სოფელი ქვემო სხვილისი |
საქართველოში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მეორე ეტაპი თითქმის დასრულდა. პროგრამის ფარგლებში მარტო ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის 540 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, ეს თანხა გასულ წელთან შედარებით, 270 ათასი ლარით არის გაზრდილი. გაზრდილ თანხასთან ერთად დაფინანსების პირობებიც შეიცვალა; 2009 წელს თითოეულ სოფელზე იყო ფიქსირებული 2 500 ლარი და პლუს ერთ სულ მოსახლეზე 5 ლარი და 50 თეთრი, რაც ჯამდებოდა. წელს კი 50 - დან 200 სულამდე ფიქსირებული თანხაა 4 ათასი ლარი, 200-დან 400 –მდე - 5 ათასი ლარი, 400 –დან 1000 სულამდე - 8 ათასი ლარი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ, ქვემო სხვილისში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1614 სულს შეადგენს, კომლი კი 445- ია.
2009 წელს სოფელი ქვემო სხვილისი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 11 658 ლარით დაფინანსდა, რაც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდა.
,,აღნიშნულ თანხას 11 658 ლარს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 200 ლარიც დაემატა, რათა სოფელში ბოლომდე დასრულებულიყო სამუშაო”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გაგა ივანიძემ.
წელს კი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” თანხამ 25 673 ლარი შეადგინა. როგორც გაგა ივანიძე ამბობს, ამ თანხით ისევ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდა.
ანუ გასულ წელს სოფელ ქვემო სხვილისში სასმელი წყლის მილები მთლიანად შეიცვლა. წელს კი სასმელი წყლის სათავე ნაგებობამდე სამკილომეტრიანი ხაზი გაკეთდა, რითიც მოსახლეობამ დამატებითი წყალი მიიღო.
,,კრანში” ცოტა წყალი მოდიოდა. ახალმა ხაზმა წყლის ნაკადი გაზარდა”, - აგვიხსნა ადგილობრივმა ნიკალაი მოვსესიანმა, რომელიც უკვე 47 წელია, წყლის სისტემის მოგვარებაზე ზრუნავს სოფელში.
როგორ განისაზღვრა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ქვემო სხვილისისთვის პრიორიტეტი და რა სჭირდებათ სოფლის მკვიდრებს – ამ კითხვებით სოფელ ქვემო სხვილისის მოსახლეობას მივმართეთ.
სოფლის ცენტრში, ეგრეთწოდებულ ,,ბირჟაზე” ხალხმრავლობაა. წამოიჭრა უამრავი პრობლემა:
- კარტოფილის გაყიდვა გვინდა.
- სარწყავი არხის გაყვანა და წყალია აუცილებელი.
- სათელსე კარტოფილით რომ დაგვეხმარონ, ან ახალი ჯიშები შემოგვაშველონ, ეს გვინდა.
- სოფლის შიდა გზები გაგვიკეთონ.
- ბუნებრივი გაზი შემოგვიყვანონ.
- ელექტროგაყვანილობა მთლიანად გამოსაცვლელია.
- სოფლის მეურნეობაში გვინდა დახმარება.
-
,,ახლა ამდენი ხალხი იცით, რატომ შემოგეხვიათ? ეგონათ, კარტოფილის ჩასაბარებლდად მოხვედით”, - მიხსნის ადგილობრივი ოგანეს აკოფოვი და ამატებს, რომ - ,,მოსახლეობის მთავარი პრობლემა კარტოფილის რეალიზებაა, თუმცა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ამიტომაც სხვა პრიორიტეტი დავსახეთ”.
თუ სად დასახეს პრიორიტეტი ოგანეს აკოფოვი და სოფლის ,,ბირჟაზე” მდგომი მისი თანასოფლელები - აბრამ მოვსესიანი, არტიომ ოვაკინიანი, ვალოდია არუთინიანი ვერ აკონკრეტებენ.
,,კრება არ ვიცით, არ ყოფილა. არაფერი არ გაგვიგია”, - ერთხმად ამბობენ ისინი.
ოფიციალურად ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიზანი სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, თუმცა სოფელ ქვემო სხვილისში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა განცხადა, რომ მათთვის არავის უკითხავს, რა გჭირდებათო.
,,მე თუ აზრს ვინმე მკითხავდა, არხის გაკეთებას მოვითხოვდი”, - გვითხრა ქვემო სხვილისის მკვიდრმა მისაკ ამბარცუმიანმა.
მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ. მათ ასევე აქვთ პრეტენზიები, რომ სოფელში შემოსული თანხის შესახებ ადგილობრივებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იხარჯება თუნდაც ერთი თეთრი.
ადგილობრივ ისაკ ამბარცუმიანს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შეახებ ინფორმაცია აქვს. თუ რა გაკეთდა ორი წლის განმავლობაში პროგრამით სოფელში, მან დაწვრილებით აგვიხსნა, თუმცა თანხებზე საუბარი არ ისურვა.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი