ფიზიკურ პირებს, მრიცხვველის მონაცემების მიხედვით წყლის საფასურის გადახდა მიმდინარე თვიდან შეუძლიათ. მოსახლეობას ქვითრები უკვე დაურიგდა. თუმცა, მათი ნაწილი არასწორადაა შედგენილი.
ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის #32-ში მცხოვრებ ვანდა ლაცაბიძის ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება. წყლის ქვითარში კი უფრო მეტი ადამიანია დაფიქსირებული, ვიდრე ოჯახში ცხოვრობს.
,,წყლის ქვითარი შვიდ სულზე მოგვივიდა. ადრე ჩემი მამამთილი ცხოვრობდა, რომელიც წლებია გარდაიცვალა და შეიძლება ქვითარში ისიც გათვალისწინებულია’’, - ამბობს ვანდა ლაცაბიძე.
ვანდა ლაცაბიძისგან განსხვავებით, ქვითარი საერთოდ არ მოსვლია პაატა ნათენაძის ქუჩის #25-ში მცხოვრებ ლია მაღრაძეს.
,,ოცი წელია ამ სახლში ვცხოვრობ. წყლის ქვითარი ყოველთვის ინკასატორს მოჰქონდა და გადასახადს ორ სულზე ვიხდიდი. წელს, უკვე ოცი ლარი გადავიხადე, მაგრამ ერთი-ორი თვეა, რაც ინკასატორი აღარ მოსულა და ახალი ქვითარიც არავის მოუტანია’’, - ამბობს ლია მაღრაძე და ამატებს, რომ თუ ქვითარი არ მოუვიდა წყლის გადასახდს ვერ გადაიხდის და შესაძლოა მომავალ თვეს ჯარიმის გადახდა მოუწიოს.
13 ადამიანია დაფიქსირებული ამავე ქუჩაზე მცხოვრებ მანანა იაძის ორწევრიანი ოჯახის ქვითარშიც.
,,ამ ეზოში სულ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ, მაგრამ წყლის ქვითარი მარტო ორ ოჯახს მოგვივიდა. მე 13 სულზე, ხოლო მეზობელს შვიდ სულზე. ორივე ქვითარი არასწორადაა შედგენილი. ამდენი ადამიანი მთელ ეზოში არ ვცხოვრობთ’’, - ამბობს მანანა იაძე, რომელიც ოჯახში მხოლოდ შვილთან ერთად ცხოვრობს და ჩაწერილიც არავინ ჰყავს.
,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’სამცხე-ჯავახეთის ფილიალში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ იციან, თუმცა მისი მოგვარება არ შუძლიათ.
აღნიშნულ კომპანიასა და საქართველოს სამოქალაქო რეესტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რის საფუძველზეც ,,საქართველოს წყალმომარაგების კომპანიას’’ ოჯახებში რეგისტრირებული პირების შესახებ მონაცემები გადაეცა.
,,პრობელმის შემთხვევაში მოსახლეობამ სამოქალაქო რეესტრის ახალციხის სამსახურს უნდა მიაკითხოს და ოჯახში დამატებით დაფიქსირებული პირების ამოწერა უნდა მოხდეს’’, - ამბობს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გია ბაგინაშვილი.
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ახალციხის სამსახურში ამბობენ, რომ წყლის ქვითრებში დაფიქსირებული მოსახლეობის არასწორი რაოდენობის გამო მოქალაქეები ხშირად აკითხავენ.
მოსახლეობას უფლება აქვს წყლის ქვითრებში ზედმეტი სულების დაფიქსირების შემთხვევაში მათი ამოწერის შესახებ განცხადება დაწეროს, თუმცა ეს მხოლოდ ბინის მესაკუთრეებს შეუძლიათ, რომლებმაც სამოქალაქო რეესტრში საკუთარი ბინის საბუთები უნდა წარმოადგინონ.
ახალციხეში წყალზე ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2009 წლის ივლისიდან დაიწყო. იურიდიულ პირები მრიცხველის მონაცემების მიხედვით წყლის საფასურს უკვე ორი თვეა, იხდიან.
ფიზიკურმა პირებმა მრიცხველის მონაცემების მიხედვით წყლის გადასახადის გადახდა ნოემბრის თვიდან დაიწყეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველი საბოლოოდაა დალუქული.
შეიცვალა წყლის ტარიფიც. ახალი ტარიფის მიხედვით იურიდიული პირები ერთ ტონა წყალზე 4,30 ლარს გადაიხდიან, ხოლო ფიზიკურ პირებს ერთ სულ მოსახლეზე 27 თეთრის გადახდა მოუწევთ.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი