არ აქვთ. “ადრე იყო და გაუქმდა. არც არის საჭირო, ქალები მაინც არსად მუშაობენ”, - გვეუბნება ხოჯა ადილ ნაბიევი.
ჟურნალისტებს მხოლოდ მამაკაცები გვესაუბრებიან. ქალები არც ახლოს მოდიან, არც საუბარში ერთვებიან. ვალიდა ხალილოვა გამონაკლისია, ერთი შეხედვით იგრძნობა, რომ სოფელში მას ყველა დიდ პატივს სცემს. მიზეზს თავადვე გვიხსნის: “ორჯერ ვარ მექაში ნამყოფი. ერთხელ გარდაცვლილი მეუღლის, მეორედ კი შვილის გამო. მექასა და სხვა წმინდა ადგილებში მოლოცვა ავტორიტეტსა და სიბრძნეს გმატებს”.
სოფელში გასულებს გზაზე წყლის ჭურჭლით დატვირთული ქალები გვხვდებიან. “კაცებს სხვა საქმე აქვთ”, - გვიხსნიან მოკლედ და გვშორდებიან. სახლებში წყალი არავის აქვს. სოფლის რამდენიმე წყაროზე კი წყალი მთელი დღის განმავლობაში დის.
“სახლებშიც რომ ჰქონდეთ, მარაგი არ არის, სოფლის მაღლა მხარეს ვერც ავა წყალი, წნევა არ ეყოფა”, - გვარწმუნებს საკრებულოს დეპუტატი კარა მამედოვი.
გზა
სოფელშიც ამორტიზებულია. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ წელს ერთი კილომეტრი სიგრძის გზა მოაასფალტეს და მომავალ წელსაც იმავეს გეგმავენ. “სტადიონი შემოვღობეთ, გზა და პატარა ხიდი
გავაკეთეთ, წყლის გამწმენდი ნაგებობა გავაკეთეთ და რამდენიმე წყარო დავამატეთ სოფელში. მომავალ წელს გზის კიდევ ერთ კილომეტრს და კულტურის სახლს გავაკეთებთ”, - ამბობს კარა მამედოვი. ჩვენს კითხვაზე, სოფელზე წელს რა თანხაა დახარჯული, გვპასუხობს, რომ 65 ათასი ლარი და არ გვთანხმდება, რომ მომავალ წელს კულტურის სახლს გზის ბოლომდე გაკეთება ჯობს.
შეჩერებული მშენებლობა
ამ ეტაპზე სოფლის მთავარი პრობლემა მეჩეთის მშენებლობის დასრულებაა.
“XX საუკუნის დასაწყისში აგებული მინარეთი საბჭოთა კავშირის დროს საქონლის სადგომად იქცა. 70 წლის განმავლობაში მეჩეთს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული. წლების განმავლობაში სალოცავის კედლები ჩამოინგრა. გასულ წელს მისი აღდგენა გადავწყვიტეთ”, - გვიამბობს მშენებლობის ინიციატორი 66 წლის ვალიდა ხალილოვა. მეჩეთის რესტავრაცია ადგილობროვებმა საკუთარი სახსრებით, 2009
წლის 6 აპრილს დაიწყეს, თუმცა 15 სექტემბერს შეაჩერეს. კარა მამედოვისგან ვიგებთ, რომ მშენებლობის შეჩერების მიზეზი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების ქმედება გახდა: “მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს ქართული მიწაა და მეჩეთის მშენებლობის უფლება არ გვაქვს. საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩავაყენეთ და გუბერნიაც. სახალხო დამცველის აპარატიდანაც მოვიდნენ, ყველამ გვირჩია სიტუაციის დაძაბვას მოვრიდებოდით”. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები სოფელში ხუთი თვის განმავლობაში მორიგეობდნენ.
მიმდინარე წლის თებერვალში ტალავერის მცხოვრებლებმა საქართველოს პრეზიდენტს, კულტურის სამინისტროს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საპატრიარქოს წერილი მისწერეს და მეჩეთის მშნებლობის ნებართვა ითხოვეს. წერილზე პასუხი მხოლოდ საპატრიარქოსგან მიიღეს.
“მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ საქართველოს საპატრიარქო არსოდეს ერევა მსგავს ქმედებებში და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია თქვენს სოფელში აღადგინოთ თქვენი სარწმუნოების სალოცავი. ნებისმიერი ქმედება სალოცავის აღდგენის წინააღმდეგობისა არ იქნება მოწონებული საპატრიარქოს მხრიდან. იგი ჩაითვლება პიროვნების თვითნებობად”, - ნათქვამია ხოჯა ადილ ნაბიევის სახელზე გამოგზავნილ 12 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მამა მიქაელ ბოტკოველი აწერს ხელს.
როგორ გაგრძელდება მოვლენები მეჩეთის ირგვლივ, არავინ იცის. როგორც ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, საპატრქიარქოში მსგავსი წერილის გაგზავნას უარყოფენ. სხვა ინსტანციები დღემდე დუმან, ადგილობრივები კი კონფლიქტებს ერიდებიან და ოფიციალური ნებართვის მიღებამდე მხოლოდ კედლების დონემდე აშენებულ, გადაუხურავ მეჩეთში ლოცულობენ.
“გვინდა ბუნებრივი გაზი; ნორმალური გზა, რომ მყიდველები აქვე მოდიოდნენ; სასმელი წყალი; ქართულის მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ თავად კი არ ისწავლიან ჩვენს ენას, ჩვენც გვასწავლიან ქართულს; ისეთი დეპუტატები პარლამენტში, რომელთაც სახელმწიფო ენა ეცოდინებათ და ჩვენს ინტერესებს დაიცავენ და არამარტო ჩვენი, ზოგადად ქვემო ქართლის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება”, - ასეთია გზავნილი ტალავერიდან.
ნინო ნარიმანიშვილი, ბოლნისი
ამავე თემაზე:
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი