სატრანზიტო ქვესადგური ახალციხეში

 500 -კილოვატიანი ქვესადგური ამ საძოვრებზე აშენდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 500 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იწყება. მისი საშუალებით საქართველოში გამომუშავებულ ჭარბ ელექტროენერგიას თურქეთში გაიტანენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან, ჰარალოს ტერიტორიაზე, მესამე კვირაა კომპანია ,,ჯეოენჯინიერი’’ გეოტექნიკურ კვლევებს აწარმოებს.

,,მშენებლობისათვის შერჩეული ტერიტორიის წინასწარ კვლევას ერთ კვირაში დავასრულებთ’’, - ამბობს ინჟინერ-გეოლოგი დავით სირბილაძე.

500/400/220 კვ ქვესადგური ზიკილიაში ,,შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის’’ ფარგლებში შენდება. პროექტის ერთ-ერთი ნაწილი სამხრეთ საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დასრულება იქნება. ხაზი ახალციხის გავლით გარდაბანსა და ზესტაფონს დააკავშირებს. ამასთან ერთად, ახალციხიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი ხაზი მოეწყობა.


დღეისათვის საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია ჰიდრორესურსებითა და ბუნებრივი საწვავით ხდება. პროექტი ელექტროენერგეტიკის მთლიანად ჰიდრორესურსებზე გადაყვანასა და რეგიონის მოკავშირე ქვეყნებში ელექტროენერგიის იმპორტს ითვალისწინებს.

,,ჩვენი სტრატეგიული ნედლეული წყალია. საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალი თითქმის 15 ათას მეგავატს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია საქართველოს მდინარეებზე ჰიდროელქტრო სადგურები გავაშენოთ’’, - ამბობს ენერგო-პრო-ჯორჯიას ახალციხის მომსახურების სერვის ცენტრის მენეჯერი ზურაბ მამუკაშვილი.

პროექტს საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა ახორციელებს. იგი, თავისი შვილობილი კომპანია `ენერგოტრანსის~ საშუალებითა და საერთაშორისო ტენდერში შერჩეულ ტექნიკურ კონსულტანტებთან ერთად, დააპროექტებს და მოაწყობს ელექტრო გადამცემს. ,,ენერგოტრანსი’’ არსებული ხაზის მფლობელია და მთელი ხაზიც მისსავე საკუთრებაში იქნება.

ზიკილიაში მცხოვრებთა უმრავლესობამ, მათ სოფელთან ახლოს დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ბევრი არაფერი იცის.

,,არაფერი ვიცი, ამბობენ ქვესადგური შენდებაო. აქ თუ ამხელა დენი იქნება და ხაზებსაც გაჭიმავენ, საშიშია. ეს ახალ დაავადებებსაც გააჩენს. მაგრამ თუ უკვე მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენ ვინ რას დაგვეკითხება?!’’- კითხულობს გულნაზი გაჩეჩილაძე.

ქვესადგური 100-კომლიანი სოფლიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით მოეწყობა. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი თხა და ცხვარი, ასევე საქონელი ბალახობს.

,,სოფელში ალბათ საქონლის რაოდენობა შემცირდება. საკმარისი საძოვრები არც ადრე გვქონდა და გამოდის, რომ არც ამ ქვესადგურის აშენების შემდეგ გვექნება’’, - ამბობს გიგლა გაჩეჩილაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გემგებლის თანაშემწის ალექსანდრე კოსტანიშვილის განცხადებით, ჰარალოს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და `ენერგოტრანსს~ უკვე გადაეცა:,,9-10 ჰექტარი ერთი პირის საკუთრება იყო და მას კომპენსაცია უკვე აუნაზღაურდა’’.

ზიკილიაში ქვესადგურის მშენებლობის დაწყებამდე, ადგილობრივები სოფელში ორი თვის წინ გაკთებული გზის ნგრევაზე უფრო მეტად წუხან.

,,მძიმეწონიანი მანქანები დაჰყავთ, ვიწრო გზაა და ინგრევა. 11 ათასი დაიხარჯა მის გასაკეთებლად სოფლის დახმარების პროგრამით და ახლა თუ გააფუჭეს ვინღა გაგვიკეთებს ამას?!’’ - კითხულობს გიგლა გაჩეჩილაძე.

ზიკილიელებს, როგორც თავად ამბობენ, ქვესადგურის მშენებლობაზე დასაქმებას არავინ დაპირებია, თუმცა, სოფელში დასაქმების მოლოდინი მაინც აქვთ.

,,არავინ არაფერს დაგვპირებია, მაგრამ მშენებლობა, რომ დაიწყება ალბათ დაგვასაქმებენ’’, - ამბობს ბესიკ გასიშვილი.

ზურაბ მამუკაშვილის განმარტებით, ჰარალოს ტერიტორიაზე დიდი მოცულობის სამუშაოები იქნება შესასრულებელი, ამდენად არაერთი ადგილობრივი დასაქმდება. რაც შეეხება სოფელში გზის დაზიანებას, მალე იმ ადგილამდე, სადაც ქვესადგური უნდა აშენდეს რკინა-ბეტონის გზა მივა: ,,სხვანაირად მძიმეწონიან დანადგარებს იქ ვერ აიტანენ’’.

მისი თქმით, პროექტის მშნებლობის დასრულება 2016 წლისთვისთვის იგეგმება: ,,ამ დროისათვის საქართველოში 80-90 ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული. მათ შორის ორის - ფარავან ჰესისა და მტკვარი ჰესის მშნებლობა ჩვენს რეგიონში უკვე მიმდინარეობს’’.

მამუკაშვილის განცხადებით, რეგიონში დასასაქმებელი კადრების პრობლემა სწორედ 2016 წლის, ანუ მშენებლობების დასრულების შემდეგ გაჩნდება: ,,ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ქვესადგურსაც და ჰესებსაც მომსახურე პერსონალი სჭირდება. ჩვენთან კი ენერგეტიკოსების დეფიციტია. ქვესადგურში 70-მდე კაცი მუდმივად დასაქმებული იქნება, თუმცა, კადრები არ გვყავს. ამიტომ შესაძლოა, პროექტის ფარგლებში რეგიონში ენერგეტიკული სასწავლებელიც კი გაიხსნას’’.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მნიშვნელობაც იზრდება.

,,ითვლება, რომ ელექტრომაგნიტური ველი ლეიკემიას ან სხვა დაავადებებს
იწვევს, ამიტომ ნებისმიერი პირი დაცული იქნება ჯანმრთელობის რისკებისგან. ხაზიდან 30 მ-ის რადიუსში მცხოვრები პირები გადასახლებულნი იქნებიან სხვა საცხოვრისში, რომელიც წინაზე უარესი არ იქნება, ან მიიღებენ მისი რეალური საბაზრო ფასის შესაბამის კომპენსაციას’’- წერია ,,შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის’’ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების არატექნიკურ რეზიუმეში.

აქვეა აღნიშნული, რომ ძლიერი ქარის ან მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა ანძები წაიქცეს: ,,ძაბვის ქვეშ მყოფ კაბელს შეუძლია
დააზიანოს ადამიანი ან პირუტყვი, რომლებიც მას შეეხებიან; ამას გარდა,
ვარდნისას ანძას შეუძლია სიახლოვეს მყოფი ადამიანების და პირუტყვის
დაზიანება. ყველა თემს განემარტება, თუ როგორ უნდა მოიქცეს ანძის წაქცევის ან კაბელის ჩამოვარდნის შემთხვევაში’’.

რადგან ქვესადგური სოფლიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით მოეწყობა, ზიკილიელებს კომპენსაციის სანაცვლოდ საცხოვრებელი ადგილების დატოვება არ მოუხდებათ. თუმცა, ხაზი ახალციხიდან თურქეთამდე რა გიზით მივა, ჯერ ზუსტად ცნობილი არაა. რამდენად დიდ საფრთხეებს შექმნის ახალი პროექტი, ან რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ეს 2016 წლის შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი მოსახლეობა მშენებლობის დაწყებას დასაქმების იმედით დაელოდება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი