შეიცვლება თუ არა საარჩევნო კოდექსი, მომავალ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი შეთავაზება და ხელისუფლების პასუხი.
ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნის მიზნით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დაიწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებული ყველა პოლიტიკური ძალა 10 ნოემბერს პარლამენტში მიიწვია და განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, სათანადო გარემო უნდა შეიქმნას. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო გარემოზე ფიქრი რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა რვა ოპოზიციურმა პარტიამ 4 ოქტომბერს შეიმუშავა.
ცვლილებების პროექტზე ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია ერთობლივად მუშაობდნენ. პარტიებმა მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც სთხოვეს.
მოლაპარაკების დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საუბარი ,,სუფთა ფურცლიდან, მზა დოკუმენტებისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა დაწყებულიყო’’. 11 ნოემბერს ოპოზიციის შეთავაზებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა თემაზე შეიძლება მოლაპარაკება, გარდა მაჟორიტარული სისტემის შეცვლისა. ეს განცხადება ოპოზიციურმა პარტიებმა ,,ულტიმატუმად’’ შეაფასეს.
ოპოზიციური პარტიების წინადადებათა პაკეტი ხუთ თემას მოიცავს: პარლამენტის საარჩევნო სისტემა; საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი; ამომრჩევლთა სიების შედგენის წესი; არჩევნების დღის პროცედურები და საარჩევნო დავების განხილვის სისტემა.
წინადადება #1 - პარლამენტის საარჩევნო სისტემა
ოპოზიციური პარტიების პოზიციაა, რომ 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი აირჩეს პროპორციული სისტემით; 75 კი რეგიონულ-პროპოციული სისტემით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. ორივე სისტემისთვის საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტი უნდა იყოს.
,,გასულ საპარტლამენტო არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ 75 მაჟორიტარული ადგილიდან 71 მანდატი აიღო. ეს რომ გამოირიცხოს, ამიტომ შეიმუშავეს პარტიებმა ახალი სისტემა. მართალია, არც ისე ადვილია ამ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ეს ოპოზიციას აძლევს შანსს, რეალურად გაიყვანოს ერთი კაცი მაინც. ვთქვათ, თუ სახელისუფლო პარტიამ გაიყვანა ოთხი, ორს მაინც გაიყვანს ოპოზიცია’’, - ამბობს ,,კონსერვატიული პარტიის’’ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.
წინადადება #2 - საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი
მეორე წინადადება გულისხმობს ცესკოს დაკომპლექტებას პარიტეტის პრინციპით, 7 კვალიფიციური სუბიექტის მიერ. პარტიების თქმით, მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ადგილები შეინარჩუნონ იმ კვალიფიციურმა სუბიექტებმა, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი ცესკოში: ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, მრეწველები, კონსერვატორები, ლეიბორისტები, ჩვენ თვითონ, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია. ამ წინადადების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს აღნიშნული 7 კვალიფიციური სუბიექტი შეარჩევს და აქედან ერთ-ერთს თანამდებობაზე დანიშნავს პრეზიდენტი. დღეს მოქმედი წესით, პრეზიდენტი წარუდგენს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს ცესკოს ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად.
რაც შეეხება საოლქო და საუბნო კომისიებს, ამ დონეების კომისიებში კვლავ 13 წევრი დარჩება (საოლქოში მუდმივმოქმედი პრინციპით), საიდანაც 7 პარტიული, ხოლო 6 პროფესიული ნიშნით იქნება დანიშნული.
,,გარდა ამისა, საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებს, უფლებამოსილებები გაუფართოვდებათ. აქამდე მათ მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდათ. იყო შემთხვევები, როცა საჩივრებს არ არეგისტრირებდნენ, ახლა პარტიების წარმომადგენლებს ამის უფლება ეძლევათ, ეს ბევრს ნიუანსს შეცვლის’’, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ცესკოს და საოლქოს მუდმივი წევრობაც მომგებიანია: ,,ხელფასიანი თანამშრომელი თუ გეყოლება პარტიას, ცხადია ის მუდმივად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესებში და რა თქმა უნდა მეტად ინფორმირებულიც იქნება. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ის, რომ არჩევნებამდე ორ კვირაში ჩაერთოს შენი წარმომადგენელი მუშაობაში და მცირე დროში გაეცნოს ყველა სიახლეს’’.
წინადადება #3 – ამომრჩეველთა სიების ფორმირების წესი
მესამე წინადადების თანახმად, ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული პარამეტრების (ხელების ათივე თითის ანაბეჭდის ელექტრონული სურათის და ბიომეტრიული ფოტოსურათის) შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე უნდა მოხდეს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს უზუსტობები ან გაორებები სიებში.
წინადადება #4 - არჩევნების დღის პროცედურები
მეოთხე წინადადება არჩევნების დღის პროცედურებს ეხება და ითვალისწინებს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას. ასევე, ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას, ხმების დათვლის დროს ბიულტენების სკანირებას, რათა მათი ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იყოს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციისათვის.
ოლეგ სანდროშვილის თქმით, ხმის მიცემა და სიების ფორმირება ბიომეტრიული პასპორტების საშუალებით, გამორიცხავს უზუსტობებს საარჩევნო სიებში და ნაკლები ბერკეტები დარჩება მმართველ გუნდს გაყალბებისთვის ,,აღარ იქნება სიებში გაორებები, ,,მკვდარი სულები’’, ე.წ. კარუსელები საარჩევნო უბნებზე. ასევე კარგია ბიულეტენების სკანირება. ანუ, დაცვის ბევრი მექანიზმი იქნება და საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილებთ გაყალბებას’’.
წინადადება #5 - საარჩევნო დავების განხილვის სისტემა
პარტიები ასევე შეთანხმდენენ სარჩევნო დავების განხილვის ახალ სისტემაზე. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლო ასეთი დავების განხილვის ბოლო ინსტანცია იქნება და საქმეებს განიხილავს ერთი მოსამართლისაგან და ოთხი საარჩევნო მსჯულისაგან შემდგარი კოლეგია. მსაჯულებს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები დ არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ. პარტიებს ასევე ექნებათ მოსამართლეთა აცილების უფლება. დავებზე საბოლოო გადაწყვეტილებას კოლეგია ხმათა უმრავლესობით ანუ 3 ხმით მიიღებს.
ტექნიკური საკითხები უკვე გარკვეულია. არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების არსებითი განხილვა 1 დეკემბრიდან დაიწყება.
,,საარჩევნო გარემო იმდენად ზღუდავს ოპოზიციურ პარტიებს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია’’, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი და იმედოვნებს, რომ ძირითად საკითხებზე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ და მომდევნო არჩევნები სათანადო საარჩევნო გარემოში ჩაივლის.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი