ნაცრისფერი სოფელი

სოფელი, სადაც წლის ამ პერიოდისთვის უჩვეულოდ თბილი შემოდგომაა; ამორტიზებული გზა, რომელზეც წელს 12 ათასი ლარი დაიხარჯა; მოსწავლეები ახალი სკოლის მოლოდინში და ადგილობრივების მძიმე ყოფა. 


სოფელი სამსარი ახალქალაქიდან 27 კილომეტრითაა დაშორებული. ვიცით, რომ სოფელი მთებში მდებარეობს და ვიდრე ავალთ, რამდენიმე დასახლებული პუნქტი უნდა გავიაროთ. ,,თბილად ჩაიცვით, ახლა იქ თოვლი იქნება, შეიძლება ვერც ახვიდეთ'', - უკვე ,,მარშუტკაში'' მსხდომებს გვაფრთხილებს იმ სასტუმროს დიასახლისი, სადაც ჟურნალისტური მისიის მონაწილეები ვცხოვრობთ. 
ხულგუმო, არაგვა, კოთელია, ბარალეთი და იხტილა – ის სოფლებია, რომლებსაც გზად გავდივართ. ყველა მათგანი თითქმის ერთნაირია: ეზო არცერთ სახლს არ აქვს; ღობეები უმეტესად ქვისაა და თან მორყეული; ყველგან ერთ, ან ორსართულიანი ნაცრისფერი, ფანჯრებზე ცელოფნებაკრული ძველი სახლებია; იქვეა    თივის ზვინები და მზეზე გასაშრობად გამოფენილი ოთხკუთხედი წივის (გამხმარი ნაკელი) გროვები.  



ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, სოფელ პატარა სამსარში ვართ.   სოფლის ცენტრში, ,,ბირჟაზე''  კაცები კარტს თამაშობენ, ერთ-ერთი მათგანი ჩვენსკენ მოდის, გვეუბნება, რომ ამ სოფლის რწმუნებულია და მეგზურობას გვთავაზობს.     
სოფელი პატარა სამსარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მთა სამსარის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2010 მეტრზე მდებარეობს. სოფელში დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობს. იქაურობის გაცნობას ნახევრად გამოქვაბული, გუმბათოვანი, VIII-IX საუკუნეების სალოცავიდან ვიწყებთ.


,,2005 წელს ამ გამოქვაბულების გასაწმენდად თბილისიდან ახალგაზრდების ჯგუფი ჩამოვიდა. მათ სალოცავის დასუფთავება ადგილობრივებთან კონტაქტის გარეშე დაიწყეს. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობას უთხრეს, რომ მათ ამ მიწაზე და სალოცავზე არანაირი უფლებები არ ჰქონდათ, რადგან ეთნიკურად ქართველები არ იყვნენ. ამ ფაქტს ინციდენტი მოჰყვა'', - გვიხსნის ჟურნალისტური მისიის ხელმძღვანელი, ორგანიზაცია ,,გოუ ჯგუფის''  დირექტორი მარგარიტა ახვლედიანი. ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რასაც სალოცავის შესახებ ვიგებთ. როგორც ჩანს, ადგილობრივებს ყოფითი პრობლემები იმდენად აწუხებთ, რომ სალოცავთან დაკავშირებული ინციდენტი არ ახსოვთ.   მათ არც ის იციან, როდის გაჩნდა და რას ამბობს გამოქვაბულის ერთ-ერთ ქვაზე არსებული სავარაუდოდ, სომხური წარწერა.

ადგილობრივების პრობლემებით დაინტერესებულს, სოფლის რწმუნებული ჰოვანეს ხაჩატრიანი უნდობლად გვხვდება: ,,რითიმე შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? რომ დაწერთ მერე რა?! პრობლემები გვაქვს, არცერთი ქართული არხი არ აჩვენებს, თქვენ შეგიძლიათ ეს პრობლემა გადაჭრათ?! ,,იმათ“ ეს კარგად იციან და რომ შეეძლოთ, თავადაც დააყენებდნენ ანტენას''.

ამის შემდეგ, სოფლის რწმუნებული მთელი დღის განმავლობაში არ გვშორდება და აღარაფერს ამბობს პრობლემების შესახებ: ,,ახლა ნორმალური გზაა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'' ფარგლებში გაკეთდა. მოსკოვი ერთ დღეში ხომ ვერ აშენდება?! ნელ-ნელა ყველაფერი კეთდება. ორი წლის წინ საერთოდ ვერ დადიოდა მანქანები, ახლა ყველა მანქანა ამოდის. პრობლემები არ გვაქვს, შუქიც არის, წყალიც, გზაც, პურიც, ცხოვრება შეიძლება''.

საუბარში სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ერთვებიან. ყველა მათგანი პრობლემებზე საუბარს გზით იწყებს: „რომ მოდიოდით, ხომ ნახეთ გზა როგორ მდგომარეობაშია. ზამთარში იკეტება“.

,,გზა იკეტება, მაგრამ წმენდენ'', - საუბარში ერთვება რწმუნებული და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ 6-7 წელია გზა არ ჩაკეტილა, - ,,როგორც კი თოვლი მოვა, დავრეკავთ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და ტექნიკას გზავნიან''.

სალოცავიდან სოფლისკენ ფეხით მივდივართ. გზა უკვე განაცრისფერებულ, გამომშრალ, მოხნულ მიწის ნაკვეთებზე გადის. როგორც ჩანს საგაზაფხულოდ მიწები მოსავლის აღებისთანავე მოამზადეს. 

ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყარო მიწათქმოწმედება და მესაქონლეობაა.

,,ერთ ოჯახს დაახლოებით ერთი ჰექტარი და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს საკუთრებაში. ძირითადად კარტოფილი მოგვყავს და მერე სხვადასხვა პროდუქტებზე ვცვლით'', - გვიამბობს ადგილობროვი ვარაზდატ ხაჩატრიანი. 

22 წლის რომან ავაკიანი ახალქალაქში დაცვის სამსახურში მუშაობდა. ამჟამად უმუშევარია და ოჯახის წევრებს მიწების დამუშავებაში ეხმარება.

,,ოჯახიდან არავინაა დასაქმებული. კარტოფილს ვთესავთ, ძროხები გვყავს, ყველს ვაკეთებთ და მერე ჩვენს პროდუქტს თბილისში ვყიდით'', - ამბობს იგი და გვიხსნის, რომ გასაყიდად პროდუქტები თბილისში ნაქირავები მანქანებით მიაქვთ და ერთ კილოგრამ კარტოფილზე მძღოლს 10 თეთრს უხდიან.

სოფლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ თბილისში, ახალქალაქშიც არ დადის.

,,წლებია, ვითხოვთ გამგეობაში, რომ ავტობუსი დაგვინიშნონ, მაგრამ არაფერს ამბობენ. ვისაც „მარშუტკა“ ჰყავს იმას 10 ლარს ვუხდით და მივყავართ ახალქალაქში'', - ქართულად გვესაუბრება 78 წლის აზა გაბრიელიანი, სოფლის რწმუნებულის სომხურ ენაზე ნათქვამ შენიშვნებს არ უსმენს და საუბარს აგრძელებს, - ,,ეს უპატრონო სოფელია, არავინ არ მოდის. ვინ მოვა? ხედავთ, რა გზაა?!''

წლის ამ პერიოდში ადგილობრივების უმთავრესი საზრუნავი ზამთრისთვის საჭირო საწვავის მომარაგებაა. ის ვინც კარტოფილს ვერ ყიდის და სხვა შემოსავალი არ აქვს, სახლს წივით (გამხმარი ნაკელი) ათბობს.

,,ზოგი შეშით თბება, ზოგი წივით. შეშა, რა თქმა უნდა, ძვირია. აი, მაგალითად, შეშის ვაუჩერები, რომელიც ბატონმა სააკაშვილმა მოგვცა, ჯერაც არ გამოგვიყენებია. გვეუბნებიან წადით ბაკურიანში და იქიდან მოიტანეთო, ბაკურიანი კიდევ ძალიან შორია, 70 კილომეტრია იქამდე'', - გვეუბნება სამსარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნოდარ მანუკიანი.

სამსარის საჯარო სკოლა, სადაც 70 მოსწავლეა, დეფიციტურია. დირექტორი ვანიკ ავაკიანი ამბობს, რომ ყოველთვიურად დეფიციტი 2 500 ლარია, რომელსაც განათლების სამინისტრო უვსებთ. სკოლის შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ახალი სკოლის მშენებლობა დამთავრდება, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გაკვეთილები ერთ-ერთ კერძო სახლში უტარდებათ. მიწით გადახურული ძველი შენობა, სადაც ორი ოთახია და ფანჯრებზე დახეული ცელოფნები ფრიალებს, სათავსოს უფრო ჰგავს.   

,,ამბობენ, რომ მალე ახალი შენობა გვექნება'', - გვეუბნება ნოდარ მანუკიანი, რომელსაც სკოლაში მუშაობის 34-წლიანი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, სკოლას სხვა პრობლემა არ აქვს. კადრები საკმარისად ჰყავთ და მოსწავლეებმა ქართული ენა იციან, - ,,წელს, მაგალითად, ათი კურსდამთავრებულიდან შვიდმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. აქედან, ერთმა თბილისში, დანარჩენებმა ახალქალაქში და ერევანში''.

მისი სამი ვაჟიდან ორი რუსეთშია, მეუღლე დიასახლისია. მანუკიანების ოჯახი გამონაკლისი არ არის. თითქმის ყველა ოჯახის უფროსი სამუშაოდ რუსეთშია წასული და ყველა საოჯახო საქმეს ქალები აკეთებენ.

,,მთელი დღე, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, უამრავი საქმე გვაქვს,  პირუტყვის მოვლა, ოჯახის მოვლა, სადილის მომზადება, მინდორში მუშაობა. ქალებს უფრო მეტი საქმე გვაქვს, ვიდრე კაცებს, მაგრამ მივეჩვიეთ'', - გვეუბნება რიმა ხაჩატურიანი.

სოფელში არც ამბულატორიაა და არც სოფლის ექიმი ჰყავთ.  
ანნო მანუკიანი ამბობს, რომ როცა სჭირდებათ, მეზობელ სოფელში მცხოვრები ექიმი ეხმარებათ.

,,წლების წინ ფეხმძიმე ქალები სახლში აჩენდნენ შვილებს. ახლა გზა კარგია და საავადმყოფომდე მისვლაც არაა პრობლემა'', - ამბობს
ბარალეთის თემის (ამ თემის გაერთიანებაში შედის სოფელი პატარა სამსარიც) რწმუნებული სერგო ლაგზიანი. მისი თქმით, გზა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'' ფარგლებში მოიხრეშა, რისთვისაც 12 ათასი ლარი დაიხარჯა. გასულ წელს, ამ პროგრამის თანხებით სასაფლაო შემოღობეს.

სოფელში უჩვეულოდ თბილა; ანაჰიდ მანუკიანი სახლის წინ ზის, და წინდების მოსაქსოვად ძაფს ართავს. რამდენი შვილი ჰყავს, ვერ იხსენებს, დასახმარებლად შვილს ეძახის და მისი დახმარებით გვეუბნება, რომ სამი შვილი, ცხრა შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი ჰყავს. არც ასაკი ახსოვს, დაფიქრების შემდეგ გვეუბნება, რომ 1932 წელსაა დაბადებული: ,,ხელსაქმე შვილიშვილებსაც უნდა ვასწავლო'', - გვეუბნება და იქვე მდგარი გოგონებისკენ გვახედებს.  

მართალია თოვლი ჯერ არ მოსულა, მაგრამ გზის ჩაკეტვის შიშით ზამთრისთვის საჭირო საკვები პროდუქტები და ათობით ტომარა ფქვილი, თითქმის ყველა ოჯახს მომარაგებული აქვს. ხაჩატრიანების ოჯახმა შეშის მომარაგება ვერ მოასწრო, ვიდრე გზა გახსნილია, ვირის ორთვალით ახალქალაქში კარტოფილი გასაყიდად მიაქვთ და იმედი აქვთ, რომ აღებული ფულით შეშის ყიდვას შეძლებენ.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი