საარჩევნო პლაკატების ნარჩენებშერჩენილი ქალაქი. |
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ხუთი თვე გავიდა. ,,ცხელი პოლიტიკური პერიოდიდან’’ ქალაქს ახლა მხოლოდ მაღაზიების ვიტრინებზე, კედლებსა და ბილბორდებზე მოფრიალე ფერდაკარგული პლაკატები შემორჩა, ისიც უმეტესად მხოლოდ ერთი, მმართველი გუნდის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის ინფორმაციით, 2010 წლის 30 მაისს გამართულ არჩევნებში 17 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. ამათგან, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის მხოლოდ ხუთი პარტია იბრძოდა: ,,ალიანსი საქართველოსთვის’’, პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაცონალური მოძრაობა’’, ,,ეროვნული საბჭო’’, ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება’’ და ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია.’’
საარჩევნო პერიოდში აღნიშნული პარტიებიდან ახალციხეში ოფისი არ ჰქონდა მხოლოდ ,,თორთლაძე – დემოკრატიულ პარტიას’’. არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, ქალაქში აღარც ,,კონსერვატიული პარტიის’’ ოფისი ფუნქციონირებს. ,,ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანების’’ ოფისი იმ შემთხვევაში იღება, როცა გაერთიანების წევრები რაიმე შეხვედრას გეგმავენ.
,,ზაფხულში შვებულება გვქონდა, ახლა ისევ განვაახლეთ მუშაობა. ბოლო ერთი თვეა, განსაკუთრებით გავაქტიურდით, მიმდინარეობს ახალი წევრების გაერთიანება პარტიაში’’, - გვიამბობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი ნუგზარ თამარაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის საჭირო სახსრები არ აქვთ, ამიტომ პერიოდულად შეხვედრებს პარტიის ოფისში მართავენ: ,,დევნილებთან გვქონდა შეხვედრა, კონკრეტული პრობლემები ჰქონდათ და მათ მოგვარებას გვთხოვდნენ. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა პენსიონერებთანაც. ახლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ ოფისიც მთელი დღის განმავლობაში ღია იქნება’’.
,,საქართველოს რესპუბლიკური პარტიის~ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და `საქართველოს რესპუბლიკური პარტიის’’ ეროვნული კომიტეტის წევრი თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ ახლა მუნიციპალიტეტში პოლიტიკურად ,,ძალიან მკვდარი სიტუაციაა’ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ,,როგორ შეიძლება ცოცხალი სიტუაცია იყოს, როდესაც ზეწოლის ქვეშ ხარ შენც და შენს ირგვლივ ყველაც?! ძნელია, იყო აქტიური, როდესაც ადამიანები ისჯებიან შენთან ურთიერთობისთვის’’.
თამარ გოგოლაძე ფინანსურ პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ამ პრობლემის წინაშე შემთხვევით არ აღმოჩენილან: ,,ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ფინანსები ბევრ რამეს წყვეტს და ამისთვის ზრუნავს. ვერავინ დაგაფინანსებს, გვეუბნებიან, ვიცით, რომ ვერ დაგვიცავთო. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ! ეს ძალიან წრიული პროცესია!”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი, მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მუშაობა ჯანსაღ კრიტიკას უნდა ეფუძნებოდეს: ,,ასეთი ოპოზიცია ძალიან გეხმარება, გავალდებულებს, რომ უნდა გააკეთო, თუ არა და შერცხვენილი გამოხვალ. ხედავს ოპოზიცია, რომ ქალაქში რაღაცები გაკეთდა, ვერავინ იტყვის, რომ ჯიბეში ჩავიდეთ ფული’’.
თამარ გოგოლაძის აზრით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი თითქმის მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს: ,,დადიან აქეთ-იქით, იყენებენ იმას, რისი გამოყენების უფლებაც არ აქვთ, ყველაფერს პარტიის სახელით აკეთებენ. ოპოზიციისთვის კი ყველა კარი დახურულია, საქართველოში ოპოზიციონერობა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს’’.
მისგან განსხვავებით, ახალციხეში მცხოვრები გოჩა ნათენაძე ფიქრობს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში არც პოზიციაა აქტიური და არც ოპოზიცია: ,,აქტიურობად მათ მხოლოდ საარჩევნო კამპანია მიაჩნიათ. ეს კი ასე არ არის, აქტიურობა შეიძლება ძალიან ყოფითი და ძალიან სოციალური, რიგითი პრობლემით იყოს გამოხატული. ჩვენთან, სამწუხაროდ, ყველაფერი უკუღმაა გაგებული და პოლიტიკური აქტიურობა იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ შენ მხარს უჭერ ან არ უჭერ რომელიმე პარტიას’’.
გოჩა ნათენაძე ამბობს, რომ ამ თემასთან პირდაპირი თუ არა, ირიბი კავშირი აუცილებლად აქვს ამომრჩევლების აქტიურობას: ,,სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყოს ძლიერი. ამომრჩეველი ელოდება არჩევნებს, რომ დაინახოს ვინ რას წარმოადგენს. საარჩევნო სუბიექტიც ელოდება არჩევნებს, რომ დაიწყოს გაყიდვა ან ყიდვა. მისი წინასაარჩევნო საქმიანობა მხოლოდ ვაჭრობას ემსგავსება და იმ წუთში ხმის მოპოვებაზე, ადამიანის ,,დათრევაზეა’’ მიმართული’’.
ასოციაცია ,,ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ რეალური ოპოზიცია რეგიონში არც არასდროს ყოფილა. პარტიები მხოლოდ წინასაარჩევნოდ, სოკოებივით ჩნდებიან და შემდეგ ქრებიან: ,,სცოდავს ამომრჩეველიც და პარტიაც. ამომრჩეველი იყიდება წინა პერიოდში, აქ ბევრი ფაქტორი არსებობს, ნათესაურიც, კლანურიც, ისიც, რომ აზრზე არ არიან ვინ რისი გამკეთებელია. მახსოვს, თუნდაც 2000 წელს, ყველამ იცოდა რამდენი იყო ბიუჯეტი, რა მუხლში რა თანხა იყო ჩადებული. დღეს საერთოდ ნიჰილიზმია და არავის არაფერი აინტერესებს’’.
გოჩა ნათენაძეც დასძენს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთ-ერთი აუცილებლობა მოსახლეობის გააქტიურებაა: ,,აუცილებელი არ არის, ყველა პოლიტიკით ვიყოთ დაკავებული და ვფიქრობდეთ, რა ხდება მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ, ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობიდან იწყება. ჩვენ ხელი მიგვიწვდება გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იქ მიიღება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ამით აუცილებლად უნდა ვიყოთ დაინტერესებული’’.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი