გენდერული თანასწორობა ანუ ,,კავკასიური მენტალიტეტი''


რამდენმა ახალქალაქელმა ქალბატონმა იცის თავისი უფლებები? ვინ არის სახლში უფროსი? როგორია მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალის ცხოვრება და რას ფიქრობენ ისინი?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოჯახებში, ტრადიციულად, ქალების ფუნქციები და როლი მკაცრად განსაზღვრულია. ქალთა და მამაკაცთა უფლებები მკვეთრად განსხვავდება. მათი სოციალური როლი განსაზღვრულია არა მხოლოდ ოჯახში, არამედ საზოგადოებასა და პოლიტიკაშიც.


ახალქალაქიდან შორს მდებარე სოფლებში ქალთა სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ქალები იძულებული არიან ფიზიკური საქმე მამაკაცის მხარდამხარ აკეთონ. უმეტეს შემთხვევებში კი, მთელი სამეურნეო საქმიანობა მათ ზურგზე გადადის, რადგან მამაკაცები ამ დროს საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასულნი.

ვერონიკა ეროიანი სოფელ ალასტანის სკოლის მასწავლებელია. იგი 34 წლისაა და სამი შვილი ჰყავს. მისი დედამთილი მოხუცია, შესაბამისად, მთელი საქმის კეთება ვერონიკას უხდება.

,,სკოლის შემდეგ ბავშვებს ვამეცადინებ, თავადაც ვემზადები, შემდეგ ოჯახური საქმეები – სადილი, სარეცხი, საღამოს ძროხებია მოსაწველი და მინდორში სამუშაოც მელოდება, დრო არ მყოფნის. ჩვენს სახლში მთავარი სიტყვა მხოლოდ ბავშვების აღზრდის საქმეში მეთქმის, დანარჩენ საკითხებს კი, რა უნდა დავთესოთ, რამდენი მიწა დავამუშაოთ, რა და სად დაიხარჯოს, რა შევიძინოთ – ყველაფერს მამაკაცები წყვეტენ'', - ამბობს იგი.

ქალბატონთა უმრავლესობა ასეთ მდგომარეობას უკვე შეეჩვია. ისინი მძიმე ცხოვრებას უჩივიან, მაგრამ არავის ადანაშაულებენ და ყველაფერს ისე იღებენ, როგორც ტრადიციას.

,,სოფელში ქალის ცხოვრება ძალიან მძიმეა, კარტოფილი უნდა დარგო, ძროხები მოწველო. რასაკვირველია, რთულია, მაგრამ მამაკაცებსაც თავიანთი საქმე აქვთ, თუ დრო რჩებათ, გვეხმარებიან. სახლში მთავარი მამაკაცია, ეს კავკასიური ტრადიციაა. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით მამაკაცებს, ასე სჯობს თუ ისე, ხანდახან მხარსაც გვიჭერენ'', - ამბობს სოფელ ბარალეთის მცხოვრები, 38 წლის მილანა მერაბიშვილი.

სოფელ ბარალეთის მკვიდრი ასმიკ არზუმანიანი მიიჩნევს, რომ სოფელში მცხოვრები ქალების მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება ქალაქელი ქალების მდგომარეობისაგან.

,,მონები არ ვართ, მაგრამ კავკასიელის სახლში მთავარი ყოველთვის მამაკაცია'', - ამბობს ასმიკ არზუმანიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის'' წელს არჩევნებამდე სოფლებში ქალბატონების სოციალური მდგომარეობისა მონიტორინგი ჩაატარა. 

,,სოფლებში ქალები ჩივიან, რომ სამუშაო ადგილები და ფული არ არის და ყველგან პატრიარქატია. თავიანთი უფლებების შესახებ არაფერი იციან. ისინი აქტიურები არ არიან, არჩევნებზე საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა და შესაბამისად არც იღებენ მონაწილეობას'', - ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაზელი დემურჩიანი.

ნაზელი დემურჩიანს არსებული გენდერული უთანასწორობის გამოსწორებას შეეცადა. მან ბოლო არჩევნებზე ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატობაზე იყარა კენჭი, მაგრამ სახელისუფლებო სტრუქტურაში არც ამჯერად აღმოჩნდა ქალბატონისთვის ადგილი.

სტერეოტიპების ანუ ,,კავკასიური ტრადიციების''  რღვევას ბევრი არასწორად მიიჩნევს.

,,თანამდებობა, მაგალითად, დეპუტატის სკამი ქალბატონს არ შეეფერება. ქალმა სადილამდე უნდა იმუშაოს, შემდეგ კი სახლის საქმეს მიხედოს. ყველაზე მეტი, რაც ქალმა შეიძლება გააკეთოს, მასწავლებლად ან მედდად მუშაობაა, რათა დღის სამი საათის შემდეგ უკვე სახლში იყოს'', - ამბობს სოფელ ალასტანის დაახლოებით 25 წლის მცხოვრები ანი გაბრიელიანი.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი