რა დახმარება ეკუთვნის მოსახლეობას

სოციალური დახმარების შესახებ მოქალაქეთა კითხვებს ადგილობრივი და სახელმწიფო სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები პასუხობენ.

,,დემოკრატ მესხთა კავშირმა’’ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების სააგენტოსა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელების არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ მასმედიასთან შეხვედრა მოაწყო. შეხვედრამდე კი კავშირმა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეთა კითხვების მიიღო და სისტემატიზაცია მოახდინა.

პირველი საკითხი, რომელიც უბრალო მოქალაქეთა უმრავლესობას აინტერესებდა, მარტოხელა დედების დახმარების თემა იყო.


,,მარტოხელა დედების შვილები, იმავე უფლებებით სარგებლობენ, რითიც ობლები, რომელთაც ერთ-ერთი მშობელი დაკარგეს. მარტოხელა დედებისთვის სხვა შეღავათები და პენსია არ არი ს”, - პასუხობს სოციალური დახმარების სააგენტოს ახალქალაქის განყოფილების ხელმძღვანელი არტაშ ფალანჯიანი.

კითხვები ობოლ ბავშვთა დახმარების საკითხსაც შეეხო.

,,თუ ბავშვს დედა ან მამა გარდაეცვალა, იგი პენსიას მიიღებს. ამ შემთხვევას გარდაცვლილი მარჩენალის დახმარება ეწოდება. განქორწინებული მშობლების შვილს ან მათ, რომელთაც ქორწინების ოფიციალური მოწმობა არ ჰქონდათ, დახმარება არ ეკუთვნით’’, - განმარტა არტაშ ფალანჯიანმა.

შეხვედრაზე ასევე დაისვა სოციალურად დაუცველი ფენის განსაზღვრის მეთოდიკის საკითხიც. არტაშ ფალანჯიანის თქმით, აგენტის მიერ დეკლარაციაში გაკეთებულ ჩამონათვალს ამუშავებს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ქონებას ქულებად აქცევს. რაც მეტი ქულაა, მით მეტი ქონება აქვს ოჯახს.

,,საბჭოთა ტელევიზორი და მაცივარი არ გაითვალისწინება. დეკლარაციაში იწერება პლაზმური ტელევიზორი, ასევე, იმპორტული ელექტრომოწყობილობები. რაც შეეხება საჩუქრებს, თუ ოჯახმა საჩუქრად კომპიუტერი ან პლაზმური ტელევიზორი მიიღო, მას უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, ვინ რა აჩუქა. ვთქვათ, თუ პრეზიდენტის ფონდმა გადასცა კომპიუტერი, როგორც სკოლის საუკეთესო მოსწავლეს. ეს საჩუქარი აუცილებლად დოკუმენტურად უნდა დაფიქსირდეს’’, - განმარტავს არტაშ ფალანჯიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, შრომისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სისაკ ავაკიანმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული სოციალური დახმარებების სია წარმოადგინა. წელს დახმარებების ოდენობა ბიუჯეტში 235 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. აქედან დღეისთვის 70 ათასი ლარია დარჩენილი.

,,მოსახლეობის 90% გასაჭირშია. ჩვენ სოციალური უზრუნვველყოფის სამსახურის მონაცემებს ვეყრდნობით. კომისია ამოწმებს, ამა თუ იმ ოჯახს დახმარება მართლა სჭირდება თუ არა. არსებობს დიდი სამამულო ომის მონაწილეთათვის დაკრძალვის დახმარება. საბავშვო ბაღებისთვის, მკურნალობისთვის, კომუნალური ხარჯებისთვის. ასევე 100 ლარი გადაეცემა ახალდაბადებული ბავშვის მშობლებს’’, - განაცხადა სისაკ ავაკიანმა.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი                

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი