წყლის ნაცვლად რიტუალების სახლი
მოსახლეობის არჩევანი წყალი იყო, თუმცა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით”, სოფელში, რიტუალების სახლი გადაიხურა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 128 კომლი, 416 სული ცხოვრობს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 2009 წელს სოფელი დიდ სმადა 4 740, ხოლო 2010 წელს 11 332 ლარით დაფინანსდა.
თანხის გაზრდას ადგილობრივები ასე ხსნიან ,,წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და თანხა ამიტომაც გაიზარდა”.
2009 წელს სოფელში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სარწყავ-საგუბარი გაკეთდა, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლომდე იქაც არ დასრულებულა საქმე.
2010 წელს კი დიდ სმადაში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” რიტუალების სახლი გადაიხურა.
რიტუალების სახლად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშნის მსგავსად, აქაც თავლა გადაკეთდა.
სოფელში ადგილობრივები სამ ძირითად პრობლემას ასეთი თანამიმდევრობით ასახელებენ: სასმელი წყალი, გზა და რიტუალების სახლი.
მედიკო გელაშვილი სოფელ დიდი სმადის მკვიდრია.
,,58 წლის ვარ და დაბადებიდან დიდი სმადაში ვცხოვრობ, მეც და ჩემს მამა-პაპას წყლის პრობლემა გვქონდა მუდამ. პირველ რიგში უმჯობესი იყო წყლის გაკეთება, მერე გზა და მერე რიტუალები, მგონი ყველას ასე ურჩევნია”, - გვითხრა მან.
დიდ სმადაში ეზოებში წყალი არ აქვთ. სოფელში რამდენიმე ონკანია, საიდანაც მოსახლეობა სასმელ წყალს ეზიდება.
,,ზაფხულში წყალზე სულ ჩხუბია და მუდამ რიგებია ,,კრანებთან”,
- ამბობს მედიკო გელაშვილი და ამატებს: სასმელი წყალი აქ არაა, გზა არ გვაქვს, ამიტომაც ახლაგაზრდები სოფლიდან გარბიან. სოფელი ცარიელდება. მადლიანი და ნოყიერი ადგილი კი არის, მაგრამ ხელი რომ არ გეწყობა, ვერაფერს აკეთებ”.
ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ისინი ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
,,რიტუალების სახლი გაკეთდა”, -ამბობენ ისინი, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი ან კონკრეტულად რა გაკეთდა, ვერ აკონკრეტებენ.
სოფელში არიან ისეთები, რომლებსაც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ და სამუშაოების განხორცილებაში ფიზიკურად მიიღეს მონაწილეობა.
,,შეძენილი იქნა სამშენებლო მასალები სახურავის სახით. შიფერი გოფრირებული თუნუქის სახურავით შეიცვალა. მთლიანი თანხა რიტუალების სახლის სახურავს მოხმარდა”, - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა.
მისი თქმით, პრიორიტეტების გამოკვეთა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელის სიმონ პარუნაშვილს სოფლებში გასვლების დროს მოხდა.
,,კრებებზე მოსახლეობა მოდიოდა. ასპროცენტიანი დასწრება არ იყო, მაგრამ უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით ხდებოდა ყველგან პრიორიტეტების დასახელება”, -დასძინა არსენ ბალახაშვილმა.
ადგილობრივი შოთა ხარშილაძე მიიჩნევს, რომ რიტუალების სახლის გაკეთება სოფლისთვის მართლაც პრიორიტეტული იყო, თუმცა გამოყოფს ერთ ფაქტს, რომ ჯერ არც 2009 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პრიგრამით” დაწყებული სარწყავ-საგუბარის სამუშაოები და არც წლევანდელი რიტუალების სახლის მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ არის.
,,ოჯახში, ხაჭაპური იმან უნდა გამოაცხოს, ვისაც ეხერხება. ასეა სოფელშიც, საქმე უნდა მიანდო გამცდილ ადამიანს და ის ბოლომდე, ყველაფერს, კარგად გააკეთებს”, - ამბობს შოთა ხარჩილაძე.
რიტუალების სახლს 11 332 ლარიანი გოფრირებული თუნუქის სახურავი ამშვენებს, თუმცა ფანჯრები ჩასასმელია, შესასვლელი კარები გამოსაცვლელია და შენობა მთლიანადაა გარედან გასალესი.
კითხვაზე – თვლით თუ არა, რომ უნდა გაგრძელდეს სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელება? - ყველამ ერთხმად განაცხადა თანხმობა.
ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს პრიორიტეტების განსაზღვრაში უფრო მკაცრები და მომთხოვნები იქნებიან.
,,ჩვენი ფულია და ჩვენდა სასიკეთოდ უნდა მოვიხმაროთ”, - განაცხადეს მათ.
გულო კოხოძე, ადიგენი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი