მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს აპროტესტებენ

საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გრძელდება. მოსწავლეები საატესტატო გამოცდების შემოღებას და რვა საგანში გამოცდის ჩაბარებას აპროტესტებენ. 

2011 წელს საქართველოში პირველად საატესტატო გამოცდები ,,CAT”-ის  სისტემით ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ ეს არის სისტემა, რომელიც ბავშვის ცოდნას უფრო ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებს. ატესტატის მისაღებად მეთორმეტე კლასის მოსწავლეს რვა გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ყველა გამოცდა კომპიუტერული სისტემით ჩატარდება.


მე-12 კლასის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ახალი სისტემით გამოცდის ჩაბარება გაუჭირდებათ, რადგან აქამდე მხოლოდ იმ საგნებზე იყვნენ ორიენტირებული, რომლებიც ეროვნული გამოცდებისთვის არის საჭირო. ამიტომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი ატესტატის მისაღებად მოსაწავლეები გამოცდას რვა საგანში ჩააბარებენ, მათთვის მოულოდნელი იყო. 

,,მეშვიდე კლასიდან არც საბუნებისმეტყველო საგნები და არც ისტორია და გეოგრაფია იმ დონეზე არ გვისწავლია, რა დონეზეც ახლა გვთხოვენ. ან საერთოდ უნდა მოიხსნას წელს გამოცდები, ან ჩატარდეს იმ დონეზე, რომელზეც ჩვენ შევძლებთ'', - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნინო ყავრელიშვილი.

ამავე სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი კი ამბობს, რომ საგამოცდო ტესტებში მხოლოდ ის მასალა იქნება, რომელიც ბავშვებმა წლების განმავლობაში ისწავლეს. 

,,გარკვეულ საგნებს სხვადასხვა კლასში გადიოდნენ. ბიოლოგია მეშვიდე კლასში დაიწყეს და მეთორმეტეში უკვე აღარ ისწავლებოდა, მერვედან შემოვიდა ფიზიკა, მეცხრე კლასიდან ქიმია და, შესაბამისად, მეთორმეტე კლასის ჩათვლით ისწავლება'', - გვიხსნის მაკა ჯანაშვილი.

მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე თამთა კაპანაძე ახალ სისტემას დადებითად უყურებს, თუმცა ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, ეს ადრევე სცოდნოდათ: ,,უმცროსკლასელებმა უკვე იციან, რომ გამოცდა რვა საგანში უნდა ჩააბარონ და ყველა საგანს ერთ დონეზე ისწავლიან''.

საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში ე.წ. `აბიტურის საათები~ გამოიყო. ,,აბიტურის საათები” ყველა იმ საგნისთვისაა გათვალისწინებული, რომელშიც საატესტატო გამოცდა ჩატარდება. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართული სკოლებისთვის – ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხო ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია და ბიოლოგია.

,,აბიტურის საათები” დაემატა, მაგრამ არანაირი მითითება არ მიგვიღია, როგორ უნდა ჩააბარონ ბავშვებმა გამოცდა. უბრალო, მოსამზადებელი ტესტები მაინც, რომ ყოფილიყო, რა სტილით ჩატარდება გამოცდები, უფრო დაგვეხმარებოდა'', - ამბობს ახალციხის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კაკაჩიშვილი.

მოსწავლეები ამბობენ, რომ ერთი წელი საკმარისი არ არის საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

,,გარკვეულ საგნებში, რაც ტრიმესტრულად ვისწავლეთ, მართლა გაგვიჭირდება გამოცდის ჩაბარება. `აბიტურებში~ სამი წლის მასალა უნდა გავიაროთ და ვერ მოვასწრებთ. გამეორებისთვის დრო ძალიან მცირეა, მასალა კი ძალიან ბევრი'', - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მირანდა გურგენიძე.

2010-2011 წლის საატესტატო გამოცდები თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს და პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და მას `ოროსნების რევოლუცია~ უწოდა. 
მაკა ჯანაშვილის თქმით, ის, რომ ასამდე მოსწავლე გამოვიდა და გამოცდებს აპროტესტებს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ასეთი მოსაზრება აქვს.

,,55 ათასამდე მოსწავლე ამთავრებს წელს საჯარო სკოლებს და მათში ალბათ ისეთებიც იქნებიან, ვისაც არ უნდა საატესტატო გამოცდები. მაგრამ დიდი ნაწილი, თითქმის 95% საკმაო პასუხისმგებლობით ეკიდება''.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი კი ამბობს, რომ საატესტატო გამოცდის შემოღებით მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდებიან: ,,ბოლო წლების საგანმანათლებლო სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ ბავშვები კონცენტრირებული იყვნენ სამი-ოთხი საგნის მომზადებაზე და, ფაქტობრივად, სკოლას ფუნქცია ჰქონდა დაკარგული''.

მოსწავლეთა პროტესტის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საატესტატო გამოცდების ჩატარება გარდაუვალია: ,,გამოცდები იქნება საკმაოდ ადვილი და ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში განათლების ხარისხი იყოს მაღალი''.

თამარ თოთაძე, ახალციხე   

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი