ჟურნალისტური მისია სამცხე-ჯავახეთში

 19-22 ნოემბერს რვა ჟურნალისტი, საქართველოს მასმედიის სხვადასხვა საშუალებებიდან, ,,გოუ ჯგუფის” ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყოფას, მოსახლეობასა და პრობლემებს გაეცნო.

ჟურნალისტები,  ,,გოუ ჯგუფის” დირექტორთან და მთავარ რედაქტორთან მარგარიტა ახვლედიანთან ერთად ქალაქ ნინოწმინდაში სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის დამაკავშირებელი ახლადგახსნილი გზით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი ჟურნალისტებისთვის რეგიონის გაცნობა იყო.
 

,,საქართველო დღეს ზღვას გავს ბევრი კუნძულებით, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. ერთი ასეთი კუნძული სამცხე-ჯავახეთია. ჩვენ დავდივართ, ხალხს ვხვდებით, შემდეგ კი ჟურნალისტები ამის შესახებ სტატიებში წერენ, რადიო და ტელერეპორტაჟებს აკეთებენ. ამ ყველაფერს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე კითხულობს, უსმენს და უყურებს. ეს ერთადერთი საშუალებაა ერთმანეთს გავუგოთ, არ გვეშინოდეს, არ გვძულდეს, არამედ ვიცნობდეთ ერთმანეთს'', - ამბობს მარგარიტა ახვლედიანი.

ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო.

დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ახალქალაქშიც ჩატარდა.

მისია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭოს წარმომადგენლებსაც შეხვდა.

21 ნოემბერს, ჟურნალისტები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სამსარში გაემგზავრნენ. მათ 2005 წელს სამსარის ეკლესიის გამო მომხდარი კონფლიქტის დეტალები აინტერესებდათ.

22 ნოემბერს მისიის წარმომადგენლები ახალციხეში თურქ-მესხებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის” წევრებს შეხვდნენ.

სამცხე-ჯავახეთში   ,,გოუ ჯგუფის” ორგანიზებული მორიგი ჟურნალისტური მისია ამით დასრულდა. მსგავსი მისიების განხორციელება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

2010 წლის ოქტომბერში ჟურნალისტთა ასეთივე მისია ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრა.


ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი