იმიტირებული სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში. |
საქართველოს პროკურატურა პროექტს ,,საზოგადოებრივი პროკურატურა’’ მეორე წელია ახორციელებს. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნის პრობლემების გათვალისწინება და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
,,პროექტის ფარგლებში სკოლებში იმიტირებული პროცესები, ინტელექტუალური თამაშები, გამწვანების აქცია და სხვა ანალოგიური ღონისძიებები ჩავატარეთ. ეს პროცესიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა’’, - ამბობს ახალციხის რაიონული პროკურორი ბესიკ ბექაური.
პირველად იმიტირებული სასამართლო პროცესი გასულ წელს პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა. ამჯერად კი ანალოგიურ პროცესში მონაწილეობას ახალციხის მეექვსე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.
,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, ვინ არიან და რა უფლებები აქვთ მათ’’, - აცხადებს ბესიკ ბექაური.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეებს რამდენიმე დღით ადრე კაზუსები დაურიგდათ. დაცვის მხარეს მეხუთე საჯარო სკოლა, ხოლო ბრალდების მხარეს მეექვსე საჯარო სკოლა წარმოადგენდა.
,,მოსწავლეებმა ყველაფერი თვითონ მოამზადეს. ჩვენ მხოლოდ კაზუსები დავურიგეთ და გარკვეული მითითებები მივეცით, რომ მოემზადებინათ შესავალი სიტყვა, რის შემდეგადაც უნდა დაეკითხათ მოწმეები. ანალოგიური მითითება მივეცით დაცვის მხრესაც’’, - საუბრობს ახალციხის რაიონული პროკურორი.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა იურიდიული დხმარების სამსახურმაც მიიღო. დაცვის მხარე აღნიშნულმა სამსახურმა, ხოლო ბრალდების მხარე პროკურატურამ მოამზადა.
,,ბავშვებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ეს პროცესი დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს”, - ამბობს იურიდიული დახმარების სამახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე.
ნაფიცი მსაჯულთა მხარეს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ.
,,მონაწილეობა პირველად მივიღე. ახლა გავიგე ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. სახალისო იყო, თუმცა ცოტა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა’’, - ამბობს სტუდენტი თამთა ღვიტიძე.
ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ იმიტირებულ პროცესში მონაწილე ბავშვებისთვის წამახალისებელი საჩუქრები და სიგელები მოამზადა.
,,თვის ბოლოს დავგეგმავთ ექსკურსიას, სავარაუდოდ, ვარძიაში. წავიყვანთ ყველა მონაწილეს და სიგელებს იქ გადავცემთ. ასევე გამოვავლენთ საუკეთესო ადვოკატს და პროკურორს’’, - ამბობს ბესიკ ბექაური.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი