პირუტყვის ინფექციები და პრევენცია


ბოლო თვეებში სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა ინფექციური დაავადებები გახშირდა. იცის თუ არა მოსახლეობამ, რატომ იხოცება პირუტყვი და როგორ შეიძლება ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება?

ცხოველთა ინფექციური დაავადებების მასობრივი შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორი თვის წინ დაფიქსირდა. მოსახლეობის თქმით, ცხოველები თურქულით დაავადდნენ. ასპინძის შემდეგ დაინფიცირდა ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრები მოსახლეობის 90-მდე სული საქონელი. თურქულთან ერთად ახალმა დაავადებამაც იჩინა თავი. რამდენიმე კვირის წინ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლასიკური ღორის ჭირით ღორები დაიხოცა.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია IAAD-ის ხელმძღვანელის, ვეტერინარ ამირან კოჩალიძის თქმით, აღნიშნული დაავადებების გავრცელების მიზეზი არასწორად დაგეგმილი და არადროულად გატარებული ვეტერინალური ღონისძიებებია: სეზონური ვაქცინაციები წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდესადრე გაზაფხულზე და შემოდგომით. ვაქცინა კი დღეისათვის ძირითადად ფასიანია. ცხოველთა მასობრივი დამუშავებისათვის დაფინანსებას და კონტროლს სახელმწიფო მთლიანად ვერ უზრულნველყოფს”.

ვეტერინალურ აფთიაქებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობა ცხოველთა სხვადასხვა დაავადების სამკურნალო წამლებს ხშირად ყიდულობს. ძირითადად, თურქულის სადეზინფექციო საშუალებებს კითხულობენ, რომელთა ფასიც 50 თეთრიდან იწყება, თუმცა ერთი ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა და მხოლოდ ერთი ძროხისთვისაა საკმარისი.  

თურქულზე მკურნალობა შეიძლება, მაგრამ სასურველია, თავის დროზე ვაქცინით აიცრას და არ დაავადდეს ცხოველი. მთელი ზაფხული ეს პრობლემა იყო და ხშირად გვაკითხავდნენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც  მყიდველთა რაოდენობამ იკლო”, - ამბობს ვეტაფთიაქის გამყიდველი და ამატებს, რომ არსებობს გარკვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს მიეკუთვნება და მათი ვაქცინა აფთიაქებში არ იყიდება.

იმ დაავადებების შემთხვევაში, რომელიც განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს არ მიეკუთვნება, მოსახლეობა ვალდებულია, თავად იზრუნოს დაავადებულ ცხოველზე”, - ამბობს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ვერიკო გულუა. მისივე თქმით,  სამცხე-ჯავახეთში ძირითადად ნეკრობაქტერიოზისა და სტომატიტის შემთხვევები ფიქსირდება. აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია და განკურნებასაც ექვემდებარება.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა
პირუტყვს საეჭვო სიმპტომს შენიშნავენ.

მოსახლეობამ არ იცის, ცხოველები რა დაავადებით ავადდებიან. მოდიან კითხულობენ, ასეთი და ასეთი სიმპტომები აქვთ და რითი შეიძლება ვუმკურნალოთ. არსებობს გამოსარეცხი საშუალებები. მაგრამ თუ ვირუსული დაავადებებია, ის უკვე აღარ იკურნება”, - ამბობს ახალციხის აგრარულ ბაზარში მდებარე ვეტ-აფთიაქის გამყიდველი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ცხოველთა სხვადასხვა სახის ინვაზიური და პარაზიტული დაავადებებია დამახასიათებელი. ინფექციურ დაავადებებს განეკუთვნება ციმბირის წყლული, თურქული, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, პასტერელოზი, ემკარი და ცოფი.

ასევე, არსებობს ღორის დაავდებებიც, რომელებიც სამცხე-ჯავახეთში ხშირად ვლინდება: წითელი ქარი, პასტერელოზი, ღორის კლასიკური ჭირი და ასევე ღორის აფრიკული ჭირი. ხოლო, რაც შეეხება ინვაზიურ დაავადებებს, ამ ჯგუფს ფასცილიოზი, დიქტიოკაულოზი, პარამფისტომატოზი, კანის ბორა და თელაზოიზი მიეკუთვნება.

ამირან კოჩალიძე იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლებიც რეგიონში გავრცელებულ დაავადებებს ახასიათებს: თურქულით დაავადების შეთხვევაში პირუტყვს პირიდან უწყვეტად მოსდის წებოვანი სითხე და ჩლიქებზე ღია წყლულები აქვს. სტომატიტი მეორადი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან ძირითადად სხვა დაავადების შედეგად წარმოიქმნება. მაგალითად, თურქულის დროს პირუტყვში მკვეთრადაა გამოხატული სტომატიტი. იგი შეიძლება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდეს. ღორის ჭირის ნიშნები კი ყურების სილურჯით, ორიენტაციის არევითა და დამბლით ვლინდება”.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი