უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება შესაძლოა ფასიანი გახდეს. სიახლე ძალაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შევა.
უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში 2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ხელისუფლების განცხადებით, სახელმწიფო ამ მიმართულებით პოლიტიკას არ შეცვლის, თუმცა როგორც ოპოზიციური პარტიის ნაწილი ამტკიცებს, იანვრიდან სასწრაფო დახმარების გამოძახება ფასიანი ხდება.
,,2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის ხარჯები 29 მილიონიდან 15 მილიონ ლარამდეა შემცირებული. ეს მოტივირებულია იმით, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებული 13 მილიონი ლარი გადატანილია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბიუჯეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან სასწრაფო გამოძახება ფასიანი გახდება,'' - ამბობს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე.
ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს, ,,03'' -ს, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტო აფინანსებს, რომელიც მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს უქმდება. ვინ გააგრძელებს აღნიშნული სამსახურის დაფინანსებას და გახდება თუ არა ,,03'' -ს გამოძახება ფასიანი, ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დირექტორი, კოსტანტინე დგებუაძე არ ფლობს.
,,ამის შესახებ არავის გაუფრთხილებივართ, შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. ამ დღემდე სასწრაფო დახმარების გამოძახება უფასოა'', -ამბობს კოსტანტინე დგებუაძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტს სამი სამედიცინო ბრიგადა ემსახურება. აქედან ორი ახალციხეში, ხოლო ერთი ქვესადგური ვალეშია განთავსებული. ახალციხის დაქვემდებარებაშია სამი მანქანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 12 ექიმი, 12 მედდა, 12 მძღოლი და 4 დისპეჩერი უზრუნველყოფს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოველთვიური დაფინანსება შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული.
,,ყოველი თვის პირველ რიცხვში წარვადგენთ წინა თვის შესრულებულ სამუშაოს, ანუ რაში დაიხარჯა თანხა და რამდენი. ამის შემდეგ სააგენტო ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხავს მითითებული ოდენობის თანხას'', - განმარტავს ,,03''-ის დირექტორი. მისი თქმით, თანხა ძირითადად საწვავში, მედიკამენტებში, მანქანების სათადარიგო ნაწილებში, საკანცელარიო ნივთებში და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება.
ის ფაქტი, რომ პირველი დეკემბრიდან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტო უქმდება, რომელიც ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აფინასებს, მოსახლეობის თქმით, ნიშნავს იმას რომ ,,03''-ის გამოძახება ნამდვილად ფასიანი ხდება.
,,არ არის გამორიცხული, რომ სასწრაფო დახმარება ფასიანი გახდეს. თან უქმდება ის სააგენტო, რომელიც თურმე სასწრაფო დახმარებას აფინანსებს და როგორც გავიგეთ, 2011 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისთვის განკუთვნილი თანხები გასულ წელთან შედარებით შემცირებულია'', - ამბობს ადგილობრივი ლიანა გიქოშვილი.
სასწრაფო დახმარებას ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახები იძახებენ. ,,03''-ის დირექტორის თქმით, დღე-ღამეში დაახლოებით 30 გამოძახებაა, აქედან უმრავლეს შემთხვევებში დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახები ითხოვენ.
,,ხშირად ვხდები ცუდად, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ხშირად მიწევს. თუ მართლა ფასიანი გახდა სასწრაფო დახმარება, გამოდის რომ ვეღარ გამოვიძახებ. ექიმთან წასასვლელი ფული რომ არ მაქვს, იმიტომ ვიძახებ სასწრაფო დახმარებას'', -ამბობს ლუსინე ამბარცუმიანი.
სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ფულის გადახდას არც კონსტანტინე დგებუაძე ეთანხმება: ,,ძირითადად სასწრაფო დახმარებით ის ოჯახები სარგებლობენ, რომლებსაც არ აქვთ წამლის, ექიმთან მისასვლელი და ელემენტარული ტრანსპორტის ფული. ეს ახალი ინიციატივა კი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს''.
მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ვარაუდი არ გამართლდება და მომავალში უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით სარგებლობას ისევ შეძლებენ.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი